ცნობილი როკ ბენდის, Foo Fighters-ის დრამერის, ტეილორ ჰოკინსის მოულოდნელ გარდაცვალებას ინგლისელი პოპვარსკვლავი, ელტონ ჯონი აიოვას შტატის ქალაქ დე მოინში გამართულ კონცერტზე გამოეხმაურა და ჰოკინსის ხსოვნის პატივსაცემად თავისი სიმღერა Don’t Let the Sun Go Down on Me შეასრულა.
• Foo Fighters-ის დრამერი, ტეილორ ჰოკინსი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა
ტეილორ ჰოკინსი 25 მარტს კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში ვიზიტისას სასტუმროში გარდაიცვალა. Foo Fighters-ს იქ ფესტივალში Estéreo Picnic უნდა მიეღო მონაწილეობა.
ელტონ ჯონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას ხუთი გრემისა და ორი ოსკარის ჯილდო აქვს მოპოვებული. 350 მილიონი გაყიდული ჩანაწერით მუსიკოსი მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტად ითვლება. შემსრულებელმა 2018 წლის სექტემბერში უკანასკნელი ტურნე დაიწყო, რომელიც 2023 წელს დასრულდება. პოპვარსკვლავი თაყვანისცემლებს სწორედ ამ პროექტით დაემშვიდობება. ელტონი 2018 წელს საქართველოსაც ესტუმრა და Black Sea Arena-ზე ორი კონცერტი გამართა.