Imagine Dragons მთვარიდან სიმღერის ტრანსლირების სიურრეალისტურ გამოცდილებაზე საუბრობს

ამ კვირას ჯგუფისა და ლოს-ანჯელესის კინოორკესტრის ერთობლივ კონცერტზე გადაღებული დოკუმენტური ფილმიც გამოვა.
Imagine Dragons
Eric Ray Davidson

თამამად შეიძლება ითქვას, რომ Imagine Dragons-ის წევრები „მთვარეზე არიან” მათი ახალი ფილმის, Imagine Dragons: Live From the Hollywood Bowl-ის გამოსვლასთან დაკავშირებით, რომლის საპრემიერო ჩვენებებიც 26 და 29 მარტს შედგება. რეალურად კი, ბენდის მუსიკა პირდაპირი მნიშვნელობით მთვარეზეა. 

5 მარტს Imagine Dragons-ის Children of the Sky, რომელიც ჯგუფმა ინონ ზურთან თანამშრომლობით 2023 წლის ვიდეოთამაშ Starfield-ისთვის შექმნა, „ათენას” მიამაგრეს – ხომალდს, რომელიც კოსმოსურმა სტარტაპმა Lonestar Data Holdings დედამიწიდან მთვარეზე გაგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ მთვარეზე უკვე არაერთი მუსიკალური კომპოზიციაა გაგზავნილი, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა სიმღერის ტრანსლაცია მთვარიდან უკან, დედამიწაზე უნდა მომხდარიყო. 

Imagine Dragons-ის გიტარისტი უეინ სერმონი ჯერ კიდევ ეიფორიაშია იმით, რომ Children of the Sky-მ მშობლიურ პლანეტაზე დაბრუნება მოახერხა. „აქ ვიყავი და მისიას „იუთუბის” ლაივში ვუყურებდი. ძალიან მაინტერესებს კოსმოსური აღმოჩენები და თვალს ვადევნებ ყველაფერს, რასაც „ნასა” აკეთებს. მოხიბლული ვარ ასეთი რაღაცებით და ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი „კი” იყო, რაც კი ოდესმე გვითქვამს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოვლენები ცოტა გართულდა, მაგრამ „ათენამ”  მაინც მოახერხა რამდენიმე რამის გაკეთება და ერთ-ერთი მათგანი ჩვენი სიმღერის ტრანსლირება იყო. ბედნიერები ვართ, რომ ამის ნაწილი ვიყავით. ეს სიგიჟეა.”

სერმონის თქმით, მისთვის კიდევ ერთი არაამქვეყნიური გამოცდილება ფილმის გადაღება იყო. 2024 წლის 27 ოქტომბერს ოთხი შოუდან ბოლო კონცერტი ბენდმა ლოს-ანჯელესის კინოორკესტრთან ერთად დაუკრა, რომელსაც ინონ ზური დირიჟორობდა. 

„Hollywood Bowl-ის შოუები ჩვენი ტურნეში ყოფნის დროს დაიგეგმა. უბრალოდ ვგრძნობდით, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. სრულად გავყიდეთ ოთხი შოუ, რაც სიგიჟე იყო და უკვე ჩანდა, რომ ეს განსაკუთრებული გამოცდილება იქნებოდა. ამიტომ ვიფიქრეთ, ხომ არ ვცადოთ და კონცერტი ორკესტრთან ერთად გავაკეთოთ.” ჯგუფმა ზურს სიმღერების გაორკესტრება სთხოვა, რაც საბოლოოდ რამდენიმე კომპოზიციიდან სრულ, 22-სიმღერიან პროგრამაზე გავრცელდა. 

„ზურისგან იმეილები არ წყდებოდა, ტექსტით: „გამომიგზავნეთ შემდეგი სიმღერა”. მეორე დღეს კი მოგვდიოდა გაორკესტრებული ვერსია და ახალი „გამომიგზავნეთ შემდეგ სიმღერა”. ეს კი იქამდე გაგრძელდა, სანამ შოუს ყველა სიმღერა არ გააორკესტრა. ეს თავიდან ბოლომდე კოლაბორაცია იყო, რაც, ვფიქრობ, ასეთი შოუსთვის ძალიან იშვიათია.”

კონცერტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი სწორედ Children of the Sky-ს შესრულება იყო. „ეს სიმღერა სტუდიაში დაიბადა და ჩვენ იქ არ ვიყავით, როცა ზურმა მისი გაორკესტრება გადაწყვიტა. ჩვენ ჩვენი ნაწილი დავწერეთ, მან – თავისი და შემდეგ დისტანციურად შევაერთეთ. ის ჩვენ ორკესტრთან ერთად ერთ ოთახში არასდროს დაგვიკრავს. ასე რომ, ამ სიმღერის ერთად გაცოცხლება ერთგვარი წრის შემკვრელი მომენტი იყო.”

კინოჩვენებების შემდეგ სერმონი ელოდება, რომ ფილმი საბოლოოდ სტრიმინგ პლატფორმებზეც გამოვა. „ამ ფილმის მთელი არსი არის ის, რომ ადამიანებმა მისი ნახვა შეძლონ. კინოთეატრებში ყურება, განსაკუთრებით 4DX ფორმატით, საოცარი იქნება, მაგრამ საბოლოოდ ის დაისტრიმება.“

Imagine Dragons 4 აპრილს Loom World Tour-ს ჩინეთში განაგრძობს, მაისში კი უკვე ევროპულ ტურნეში გაემგზავრება. ტურნე 25-26 ივლისს ლონდონში დასრულდება, რის შემდეგაც ჯგუფი ახალი ალბომზე მუშაობას დაიწყებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაშო სიდამონიძე - მოცეკვავე

ქართველ მოცეკვავე მაშო სიდამონიძეს უნიკალური შანსი აქვს,  Ciara-ს მუსიკალურ ვიდეოში მოხვდეს

შემდეგი სტატია

Sevda Universal – მაქსიმე მაჩაიძის ახალი ქართულენოვანი ალბომი

შეიძლება დაგაინტერესოთ

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი
ბრაიან ადამსი / 2022 წლის 24 სექტემბერს ტორონტოში, ონტარიო (Photo by Jeremy Chan/Getty Images) Getty Images

ბრაიან ადამსის (Everything I Do) I Do It for You-ს მუსიკალურმა ვიდეომ Youtube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

კანადელი მომღერალი და სიმღერების ავტორი უკვე მეორედ მოხვდა YouTube-ის “მილიარდ ნახვათა კლუბში”.
მეტი