მართალია, კენდრიკ ლამარის ისტორიულმა Super Bowl Halftime Show-მ რეკორდები მოხსნა, თუმცა, როგორც ჩანს, მან მაყურებლის ნაწილის გაბრაზებაც გამოიწვია.
გრემის მფლობელი რეპერის გამოსვლის წინააღმდეგ ფედერალური კომუნიკაციების კომისიაში 125 საჩივარი შევიდა. საჩივრებში მაყურებლის ნაწილი ლამარის ტექსტებს, ქორეოგრაფიასა და სტუმრების გამოჩენას აკრიტიკებს და შოუს არაერთ ბრალდებას უყენებს, დაწყებული „პროვოკაციული ცეკვიდან”, დასრულებული „რასიზმითა” და „კრიმინალურ დაჯგუფებასთან ასოცირებით”.
9 თებერვლის გამოსვლა, რომლითაც ლამარი Halftime Show-ს პირველი რეპერი ჰედლაინერი გახდა, მოიცავდა რეპერტუარს მისი ცნობილი დისკოგრაფიიდან და ასევე ბოლო ალბომიდან GNX. მათ შორის იყო დრეიკის მისამართით შექმნილი მუსიკალური თავდასხმა Not Like Us.
ერთ-ერთი მაყურებელი წერს, რომ მის შვილებს „არ უნდა ენახათ და მოესმინათ გაჟღერებული ლექსიკა და ჟესტები”. მეორე კი აღნიშნავს: „უკვე დამღლელია, რომ ბავშვების ოთახიდან გაშვება გვიწევს, შესაძლო ვულგარულობისა შეუფერებელი ენის/ჟესტების გამო, იმ შოუს დროს, რომელიც წესით ოჯახური ღონისძიება უნდა იყოს.”
სხვა საჩივრები ასევე აკრიტიკებს შოუს რასიზმის კომპონენტებს. ერთ-ერთი მომჩივანი წერს: „მთელი შოუს განმავლობაში ერთი თეთრკანიანი ადამიანიც კი არ გამოჩენილა. პირიქით რომ ყოფილიყო, სულ სხვა ამბავი მოჰყვებოდა… ეს უპატივცემულობაა, რომელიც ყოველწლიურად უარესდება.”
ერთ-ერთი საჩივარი კი სერენა უილიამსსაც ეხება, რომლის შესრულებული ე.წ. Crip-walk-ის მოძრაობა „კრიმინალურ დაჯგუფებასთან ასოცირებადაა” მოხსენიებული.
თუმცა, საჩივრებისა და კრიტიკის მიუხედავად, კენდრიკ ლამარის Halftime Show ამ დრომდე ყველაზე ყურებადი შოუა Super Bowl-ის ისტორიაში.