ცნობილი ბრიტანელი მომღერალი, ჰარი სტაილზი თავისი რიგით მესამე სტუდიური ალბომის Harry’s House ტრეკლისტს აქვეყნებს. 13 კომპოზიციისგან შემდგარი ჩანაწერი სიმღერით Late Night Talking იხსნება, მას მოსდევს Grapejuice, უკვე გავრცელებული სინგლი As It Was, Daylight, Little Freak და Matilda. ბი საიდზე კი შეხვდებით ნამუშევრებს: Cinema, Daydreaming, Keep Driving, Satellite, Boyfriends და Love Of My Life. ალბომი გაყიდვაში 20 მაისს ჩაეშვება.
— Harry Styles. (@Harry_Styles) April 29, 2022
აღსანიშნავია, რომ სტაილზი ახლახან ფესტივალ “კოაჩელას” ჰედლაინერი გახლდათ. მან 100 000-ზე მეტი თაყვანისმცემლის წინაშე შეასრულა მომავალი ალბომის სინგლი As It Was, ასევე გამოუქვეყნებელი Boyfriends და Late Night Talking. არტისტს სცენაზე კანადელი მომღერალი შენაია თვეინიც შეუერთდა. მათ ამ უკანასკნელის ჰიტები Man! I Feel Like a Woman და You’re Still the One იმღერეს. ღონისძიების მეორე უიქენდზე კი ჰარიმ ამერიკელ მუსიკოს ლიზოსთან ერთად I Will Survive და One Direction-ის What Makes You Beautiful შეასრულა.
მუსიკოსი ფართო საზოგადოებამ 2010 წელს ბოიბენდში One Direction მოღვაწეობით გაიცნო. 2017 წელს მან სადებიუტო სტუდიური ალბომი Harry Styles გამოუშვა, რომელსაც Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი ერგო. 2019 წელს იგივე შედეგი ჰარის მეორე ნამუშევარმა Fine Line გაიმეორა. 2021 წელს არტისტმა სიმღერით Watermelon Sugar გრემიზე საუკეთესო პოპ სოლო შესრულების ნომინაციაში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ სტაილზი პირველი მამაკაცია, რომელიც ჟურნალ Vogue-ის ყდაზე მარტო დაბეჭდეს.