Tape Visitors მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ მუსიკალურ ფესტივალზე – Mad Cool-ზე დაუკრავს.
ჯგუფმა შესარჩევ ტურში – Mad Cool Talent-ში გაიმარჯვა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და საბოლოოდ ფესტივალის პროგრამაში მოხვდნენ.
კონცერტები 9-11 ივლისს მადრიდში გაიმართება. პროგრამაში ვხვდებით ისეთ ჰედლაინერებს, როგორებიც არიან: Foo Fighters, Moby, The War on Drugs, Wolf Alice, Florence + The Machine, Jennie, Lorde, Twenty One Pilots, Kings of Leon, Pixies, Halsey, ნიკ ქეივი ბენდთან ერთად, Pulp, The Black Crowes, დევიდ ბირნი და სხვა ცნობილი შემსრულებლები.
„Med Cool ფესტივალის showcase-ზე გამოსვლა ჩვენთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. კონცერტმა ძალიან კარგად ჩაიარა – გავიცანით სხვადასხვა არტისტი, ვიგრძენით საოცარი ენერგია როგორც სცენაზე, ისე მის მიღმაც. მადლიერები ვართ ამ შესაძლებლობისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც მთელი გულით გვგულშემატკივრობდა. რაც მთავარია, გავიმარჯვეთ და ძალიან ბედნიერები ვართ. იმ ფესტივალზე შესრულება, სადაც ამდენი ცნობილი არტისტი უკრავს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და მოტივაციაა,” – აღნიშნეს ჯგუფის წევრებმა Billboard Georgia-სთან საუბრისას.
Tape Visitors ფესტივალის სცენაზე 10 ივლისს წარდგება. იმავე დღეს Mad Cool-ზე უკრავენ Kings of Leon, Pixies და Twenty One Pilots.