„დისნეი+-მა” „ჰანა მონტანას” 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპეციალური გამოშვება დააანონსა, რომლის პრემიერაც 24 მარტს შედგება – 20 წლის შემდეგ ზუსტად იმ დღეს, როცა „დისნეის” არხზე „ჰანა მონტანას” პირველი სერია გავიდა.
ინფორმაცია ამის შესახებ მაილი საირუსმაც გააზიარა და ინსტაგრამზე თიზერი გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს ავტომობილი, სანომრე ნიშნით HM20. მანქანიდან კი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მაილი საირუსი გადმოდის.
„ჰანა მონტანა ყოველთვის იქნება ჩემი ნაწილი. ის, რაც სატელევიზიო შოუს სახით დაიწყო, საბოლოოდ იქცა გამოცდილებად, რომელმაც ჩემი და უამრავი ფანის ცხოვრება განსაზღვრა. ყოველთვის მადლიერი ვიქნები ამ კავშირისთვის,” – წერს საირუსი. „ფაქტი, რომ ეს სერიალი ამდენი წლის შემდეგაც ბევრს ნიშნავს ადამიანებისთვის, ძალიან მეამაყება. ეს იუბილე ჩემი აღნიშვნა და მადლობაა ფანებისთვის, რომლებიც ჩემ გვერდით არიან ამ 20 წლის განმავლობაში.”
„ჰანა მონტანას” 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპეციალური გამოშვება მოიცავს ექსკლუზიურ, სიღრმისეულ დიალოგს საირუსსა და ალექს კუპერს შორის. ისინი ისაუბრებენ სერიალის ხანგრძლივ გავლენაზე, მისი ორიგინალური მუსიკის წარმატებასა და ყველასთვის საყვარელი პერსონაჟის შექმნაზე. პროექტი მოიცავს აქამდე უცნობ საარქივო მასალასაც, ასევე დაბრუნებას შოუს სავიზიტო ლოკაციებზე, მათ შორის სტიუარტების ოჯახის მისაღებ ოთახსა და ჰანა მონტანას საკულტო გარდერობში.
მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური ნომრები ჯერ არ გამოცხადებულა, ცოტა ხნის წინ საირუსმა გაამხილა, რომ „ჰანა მონტანას” დისკოგრაფიის შესრულების უფლება მოიპოვა. „მას შემდეგ, რაც ‘დისნეი’ დავტოვე, უფლება არ მქონდა, „ჰანა მონტანას” მუსიკა შემესრულებინა. ძალიან სევდიანი იყო ის ფაქტი, რო ამ სიმღერებს ჩემი ხმა გასდევდა, ჩემი სახე, მე კი მათი შესრულების უფლება არ მქონდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ‘დისნეის ლეგენდის’ წოდება მივიღე, ამ სიმღერების შესრულების უფლებაც მოვიპოვე, რაც ძალიან მაგარია,” – ამბობდა საირუსი 2025 წელს.
2024 წლის აგვისტოში საირუსი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გახდა ისტორიაში, ვინც „დისნეის ლეგენდის” წოდება მიიღო. მის მიერ ჰანა მონტანას პერსონაჟის ქვეშ ნამღერი ოცი სიმღერა Billboard Hot 100-შია შესული, მათ შორისაა 2009 წლის ტოპ ათეულის ჰიტი He Could Be the One. ხოლო ალბომები – 2006 წლის Hannah Montana, 2007 წლის Hannah Montana 2/Meet Miley Cyrus და 2009 წლის Hannah Montana: The Movie – Billboard 200-ის ლიდერ პოზიციებს იკავებდა.
მაილი საირუსს ჰანა მონტანას მიღმაც შთამბეჭდავი პოპკარიერა აქვს, რომელიც მოიცავს Hot 100-ის ორ ლიდერ სიმღერას და Billboard 200-ის ორ ლიდერ ალბომს, ასევე გრემის სამ ჯილდოს. წლევანდელ ცერემონიაზე მან კარიერაში გრემის მეათე ნომინაცია მიიღო.
ნახეთ თიზერი: