მას შემდეგ, რაც ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბილი აილიშმა ფესტივალ “კოაჩელას” სცენაზე ბენდ Paramore-ის ვოკალისტი, ჰეილი უილიამსი მიიწვია, 20 წლის მუსიკოსს ჰკითხეს, რომელი სიმღერაა მისი ფავორიტი პოპ-პანკ ჯგუფის შემოქმედებიდან. პასუხად ბილიმ სტრიმინგ პლატფორმა Spotify-ს სქრინშოთი გამოაქვეყნა, სადაც კოლექტივის ალბომში Brand New Eyes შესული კომპოზიცია All I Wanted იყო ჩართული.
აილიშს თაყვანისმცემლებმა ასევე ჰკითხეს, რომელი კომპოზიციაა მისი რჩეული ამჟამად. მუსიკოსის თქმით, ეს ინგლისური როკ ბენდის Blur 1997 წლის სიმღერაა სახელწოდებით Beetlebum.
ბილი აილიშ ო’კონელი ფართო საზოგადოებამ 2015 წელს სინგლით Ocean Eyes გაიცნო. მუსიკოსისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go?, რომელიც ამერიკული და ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა. მასში შემავალი სინგლი Bad Guy ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდა და ექვსმაგი პლატინის სტატუსი დაიმსახურა. შვიდი გრემის მფლობელი შემსრულებელი 18 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა არტისტი გახდა, რომელმაც ამ დაჯილდოების ოთხი ძირითადი კატეგორია მოიგო. ამასთან, მომღერალი 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი ადამიანია, რომელმაც ოსკარი მიიღო საუკეთესო საუნდტრეკის კატეგორიაში ნამუშევრით No Time To Die, რომელიც ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული ფილმისთვის შექმნა. ბილის დღემდე ორი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.