წარმოგიდგენთ Billboard Pro-ს Trending Up-ს, სადაც მიმოვიხილავთ იმ სიმღერებს, არტისტებსა და ტრენდებს, რომლებმაც მუსიკალური ინდუსტრიის ყურადღება მიიპყრეს. ზოგიერთი მათგანი თითქოს არსაიდან გამოჩნდა, ზოგს კი პოპულარობის მოსაპოვებლად თვეები დასჭირდა. თუმცა ყველა მათგანი შესაძლოა თვალის დახამხამებაში გახდეს საყოველთაო, „ტიკტოკის” ერთი ვიდეოს წყალობით.
ოსკარის დაჯილდოების დიდი გამარჯვებულები უკვე ხედავენ შედეგებს საკუთარ თავზე; Tame Impala-ს ცნობილმა ჰიტმა, ვირუსულად გავრცელებული რემიქსის წყალობით, ახალი სიცოცხლე შეიძინა; ხოლო 2000-იანების საცეკვაო ჰიტი უკვე მეორედ იქცა გლობალურ ფენომენად.
15 მარტს რაიან კუგლერის ფილმმა Sinners ოთხი ოსკარი მოიპოვა, მათ შორისაა მესამე ოსკარი კომპოზიტორ ლუდვიგ გორანსონისთვის, რომელმაც ფილმის საუნდტრეკი შექმნა. რაც შეეხება Kpop Demon Hunters-ს, მისი Billboard Hot 100-ის ლიდერი ჰიტი Golden წლის საუკეთესო ორიგინალური სიმღერა გახდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ოსკარი K-პოპ სიმღერას გადაეცა. ამ ყველაფერს კი ისიც დაემატა, რომ დაჯილდოების ცერემონიაზე ორივე ფილმის მუსიკალური ნომრები ცოცხლად შესრულდა.
Luminate-ის ინფორმაციით, ოსკარის ცერემონიის მომდევნო დღეს Sinners-ის საუნდტრეკმა აშშ-ში 756 000 ოფიციალური სტრიმი დააგროვა, რაც 150%-იანი ზრდაა გასული კვირის 301 000 სტრიმთან შედარებით. 154 000 ოფიციალური სტრიმი აქვს სიმღერას I Lied to You, რომელიც საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაში Golden-თან დამარცხდა. ეს მაჩვენებელი 240%-იანი ზრდაა წინა შედეგთან შედარებით.
ამასობაში კი KPop Demon Hunters-ის საუნდტრეკმა 5.1 მილიონი სტრიმი დააგროვა. გაყიდულია მისი 2000 ციფრული ალბომი, რაც გაყიდვების 282%-იანი ზრდაა. ხოლო ფილმის სავიზიტო ჰიტმა Golden აშშ-ში 1.68 მილიონ ოფიციალურ სტრიმს მიაღწია. გრემის მფობელმა სიმღერამ 16 000 ციფრული გაყიდვა დააგროვა, რაც გაყიდვების 608%-იან ზრდას წარმოადგენს.
მართალია, დაჯილდოებების სეზონი დასრულდა, მაგრამ Golden-მა და KPop Demon Hunters-მა მართლაც უკვდავი ჰიტები შექმნეს.
Dracula-ს ვირუსულად გავრცელებული რემიქსის წყალობით, Tame Impala და ჯენი უპრეცედენტო პოპულარობისკენ მიდიან. ეს მოულოდნელი, თუმცა არც ისე გასაკვირი კოლაბორაცია იყო Tame-ის 2025 წლის სენსაციური ჰიტის რემიქსისთვის. Dracula, უკვე 24 კვირაა, რაც Hot 100-შია. 2025 წელს ის ჩარტში 30-ე პოზიციას იკავებდა. ახალმა რემიქსმა კი მას ხელახალი სიცოცხლე შესძინა და სტრიმინგის ზრდაც მოუტანა. 12 მარტის კვირაში სიმღერას 8.6 მილიონი სტრიმი ჰქონდა.
ალტერნატიული როკის ახალბედა ჯგუფი Temper City სადებიუტო სინგლით ხმაურიანად გამოჩნდა სტრიმინგში. სწორედ Self Aware-ის ერთ-ერთი მონაკვეთის წყალობით, ეს იდუმალი ბენდი საკმაოდ სწრაფად გახდა პოპულარული „ტიკტოკზე”. 6-12 მარტს სიმღერამ აშშ-ში 1.12 მილიონი ყოველკვირეული სტრიმი დააგროვა, რაც შთამბეჭდავი, 770%-იანი ზრდაა.
Just the Way You Are-ს, რომელიც ამჟამად აშშ-ში ვირუსულად ვრცელდება, არაფერი აქვს საერთო ბილი ჯოელის ან ბრუნო მარსის ამავე სახელწოდების მქონე გრემის მფლობელ ჰიტებთან. ეს ვერსია იტალიურ ჰაუსპროექტ Milky-ს ეკუთვნის, რომლის The Go-Betweens-ის სემპლზე აგებული Just the Way You Are 2002 წლის Dance Radio Airplay-ის ლიდერი გახდა, დიდ ბრიტანეთში კი ჩარტის ტოპ ათეულშიც კი მოხდვა.
2020-იან წლებში სიმღერა ხელახლა წარუდგინეს გლობალურ აუდიტორიას, ავტსტრალიელი დიჯეისა და პროდიუსერის მელ გრების რემიქსის სახით. ახალმა ვერსიამ კი ორიგინალსაც მისცა ბიძგი, „ტიკტოკზე” პოპულარობა მოეპოვებინა. საბოლოოდ, სიმღერის ორი ვერსიის ორმაგმა პოპულარობამ ის ჩარტებში დააბრუნა. Just the Way You Are დიდი ბრიტანეთის ჩარტის მე-11 ადგილზე გავიდა, ავსტრალიაში კი ძველი შედეგის (47-ე ადგილი) გაუმჯობესება შეძლო და 27-ე პოზიცია დაიკავა.
დღეს კი სინგლი წარმატებისთვის უკვე აშშ-შიც ემზადება. გავლენიანი ტიკტოკერების დახმარებით – როგორიცაა, მაგალითად NBA-ს ამომავალი ვარსკვლავი ჯარედ მაკკეინი, რომელმაც სიმღერა მის არაერთ ვიდეოში გამოიყენა – სინგლმა ამერიკულ სტრიმინგშიც დაიწყო წარმატებისკენ სვლა. 12 მარტის კვირაში მას 2.7 მილიონი სტრიმი ჰქონდა და მეშვიდე ადგილზე გავიდა „ბილბორდის” საცეკვაო სიმღერების ჩარტში. თუ მისი ასეთი წარმატება გაგრძელდა, შესაძლოა Just the Way You Are პირველად Hot 100-შიც კი ვიხილოთ.