თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის (ITI) საქართველოს ეროვნული ცენტრი საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. 30 წელი შესრულდა, რაც 1996 წელს საქართველოში აღნიშნული ცენტრი დაარსდა, რითაც ქვეყანამ პირველად მოიპოვა დამოუკიდებელი წვდომა მსოფლიო თეატრის ინსტიტუტთან.
ITI იუნესკოს მიერ 1948 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაფუძნდა. ის იყო და დღემდე რჩება საშემსრულებლო ხელოვნების ერთადერთ მსოფლიო ორგანიზაციად, რომელიც ამჟამად 90 ქვეყნის 73 ოფისს აერთიანებს და მოიცავს კლასიკური დრამატულ თეატრს, ცეკვისა და მუსიკალურ თეატრებს.
ლევან ხეთაგური – საქართველოს ეროვნული ცენტრის გენერალური მდივანი:
„საბჭოთა კავშირის დაშლამდე, მოგეხსენებათ, რომ 15-ვე რესპუბლიკას რუსეთი წარმოადგენდა, შესაბამისად, თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტთან წვდომა საქართველოს პირდაპირი სახით არასდროს ჰქონია. ეს მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა შესაძლებელი – 1996 წელს, როცა პირველად დავამყარეთ კავშირი პარიზის ოფისთან და შევქმენით ქართული ეროვნული ცენტრი, რომელიც მაშინვე იქნა აღიარებული და მას შემდეგ წარმატებით ფუნქციონირებს. თუმცა 2011 წლიდან ჩვენმა ორგანიზაციამ კიდევ უფრო სტაბილური სახე მიიღო და საერთაშორისო ურთიერთობებიც უფრო მჭიდრო გახდა. დავიწყეთ კონგრესებში მონაწილეობა. ბოლო კონგრესზე კი, 2024 წელს, მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად ამირჩიეს, რაც პირველი შემთხვევაა, როცა აღნიშნულ საბჭოში საქართველოს წარმომადგენელი მოხვდა.”
ამჟამად საქართველოს ცენტრში ჯამში ცხრა სახელმწიფო და კერძო თეატრია გაწევრიანებული. ორგანიზაციას რვაკაციანი საბჭო მართავს. ცენტრის პრეზიდენტი კი რეჟისორი დავით საყვარელიძეა.
დავით საყვარელიძე – საქართველოს ეროვნული ცენტრის პრეზიდენტი:
„მაშინ, როდესაც თბილისში სინათლეც კი არ იყო, იმ გასაჭირში ჩვენმა ორგანიზაციამ მაინც მოახერხა და რამდენიმე ფესტივალი დააფუძნა. მათ შორის იყო პირველი ფესტივალი „თეატრი+ვიდეო”, რომლის 5000-მდე ვიდეოკასეტა გვაქვს დღემდე შემონახული. მთელი მსოფლიოდან გვიგზავნიდნენ ჩანაწერებს და ასე ვახერხებდით, შეგვენარჩუნებინა კავშირი დასაველთსა და დანარჩენ მსოფლიოსთან. მას შემდეგ დავაფუძნეთ რამდენიმე ყოველწლიური პროექტი, მუდმივად ვმონაწილეობთ მნიშვნელოვან კონფერენციებში და წარმოვადგენთ მსოფლიოს ამ დიდი ქსელის აქტიურ ნაწილს. თუ შემიძლია, რომ გავიხსენო ნებისმიერი მასშტაბური, გახმაურებული თეატრალური მოვლენა, მის მიღმა ყოველთვის თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი დგას.”

ITI საქართველოს არქივი
ყოველწლიურად ITI-ს საქართველოს ცენტრი სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით. წლევანდელი პროგრამა აპრილიდან დაიწყება და ყველა ღონისძიება ორგანიზაციის საიუბილეო თარიღს მიეძღვნება.
ლევან ხეთაგური:
„29 აპრილს ვიწყებთ პირველ ღონისძიებას. ეს იქნება ორკაციანი სპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც რუსთაველის თეატრში გაიმართება და მაყურებელს ძალიან საინტერესო პროგრამას შესთავაზებს. ასევე დაგეგმილი გვაქვს საბავშვო თეატრების ფესტივალი, ქართული თოჯინების თეატრისა და ცეკვის ფესტივალები. შუალედებში კი გაიმართება რამდენიმე პროექტის პრეზენტაცია, როგორებიცაა: საშემსრულებლო ხელოვნების ტექნიკური ტერმინოლოგიის პირველი ქართულ-ინგლისური და ინგლისურ-ქართული ლექსიკონი და თეატრალური ტექსტები პორტუგალიიდან.
იგეგმება დიდი ღონისძიება საბერძნეთში – კონფერენცია, რომელიც გიორგი გურჯიევს მიეძღვნება და რომელზეც ყველა კონტინენტის მკვლევრები მოიყრიან თავს. გვაქვს ასევე ერთობლივი პროექტები ჩინელებთან, იაპონელებთან, ბრიტანელებთან. იგეგმება კოპროდუქციების დაწყება ქართველი რეჟისორებისა და შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება საბავშვო თეატრების ფესტივალზე ჩინეთის მარიონეტების თეატრის სტუმრობა. ეს არის ჩინეთის ყველაზე ძველი მარიონეტების თეატრი, რომელიც 1000 წლისაა. მას იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალური ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ქართველ მაყურებელს კი პირველად ექნება მისი ნახვის საშუალება სწორედ ჩვენი ფესტივალის ფარგლებში.
ცოტა ხნის წინ ასევე ვუმასპინძლეთ იაპონელ პროფესორებს, რომლებმაც დაიწყეს დიდი კვლევა: ცეკვა საქართველოში. ჩამოსული იყვნენ იაპონიის სამი უნივერსიტეტიდან, აიღეს უამრავი ინტერვიუ, ფოტო-ვიდეომასალა და უახლოეს მომავალში მათი კვლევის პირველი ანგარიშიც დაიდება. ეს ძალიან დიდი ნაბიჯია, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის საერთაშორისო ინტერესს ქართული ცეკვის მიმართ.”
ტრადიციულად, ყოველ წელს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი და მისი წევრები თეატრის მსოფლიო დღეს აღნიშნავენ. ეს თარიღი, 27 მარტი, ITI-მ 1961 წელს დააარსა და მას შემდეგ ის მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ტრადიციისამებრ, ყოველ წელს ამ დღეს ერთი მთავარი გმირი ჰყავს, რომელიც მსოფლიოს თეატრის დღეს ულოცავს. მისი ტექსტი ყველა წევრი ორგანიზაციის ენაზე ითარგმნება და მათ პლატფორმებზე ქვეყნდება. წელს ეს ადამიანი თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი უილიამ დეფოა. მისი მილოცვის ნახვა ქართული ცენტრის სოციალურ ქსელშია შესაძლებელი.
დავით საყვარელიძე:
„დღეს უკვე ბევრი თეატრალი აღნიშნავს თეატრის საერთაშორისო დღეს და ზოგმა არც იცის, რომ ეს თარიღი სწორედ იმ ორგანიზაციამ დააფუძნა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ და რომელმაც რეალურად მსოფლიო თეატრალური საზოგადოების გაერთიანება ითავა.”
ITI-ს ქართული ცენტრის ყველა ღონისძიება მხარდაჭერილია საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ და იტვირთება ორგანიზაციის ცენტრალურ გვერდზე, რაც ინფორმაციის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებას უზრუნველყოფს. შედეგად, ქართული თეატრი აქტიურად იმკვიდრებს თავს მსოფლიო თეატრალურ რუკაზე.
ლევან ხეთაგური:
„წარმოიდგინეთ, რომ ჩვენს სფეროში ეს ერთადერთი მსოფლიო ორგანიზაციაა. გვაქვს საკმაოდ კარგი და გამოცდილი ევროპული ცენტრები, მაგრამ მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც მოიცავს ყველა კონტიტენტს, ერთადერთია. მისი წევრობით ქართულ ცენტრს პირდაპირი პროფესიული კავშირები აქვს მთელ მსოფლიოსთან, დაწყებული ახალი ზელანდიით, ბრაზილიითა და აშშ-ით, აფრიკის ქვეყნებითა და ავსტრალიით დასრულებული. ეს არის, პირველ რიგში, უდიდესი კულტურული მრავალფეროვნება, ამავდროულად კი დიდი შესაძლებლობა, როგორც ქართული თეატრალური ხელოვნების გატანის, ასევე საერთაშორისო ხელოვნების ჩვენთან შემოტანის. თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი ყველაზე მასშტაბური ორგანიზაციაა ამ სფეროში და უკვე 30 წელია, ჩვენ ამ დიდი ქსელის ნაწილი ვართ.”