„ეშმაკს აცვია პრადას” პირველი ნაწილიდან ოცი წლის შემდეგ ფილმის გაგრძელებამ კინოთეატრებში სენსაცია მოახდინა. უმეტესად ქალ მაყურებელზე დაყრდნობით, ფილმმა აშშ-სა და კანადაში 77 მილიონი დოლარის, საერთაშორისო მასშტაბით კი 156.6 მილიონი დოლარის სალარო შემოსავალი მიიღო. ამ შედეგით მან პირველ ადგილზე გადაინაცვლა, „მაიკლი” კი მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალურმა ბიოგრაფიულმა ფილმმა პრემიერის მეორე უიკენდზეც კარგი შედეგი აჩვენა.
„ეშმაკს აცვია პრადა 2-ის” პრემიერა აშშ-ის 4 150 კინოთეატრში შედგა. ბილეთების მყიდველთა 76%-ს ქალები შეადგენენ. მაყურებლის 74%-მა კი თქვა, რომ ფილმს მეგობრებთან რეკომენდაციას გაუწევენ. ხოლო რაც შეეხება კრიტიკოსების შეფასებას, მათი მოსაზრებები შერეული იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ფილმის წარმოება 100 მილიონი დოლარი დაჯდა, რაც მკვეთრად აღემატება მისი პირველი ნაწილის გადაღების ხარჯებს, რომელმაც 35 მილიონი დოლარი შეადგინა. ამასთან დაკავშირებით რეჟისორმა დევიდ ფრენკელმა განმარტება გააკეთა: „როგორც აღმოჩნდა, იმ დროისთვის, როცა ყველაზე დიდი კინოვარსკვლავების ჰონორარებს გაისტუმრებ, რეალურად, იმავე ბიუჯეტზე რჩები, რაც ფილმის პირველი ნაწილისთვის დაიხარჯა.”
ფილმის ვარსკვლავები: მერილ სტრიპი, ენ ჰეთეუეი, ემილი ბლანტი და სტელნი ტუჩი უკვე რამდენიმე კვირაა, მოდაზე ორიენტირებულ გლობალურ პრომო ტურნეში მონაწილეობენ, გაჩერებებით ტოკიოში, ლონდონსა და ნიუ-იორკში. ამჯერად მათ ანა ვინტრიც შეუერთდა, რომელიც ფილმის მთავარი პერსონაჟის შთაგონებას წარმოადგენს. ვინტური ოსკარების სცენაზე ენ ჰეთეუეისთან, ხოლო „ვოგის” ყდაზე მერილ სტრიპთან ერთად გამოჩნდა.
საპრემიერო შემოსავლით მეორე ადგილს „მაიკლი” იკავებს, რომელმაც პრემიერის მეორე უიკენდზე 54 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც ის 3 955 ეკრანზე გადის. მსოფლიოს მასშტაბით მისი საერთო შემოსავალი 423.9 მილიონ დოლარს შეადგენს.
„ეს იმ საუკეთესო შედეგების ფარგლებშია, რასაც ვვარაუდობდით. თუმცა ჩვენ მაინც დარწმუნებული ვიყავით, რომ პოზიციებს შევინარჩუნებდით, მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობდით, „ეშმაკს აცვია პრადა 2” წარმატებას მიაღწევდა,” – თქვა Lionsgate Motion Picture Group-ის თავმჯდომარე ადამ ფოგელსონმა. „მუდმივად მტკიცდება, რომ არსებული აზრი, თითქოს ახალი, დიდი ფილმი ყოველთვის ჩაანაცვლებს უკვე დამკვიდრებულ ფილმს, არაზუსტია.”
ამ კვირაში ჰოლივუდის საზაფხულო კინოსეზონი იწყება – მთავარი 18-კვირიანი პერიოდი, რომელიც შრომის დღემდე გრძელდება და ხშირად წლიური შემოსავლის 40%-ს შეადგენს. როგორც წესი, სეზონს „მარველის” ბლოკბასტერები ხსნიან, თუმცა ამჯერად „ეშმაკს აცვია პრადა 2-ისა” და „მაიკლის” ერთობლივი წარმატება ნამდვილად არ იყო მათი სუსტი ალტერნატივა.
ამჟამად, წლიური სალარო შემოსავალი 14%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს. ამ ეტაპზე შიდა ბაზარზე ბილეთების გაყიდვიდან მიღებული თანხა 2.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.