დუა ლიპა მოულოდნელად გამოჩნდა Tame Impala-ს ლონდონის შოუზე ხუთშაბათს საღამოს და კევინ პარკერს O2-ის არენაზე ორი სიმღერის შესასრულებლად შეუერთდა, რამაც მაყურებლის დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.
ლიპა სცენაზე ყოველგვრი წარდგენის გარეშე, სიურპრიზად გამოჩნდა, როცა Tame Impala ასრულებდა მათ ერთობლივ სიმღერას Afterthought. შუა სიმღერის დროს ლიპა სცენაზე გამოვიდა და პირდაპირ მისამღერის შესრულება დაიწყო. როცა სიმღერა დასრულდა, პარკერი ოფიციალურად მიესალმა მეგობარს.
„ახლა კი შევასრულოთ სიმღერა, რომელიც ერთად შევქმენით,” – გამოაცხადა მან მეორე სიმღერის, Houdini-ს შესრულების წინ. სინგლი შედის ლიპას მესამე ალბომში Radical Optimism, რომლის რამდენიმე სიმღერაზე სწორედ პარკერმა იმუშავა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მუსიკოსები სცენაზე ერთად წარდგნენ. 2024 წელს ლიპამ პარკერი გლასტონბერის ფესტივალის გამოსვლაზე მიიწვია, სადაც წყვილმა Houdini და ასევე Tame Impala-ს The Less I Know the Better შეასრულა.
2025 წლის Radical Optimism-ის ტურნეს დროს პარკერი კიდევ ერთხელ შეუერთდა მომღერალს მელბურნში, ავსტრალიაში. სიდნეის კონცერტზე კი ლიპამ მსმენელს მიმართა: „Radical Optimism-ის დიდი ნაწილი ამ ადამიანთან ერთად შევქმენი. ის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი არტისტია და ძალიან დიდი შთაგონება მომცა. ვოცნებობდი ერთ დღეს მასთან თანამშრომლობაზე. საბოლოოდ მოვახერხე და ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ალბომი სწორედ მასთან თანამშრომლობით ჩავწერე.”
ლიპასა და პარკერის თანამშრომლობა 2022 წელს დაიწყო. მაშინ ლიპა ამბობდა, რომ ძალიან ნერვიულობდა, რადგან კევინის დიდი ფანი იყო.
Houdini გამოშვებისთანავე მოხვდა Billboard Hot 100-ში და მე-5 პოზიცია დაიკავა. Radical Optimism კი Billboard 200-ის მეორე ადგილზე გავიდა. ალბომმა ლიპას საუკეთესო პოპ-ვოკალური ალბომის კატეგორიაში გრემის ნომინაციაც მოუტანა. Tame Impala კი ამჟამად მსოფლიო ტურნეს მართავს 2023 წლის ალბომის, The Slow Rush (Collector’s Edition)-ის მხარდასაჭერად.