მსოფლიოში ცნობილი ბრიტანული როკჯგუფის, Blur-ისა და Gorillaz-ის დამფუძნებელი და სოლისტი დეიმონ ოლბარნი ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა. ლეგენდარული მუსიკოსის კავკასიური მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მისი ქალიშვილის, მისი ოლბარნის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. მისი ოლბარნმა ინსტაგრამის პირად გვერდზე მოგზაურობის ამსახველი ფოტოები გააზიარა, სადაც ჩანს, რომ მამა-შვილი კავკასიის რეგიონს სტუმრობდა.
როგორც ირკვევა, მუსიკოსმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიც მოინახულა. დეიმონ ოლბარნის საქართველოში ყოფნას ადასტურებს ერთ-ერთი ადგილობრივი გიდის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიც.
დამატებითი დეტალები მუსიკოსის ვიზიტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე უცნობია.
შეგახსენებთ, რომ Gorillaz-მა მეცხრე სტუდიური, 15 ტრეკიანი ალბომი, The Mountain, 2026 წლის 27 თებერვალს გამოუშვა, რომელიც მრავალფეროვან კოლაბორაციებს მოიცავს ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: Black Thought, Johnny Marr, Anoushka Shankar, Sparks და Bizarrap. ამჟამად ბენდი ალბომის მხარდასაჭერ მსოფლიო ტურნეში იმყოფება, რომელიც აერთიანებს კონცერტებს ევროპაში, ამერიკაში და ჯგუფის ისტორიაში პირველ ცოცხალ გამოსვლებს ინდოეთში.