ლორინ ჰილმა 2026 წლის BET Awards-ზე ცოცხალი ლეგენდის ჯილდო მიიღო

Doechii, SZA, Doja Cat, Queen Latifah, Nas, Ice Cube, Wyclef იმ არტისტებს შორის იყვნენ, ვინც მომღერალს ჯილდოს გადაცემისას პატივი მიაგეს.
ლორინ ჰილი ცოცხალი ლგენდის ჯილდოს მიღებისას 2026 წლის BET Awards-ზე
KEVIN WINTER/GETTY IMAGES

28 ივნისს, 2026 წლის BET Awards-ზე, ლორინ ჰილი ცოცხალი ლეგენდის ტიტულის პირველი მფლობელი გახდა. ორგანიზატორების თქმით, ჯილდო გადაეცემათ პიონერებს, რომლებმაც თავიანთ ხელოვნებაში სრულყოფილებას მიაღწიეს და არასდროს დაშორებიან კულტურას. კონი ორლანდომ ჰილს ცოცხალი ლეგენდის განსახიერება უწოდა და განმარტა, თუ რატომ გახდა ის ამ ტიტულის პირველი მფლობელი. „არცერთ ეპოქაში ის არასდროს ცდილობდა მომენტს აჰყოლოდა, ის ყოველთვის თავად ქმნიდა ამ მომენტს. მისმა შემოქმედებამ ხელახლა განსაზღვრა, თუ რა იყო შესაძლებელი მუსიკაში და თაობებს მისცა უფლება, ყოფილიყვნენ უშიშრები, სულიერებით სავსე და თავისუფლები. მისი გავლენა კულტურის ქსოვილშია გაერთიანებული და ჩვენთვის დიდი პატივია, ვიზეიმოთ მისი მემკვიდრეობა კულტურის ამ უდიდეს საღამოზე.”

მომღერალმა, რეპერმა და მსახიობმა ნიუ-ჯერსიდან, სახელი ეკრანზე გაითქვა, როცა 1993 წლის ფილმში Sister Act 2: Back in the Habit ჯიუტი, მაგრამ ნიჭიერი სტუდენტის, რიტა ლუისის როლი შეასრულა. 1994 წელს მან კიდევ უფრო განიმტკიცა სახელი ლეგენდარული Fugees-ის წევრის რანგში, უაიკლიფ ჯინისა და პრას მაიკლის გვერდით, როცა ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Blunted on Reality გამოუშვა. თუმცა მსოფლიო აღიარება 1996 წელს მოვიდა, როცა ჯგუფმა ალბომი The Score და რობერტა ფლეკის სიმღერის, Killing Me Softly With His Song-ის თავისი ვერსია გამოსცა, რომელმაც ჰილი სუპერვარსკვლავად აქცია. ორი წლის შემდეგ კი თამასა კიდევ უფრო ასწია თავისი სადებიუტო სოლო ალბომით The Miseducation of Lauryn Hill, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ჟღერდეს ჰიპ-ჰოპ ალბომი. 

დაჯილდოების ცერემონიაზე ლორინ ჰილისადმი მიძღვნილი ნომერი Ice Cube-მა გახსნა, რომელმაც მისი კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები მიმოიხილა. მას მოჰყვა უაიკლიფ ჯინი, რომელმაც ჰილის Fugees-ის პერიოდი გაიხსენა. ამის შემდეგ კი მუსიკალური ნაწილი დაიწყო: The War and Treaty-მ შეასრულა Joyful, Joyful ფილმიდან Sister Act 2; Doechii-მ და SZA-მ Ready or Not იმღერეს, ტემსმა და ტიერა ვეკმა კი – Fu-Gee-La; სცენაზე ასევე წარდგნენ ჰილის ქალიშვილი სელა მარლი და ვაჟები YG მარლი და ზიონ მარლი; ლიზომ სცენაზე კვლავ ტიერა ვეკი მოიხმო Doo Wap (That Thing)-ის შესასრილებლად; ალექსია ჯეიმ Killing Me Softly იმღერა; მუსიკალური ნაწილი კი Queen Latifah-მ და Common-მა დაასრულეს სიმღერით Lost Ones. 

მაყურებელს სიურპრიზი გაუკეთა თავად ჰილმა და ჯილდოს მიღებამდე Ex-Factor შეასრულა. 

სიტყვით გამოსვლისას მომღერალმა განმარტა, თუ რატომ არის ყოველთვის ასეთი გულწრფელი და უშიშარი და არტისტებს იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა. სიტყვის დასასრულს კი შვილებს თავიანთი მიღწევები მიულოცა. 

„ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ყველანი მიყვარხართ. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მინდა თქვენც გქონდეთ ის ყველაფერი, რაც მე გამოვცადე. მე შესანიშნავი მშობლები მყავდა, რომლებსაც ვუყვარდი, ყველაფერს დებდნენ ჩემში და მიცავდნენ. და როცა გავიაზრე, რომ ყველას იგივე გამოცდილება არ აქვს, ვიფიქრე, რომ ჩემი მოვალეობაა, ჩემი პასუხისმგებლობაა, გავავრცელო იმხელა სიყვარული და იმდენ ადამიანში, რამდენადაც ამას შევძლებდი. მუსიკა კი ჩემთვის ამის გზა იყო. ამასთანავე, მე ყოველთვის ვზრუნავდი ჩვენი ხალხის ღირსების წარმოჩენასა და გამოხატვაზე. ამიტომ, როგორც არტისტები, ხანდახან ისეთ ადგილებსა და სიტუაციებში ვაყენებთ საკუთარ თავს, როცა გვიწევს ვთქვათ ისეთი რაღაცები, რაც ყოველთვის კომფორტული არ არის. მაგრამ გვესმის, რომ ადამიანები ამას მოგვიანებით გაიგებენ.”

„მე ყველა თქვენგანისთვის ვიბრძვი. შესაძლოა, ეს ყველამ არ იცოდეს, მაგრამ მე ყველა თქვენგანისთვის ვიბრძვი. და ბრძოლა თქვენთვის – ეს არის ბრძოლა ჩემი თავისთვის. ეს მე ვიბრძვი ჩემი შვილებისთვის, ვიბრძვი ჩემი მშობლებისთვის, ჩემი შვილიშვილებისთვის, ჩემი თემისთვის. მაქვს სურვილი, მუსიკა მაქსიმალურად კარგად შევქმნა, ადამიანებთან კომუნიკაცია დავამყარო, რადგან მინდა, ადამიანებმა იცოდნენ, რას ვაკეთებთ. მინდა, ადამიანებმა იცოდნენ, რისი გაკეთება შეგვიძლია.”

ბოლოს კი ლორინ ჰილმა შოუ Everything Is Everything-ის ემოციური შესრულებით დაასრულა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯენიფერ ლოპესი და Alok

ჯენიფერ ლოპესმა და ALOK-მა ერთობლივი პროექტი Everything’s Fine წარადგინეს

შემდეგი სტატია

ოლივია როდრიგო

ოლივია როდრიგოს You Seem Pretty Sad მეორე კვირაა Billboard 200-ის სათავეშია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯენიფერ ლოპესი და Alok

ჯენიფერ ლოპესმა და ALOK-მა ერთობლივი პროექტი Everything’s Fine წარადგინეს

სიმღერა ორ ვერსიად, AM და PM-ად არის წარმოდგენილი. მიუხედავად განსხვავებული ემოციებისა, ორივე მათგანი ერთსა და იმავე გზავნილს ატარებს და დღის სხვადასხვა მონაკვეთის განწყობას ასახავს.
მეტი
სტივ სტივენსი და ბილი აიდოლი გიტარის ცენტრის ჰოლივუდ Rockwalk-ზე. 2026 წლის 23 ივნისი, ლოს-ანჯელესი. Katie Flores/Variety

ბილი აიდოლი და სტივ სტივენსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლამდე ჰოლივუდის Rockwalk-ში შეიყვანეს

„სტივთან ერთად საოცარი დრო გავატარე. მან ჩემი ბევრი გიჟური იდეა რეალობად აქცია,“ - განაცხადა ბილი აიდოლმა ღონისძიებაზე.
მეტი

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი