მომღერლისა და სიმღერების ავტორის, Oliver Tree-ს გარდაცვალების შემდეგ, გულშემატკივრებს მისი კიდევ ერთი ინტერვიუს ნახვის შესაძლებლობა მიეცათ. არტისტი ბობი ალტჰოფის Really Good Podcast-ს საბედისწერო ავიაკატასტროფამდე რამდენიმე დღით სტუმრობდა.
29 ივნისს გამოქვეყნებულ ეპიზოდში Oliver Tree, როგორც ხშირად სჩვეოდა, იუმორისტული კოსტიუმით გამოჩნდა – მას Elmo-ს ფორმა და წითელი გრიმი ჰქონდა მორგებული.
Oliver Tree ხშირად ინტერვიუებს აბსურდული იუმორითა და ექსცენტრიული განცხადებებით ავსებდა, თუმცა ამ საუბარში მან ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და დღევანდელი გადმოსახედიდან სიმბოლური კომენტარიც გააკეთა, როდესაც ახსნა, თუ რატომ აირჩია თავგადასავლებით სავსე ცხოვრება.
„ჩემი მშობლები ხშირად მეუბნებიან: „ოლივერ, ამდენი მოგზაურობა ძალიან დამღლელია, მე კი სულ ვპასუხობ: „მისმინეთ, ჩვენ არ ვიცით, ვიქნები თუ არა მომავალ წელს ცოცხალი, ან თქვენ იქნებით თუ არა ცოცხლები. არცერთი ხვალინდელი დღე არ არის გარანტირებული.” – ამბობს მუსიკოსი ინტერვიუში.
„მართლა იცით, რა მაღალი რისკის ფასად ვცხოვრობ? ბოლო ორი წელი აფრიკაში, თიხისა და ჩალის ქოხებში ვცხოვრობდი, ერაყში კი ტალახისგან ნაშენებ სახლში დავრჩი.“ – დასძინა არტისტმა.
Oliver Tree 14 ივნისს, 32 წლის ასაკში, ორ პილოტთან და სამ მგზავრთან ერთად, რიო-დე-ჟანეიროში ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ტრაგედიის დროს მუსიკოსი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში მოგზაურობდა, რომელიც აპრილში გამოსული ალბომის, Love You Madly Hate You Badly-ს მხარდასაჭერად იმართებოდა. მან ბოლო კონცერტი 6 ივნისს სან-პაულოში გამართა.
Oliver Tree-ს გარდაცვალებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ მისი ქონება Dr. Oliver Tree’s Extremely Epic Grant for Baby Geniuses-ის დაფუძნებას მოხმარდება. ეს არის საგრანტო პროგრამა, რომელიც ახალგაზრდა ხელოვანების შემოქმედებით პროექტებს დააფინანსებს. მუსიკოსი ამ ინიციატივაზე სიცოცხლეშივე საჯაროდ საუბრობდა.
Oliver Tree აპრილის თვეში Zach Sang Show-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა:
„არავითარ დამსახურებად არ ვითვლი იმ ყველაფერს, რაც ოდესმე გამიკეთებია. არ მჯერა, რომ ის სიმდიდრე ან სიკეთეები, რაც ამ ყველაფრისგან იქმნება, ჩემია. ჩემი ანდერძი ისეა შედგენილი, რომ როცა ამ სამყაროს დავტოვებ, ჩემი ოჯახი, საერთოდ არავინ, ერთ ცენტსაც კი ვერ მიიღებს. მთელი ეს თანხა ისევ ხელოვანებს დაუბრუნდებათ“.
ბობი ალტჰოფმა Oliver Tree-სთან საუბრის დასაწყისში განმარტა, რომ მათი ინტერვიუდან მიღებული მთელი შემოსავალი სწორედ ამ გრანტს მოხმარდება.
„მადლიერი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, Oliver Tree-სთან ეს საუბარი ჩამეწერა. ამ ინტერვიუს სიყვარულითა და მისი ცხოვრებისადმი პატივისცემით ვაზიარებ, მისი შემოქმედების და იმ დაუვიწყარი სამყაროს მიმართ, რომელიც მან შექმნა.“ – წერია ვიდეოს აღწერაში.
ნახეთ სრულად ბობი ალტჰოფის ინტერვიუ Oliver Tree-სთან: