„ბილბორდის” ვიდეოსერიები მომავალი თვიდან „ნეტფლიქსზე” განთავსდება.
Penske Media-ს PMX ბრენდები, როგორებიცაა „ბილბორდი”, Eater, Indiewire, Rolling Stone, The Hollywood Reporter და Variety, ახალი პარტნიორობის ნაწილი გახდნენ, რომლის ფარგლებშიც მათი პოპულარული ვიდეოები 3 აგვისტოდან „ნეტფლიქსის” გამომწერებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.
აღნიშნული ვიდეოები მოიცავს „ბილბორდის” ცნობილ 24 Hours With სერიებს, რომელიც მაყურებელს შესაძლებლობას აძლევს, ერთი დღე გაატარონ ისეთ ვარსკვლავებთან ერთად, როგორებიც არიან Charli xcx, ტრევის სკოტი, უცნაური ელ იანკოვიჩი და სხვები.
„ჩვენს გამომწერებს არ სურთ მხოლოდ ფილმის ან სერიალის ყურება და შემდეგ მათი დავიწყება. მათ სურთ, ტიტრების დასრულების შემდეგაც განაგრძონ იმ ისტორიებისა და პერსონაჟების აღმოჩენა, რომლებიც უყვართ,“ – განაცხადა „ნეტფლიქსის” ანიმაციური სერიებისა და საბავშვო-საოჯახო ტელევიზიის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ დერდერიანმა. „ეს პარტნიორობა კი გვეხმარება, გავაღრმავოთ ფანების ჩართულობა და შევქმნათ კიდევ უფრო მეტი საშუალება, რათა მომხმარებლის საყვარელი ისტორიები მათი ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს.”
ციფრული გამომცემლობების ვიდეოები – სამწუთიანი მოკლე ფორმატიდან 20-წუთიან ეპიზოდებამდე – „ნეტფლიქსის” მთავარ გვერდზე 3 აგვისტოდან იქნება ხელმისაწვდომი. აღნიშნული ნაბიჯი „ნეტფლიქსის” სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანია, პლატფორმა სერიალებისა და ფილმების ფარგლებს გასცდეს და მომხმარებელს შესთავაზოს პირდაპირი ეთერები, მობილური ვიდეოები, თამაშები და პოდკასტები ისეთი თემების ირგვლივ, როგორებიცაა გართობა, კულინარია, მოგზაურობა, მოდა, დიზაინი და სხვა.