Madonna-მ WorldPride Amsterdam 2026-ზე კაილი მინოუგი სცენაზე Love Sensation-ის შესასრულებლად მიიწვია და გულშემატკივრებს ნამდვილი სიურპრიზი მოუწყო.
Honey Dijon-ისა და Bebe Rexha-ს გამოსვლების შემდეგ, Madonna სცენაზე გამოვიდა და მაყურებელს მოულოდნელად კაილი მინოუგი წარუდგინა. მან პოპის დედოფალთან ერთად Confessions II-ში შესული სიმღერა – Love Sensation შეასრულა.
სიმღერა, რომელიც ივნისში, ალბომის რელიზამდე გამოქვეყნდა, Billboard-ის Dance Airplay-ს ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ კომპოზიციის სტუდიურ ჩანაწერში კაილი მინოუგი არ მონაწილეობს.
მომღერალი სცენაზე მანამდე დარჩა, სანამ Madonna-მ კონცერტი Sorry-სა და Hung Up-ის შესრულებით არ დაასრულა. ორივე კომპოზიცია მის 2005 წლის საკულტო ალბომ – Confessions on a Dance Floor-შია შესული.
შოუს შემდეგ კაილი მინოუგმა ინსტაგრამზე ამ გამოსვლის კადრები გააზიარა და დაწერა: „ძალიან დიდი მადლობა Club Confessions World Pride Amsterdam-ის თითოეულ მონაწილეს.“
ეს გამოსვლა მას შემდეგ შედგა, რაც ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს Madonna და კაილი მინოუგი შესაძლოა, ახალ მუსიკალურ პროექტზე თანამშრომლობენ. მიუხედავად ამისა, ინფორმაცია არცერთ არტისტს არ დაუდასტურებია. უფრო მეტიც, კაილი მინოუგმა მაისში Los Angeles Times-თან საუბრისას უარყო, თითქოს Confessions II-ის ჩაწერაში იღებდა მონაწილეობას.
„ეს უბრალოდ შემთხვევითი ჭორია. გავრცელდა ხმები, თითქოს მის ალბომში ვმონაწილეობდი, მაგრამ ეს ასე არ არის, მეც დიდი ინტერესით ველოდები მის მოსმენას!“ – განუცხადა კაილი მინოუგმა Los Angeles Times-ს.
WorldPride Amsterdam-ზე გამართული გამოსვლა მეორე შემთხვევა იყო, როდესაც Madonna და კაილი მინოუგი სცენაზე ერთად წარდგნენ.
მათი პირველი ერთობლივი ცოცხალი შესრულება 2024 წლის მარტში, Madonna-ს Celebration Tour-ის ფარგლებში, ლოს-ანჯელესში გაიმართა. მაშინ არტისტებმა თავდაპირველად გლორია გეინორის დისკო-ჰიმნი I Will Survive შეასრულეს, რის შემდეგაც კაილი მინოუგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტის Can’t Get You Out of My Head-ის დუეტიც შედგა.