ტრადიციულად, წინანდლის მამულში, სილქნეტის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსები იკრიბებიან. წლევანდელი წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს გაიხსნა და 11 დღის განმავლობაში სტუმრებს 23 გამორჩეულ კონცერტს შესთავაზებს.
4 სექტემბრის დღის პროგრამა კამერულ დარბაზში „პედაგოგების კონცერტით“ გაიხსნება. მსმენელის წინაშე ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები წარდგებიან: ანტონ სოროკოვი (ვიოლინო), ენრიკო კარარო (ალტი), ამადეო ჩიკეზე (ჩელო), ბრენდან კეინი (კონტრაბასი), სანია რომიჩი (ჰობოი), ალექსანდარ ტასიჩი (კლარნეტი), ანდრეა აცი (ფაგოტი), ნატალინო რიჩიარდო (ვალტორნა), ტამაშ დავიდა (საყვირი), ნირ ერეზი (ტრომბონი) და რაულ კამარასა (პერკუსია).

კონცერტის პროგრამაში სერგეი პროკოფიევის, რიხარდ შტრაუსის, ელიოტ კარტერის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენისა და ლეონარდ ბერნსტაინის ნაწარმოებები შესრულდება.
საღამოს კი ფესტივალი მსმენელს კამერული მუსიკის განსაკუთრებულ პროგრამას შესთავაზებს. ერთ სცენაზე მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსები: პინკას ცუკერმანი – ვიოლინო, საიაკა შოჯი – ვიოლინო, ორი კამი – ალტი, ბრაიან ჩენგი – ჩელო, სერგეი ბაბაიანი – ფორტეპიანო გაერთიანდებიან.
მუსიკოსები ფელიქს მენდელსონის პირველ საფორტეპიანო ტრიოს და იოჰანეს ბრამსის ფა-მინორულ საფორტეპიანო კვინტეტს შეასრულებენ.
4 სექტემბრის პროგრამა კიდევ ერთხელ აერთიანებს ფესტივალის მთავარ იდეას, კლასიკური მუსიკის გამორჩეული ნიმუშების შესრულებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მუსიკოსების მონაწილეობით.
წინანდლის ფესტივალი 13 სექტემბრამდე გაგრძელდება და აუდიტორიას მომდევნო დღეებში კიდევ არაერთ გამორჩეულ კონცერტს შესთავაზებს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ის ბმულზე.