ჩიკ კორიას ლეგენდარული Akoustic Band-ის დამფუძნებელი წევრები, ბასისტი ჯონ პატიტუჩი და დრამერი დეივ ვეკლი, ბექა გოჩიაშვილთან ერთად ახალ ალბომს გამოსცემენ. ალბომი, სახელწოდებით FOR CHICK ჩიკ კორიას შემოქმედებას ეძღვნება.
ქართველი პიანისტი ბექა გოჩიაშვილი თავად ჩიკ კორიას მოსწავლე იყო. ლეგენდარულმა მუსიკოსმა მას თავის დროზე „ჯაზის მომავალი“ უწოდა.
სესიები 2025 წლის დეკემბერში ბრუკლინის ცნობილ Bunker Studio-ში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ალბომში 12 კომპოზიცია შევიდა – მათ შორის არის როგორც Akoustic Band-ის კლასიკური რეპერტუარი და ჩიკ კორიას ნაკლებად ცნობილი ნაწარმოებები, ასევე ორი ახალი კომპოზიცია.

forchick.com
ალბომის გამოცემამდე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გამოვიდა, სადაც ტრიო მუშაობის პროცესსა და ჩიკ კორიას მუსიკალური მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„როცა პატარა ხარ, Marvel-ის ფანი ხარ, სპაიდერმენი და ბეტმენი გიყვარს, მერე კი იზრდები და რეალურ ცხოვრებაში ხვდები სპაიდერმენს – აღმოაჩენ, რომ ისინი ნამდვილები არიან. ახლაც ზუსტად ასეთი რამ ხდება,“ – ამბობს ბექა გოჩიაშვილი ვიდეოს დასაწყისში.

forchick.com
როგორც მუსიკოსები აღნიშნავენ, ორგანული ჰარმონია პირველივე აკორდებიდან იპოვეს და მუსიკაც თავისთავად დაიბადა. ჯონ პატიტუჩი და დეივ ვეკლი ჩიკის შემოქმედებასთან მჭიდროდ დაკავშირებულ კომპოზიციებს ახალი შემოქმედებითი ენერგიით დაუბრუნდნენ, ბექა გოჩიაშვილმა კი საკუთარი ინდივიდუალური ხელწერა შეიტანა.
ალბომი ჩაიწერა, როგორც განსხვავებული, დამოუკიდებელი მუსიკალური გამოცდილება. FOR CHICK ორმაგი ვინილისა და CD-ის სახით გამოიცემა, ასევე ხელმისაწვდომი იქნება სტრიმინგ პლატფორმებზე.

forchick.com

forchick.com
მუსიკოსები ალბომის გამოშვებასთან ერთად 2027 წელს მსოფლიო ტურნესაც აანონსებენ. ტურნე სპეციალურად არის გათვლილი საკონცერტო დარბაზებზე, ხელოვნების ცენტრებზე, ჯაზ-ფესტივალებსა და კამერულ სივრცეებზე.
ჩიკ კორია ამერიკელი ჯაზ-პიანისტი და კომპოზიტორი იყო. ის თანამედროვე ჯაზის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნევა. მოპოვებული აქვს 27 „გრემი“ და 70-ზე მეტი ნომინაცია, რაც მას ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელ არტისტად აქცევს.