წინანდლის ფესტივალის მე-8 სეზონი დასასრულს უახლოვდება. ფესტივალის ფარგლებში, 12 სექტემბერს აუდიტორიას განსაკუთრებული საღამო ელოდება. Lerici Music Festival-თან თანამშრომლობით, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ მასშტაბური მუსიკალური წარმოდგენა – „კარმენი“. პროექტის იდეის, კონცეფციისა და რეჟისურის ავტორია დმიტრი კრიმოვი, ვიზუალურ და ტექნიკურ მხარეზე კი ვიდეოდიზაინერმა პეტერ ვოზნესენსკიმ და განათების დიზაინერმა ეუგენიუს საბალიაუსკასმა იმუშავეს. პროექტის პროდიუსერია ინნა კრიმოვა.
საღამოს მუსიკალურ ნაწილს ილია ინაიშვილი უდირიჟორებს. წამყვან პარტიებს შეასრულებენ: ანიტა რაჭველიშვილი (კარმენი), მიხეილ შეშაბერიძე (დონ ხოსე), ნიკოლოზ ლაგვილავა (ესკამილიო) და ანა ფალავანდიშვილი (მიქაელა).
კლასიკური მუსიკისა და თანამედროვე სცენოგრაფიის სინთეზით, ეს საღამო წინანდლის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იქნება. წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.
I რეგიონის წამყვანი კლასიკური მუსიკის ფესტივალი წინანდლის ისტორიულ მამულში 3 სექტემბერს გაიხსნა და 13 სექტემბერს დაიხურება. 8 სეზონის განმავლობაში წინანდლის ფესტივალის უცვლელი მთავარი წარმდგენი და მხარდამჭერია კომპანია Silknet.