ვეტერანი ჰიპ ჰოპ არტისტი, ემინემი თავისი რიგით მეოთხე ალბომის The Eminem Show ოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით ნამუშევრის გაფართოებულ ვერსიას გამოუშვებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ანიმაციურ სარეკლამო ვიდეოში მუსიკოსი მონიტორების წინ ზის, რომლებშიც რიგრიგობით 2002 წლის ჩანაწერში შესული კომპოზიციები: Without Me, White America, Sing for the Moment, Superman და Cleanin’ Out My Closet ირთვება.
View this post on Instagram
2002 წლის 26 მაისს გავრცელებული ნამუშევარი ალბომის The Marshall Mathers LP შემდეგ გამოვიდა. ის არტისტის კარიერაში რიგით მეორე ჩანაწერი გახლავთ, რომელიც Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოხვდა. დღეს ის თორმეტმაგი პლატინის სტატუსის მფლობელია და 27 მილიონი გაყიდული ეგზემპლარით მსოფლიოში 21-ე საუკუნეში გამოშვებულ ალბომებს შორის რიგით მეორე ყველაზე გაყიდვადი ჩანაწერია. მას მხოლოდ მომღერალ ადელის “21” უსწრებს 31 მილიონი გაყიდული ეგზემპლარით.
აღსანიშნავია, რომ ემინემი წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს დოლი პარტონთან, პეტ ბენატართან, ლაიონელ რიჩისთან, კარლი საიმონთან, Eurythmics-თან და Duran Duran-თან ერთად.
მარშალ მეზერსი დეტროიტელი ჰიპ ჰოპ არტისტია, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან რეპერად მიიჩნევა. სწორედ მან შეუწყო ხელი ამერიკის დიდ ნაწილში ჰიპ ჰოპის პოპულარიზაციას. მისი გლობალური წარმატებისა და საყოველთაოდ აღიარებული ნამუშევრების დამსახურებით ემინემმა შეძლო რასობრივი ბარიერის ნგრევა და ჰიპ ჰოპის მეინსტრიმში თეთრკანიანი რეპერების მიღებას დაუდო დასაბამი. მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Infinite 1996 წელს გამოუშვა. ჯამში მისი დისკოგრაფია 11 სტუდიურ ნამუშევარს ითვლის, რომელთაგან ცხრა Billboard 200-ის სათავეშია მოხვედრილი. არტისტს დღემდე მსოფლიოში 220 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 15 გრემის, ოსკარისა და სხვა მრავალი ჯილდოს მფლობელი მუსიკოსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრია.