Post Malone-მა 28 ოქტომბერს ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც საკუთარ სიმღერას, Bad Mood-ს ჰყვება. ტრეკის სათაური იკითხება როგორც სიმღერის ტექსტში, ისე პოსტზე დართულ ჰეშთეგში #badmood. „როგორც ჩანს, განწირული ვარ“ – მღერის მუსიკოსი ეფექტებით გაჯერებულ, ადვილად დასამახსოვრებელ კომპოზიციაში.
„Eternal Buzz მალე გამოვა. მიყვარხართ, ხალხო“, – წერს მუსიკოსი პოსტის აღწერაში, რომელიც მომავალი ალბომის სათაურზეც მიანიშნებს.
გულშემატკივრები უკვე დიდი ხანია, ვარაუდობენ, რომ Post Malone ჰიპ-ჰოპის საკუთარ, მელოდიურ პოპსტილში დაბრუნებას გეგმავს. ახალი სიმღერის ნაწყვეტიც სწორედ ამას გულისხმობს. Bad Mood ჟღერადობით Post Malone-ის 2018 წლის ალბომ Beerbongs & Bentleys ჟღერადობას ჰგავს. ეს ალბომი Billboard 200-ის ჩარტში სამი კვირის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებდა.
ბოლო წლებში Post Malone-მა წარმატებას ქანთრი მუსიკით შთაგონებული კომპოზიციებითაც მიაღწია. მისმა 2024 წლის ალბომმა F-1 Trillion აშშ-ის ალბომების ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო 2023 წლის Austin მეორე პოზიციაზე გავიდა. მუსიკოსმა Jelly Roll-თან ერთად საკონცერტო ტურნეც გამართა.
როგორც ჩანს, არტისტი მუსიკალურ ფესვებს უბრუნდება. ოქტომბრის დასაწყისში მან გულშემატკივრებს შეატყობინა, რომ Eternal Buzz-ის დასრულებაზე ინტენსიურად მუშაობდა.
„ვწუხვარ, რომ ამდენი დრო დამჭირდა… მოუთმენლად ველი, როდის გაგიზიარებთ ამ მუსიკას. ვამაყობთ იმით, რაც შევქმენით… უამრავი ახალი სიმღერა გელით!!! გპირდებით, რომ შემდეგ ჯერზე სამი წელი აღარ დაგჭირდებათ ლოდინი… ძალიან, ძალიან მიყვარხართ. გახსოვდეთ, რომ საუკეთესოები ხართ!“ – წერდა Post Malone ინსტაგრამზე.
ნახეთ Post Malone-ის ახალი სიმღერის თიზერი: