როსალიამ WSJ. Magazine-ის ინოვატორების დაჯილდოების ცერემონიის სცენა გამოიყენა, რათა პატივი მიეგო ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისთვის.
მომღერლის სამშობლოში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც მაღალსიჩქარიანი მატარებლების შეჯახების შედეგად 69 ადამიანი დაიღუპა. ესპანეთში მიმდინარე წელს ეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა.
„სამძიმარს ვუცხადებ ყველა ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – თქვა მომღერალმა ნიუ-იორკის MoMA-ში გამართულ ღონისძიებაზე ესპანურად. „სარკინიგზო ავარია მოხდა, რასაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსურს, ჩემი სიყვარული და მხარდაჭერა გადავცე ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო.”
უბედური შემთხვევა, რომელიც ევროპაში საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სარკინიგზო კატასტროფად იქცა, 28 ოქტომბერს ესპანეთის ცენტრალურ რეგიონში, კასტილია ლა მანჩაში მოხდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მისი სრულფასოვანი გამოძიების პირობა დადო.
„ჩვენ დღე და ღამე ვმუშაობთ არა მხოლოდ იმისთვის, რომ დაზარალებულთა ოჯახებს დავეხმაროთ, არამედ იმისთვისაც, რომ ამ ტრაგედიის ყველა დეტალი დავადგინოთ და უსაფრთხოების ზომები გავაძლიეროთ, რათა მსგავსი შემთხვევა აღარასდროს განმეორდეს“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
2011 წელს დაარსებული WSJ. Magazine-ის ინოვატორების დაჯილდოება სხვადასხვა სფეროს გამორჩეულ და ნოვატორ ადამიანებს აერთიანებს. მათ შორის არიან მოდის, ხელოვნების, ლიტერატურის, გასართობი ინდუსტრიის, არქიტექტურის, დიზაინის, ტექნოლოგიების, მუსიკის, ქველმოქმედებისა და კულინარიის წარმომადგენლები.
კატალონიელი როსალია წლევანდელ ცერემონიაზე წლის მუსიკალურ ინოვატორად დასახელდა. ეს აღიარება მან Billboard Latin Music Awards-ზე რამდენიმე ჯილდოს, მათ შორის Billboard Hall of Fame-ის მიღებიდან სულ რამდენიმე დღეში მოიპოვა.
მისი ბოლო, 2025 წელს გამოცემული პროექტით LUX, როსალიამ პირველად დაიკავა ადგილი Billboard 200-ის ტოპ ათეულში და მეოთხე პოზიცია მოიპოვა. ალბომი მომღერლის ყველაზე ამბიციურ ნამუშევრად მიიჩნევა და 13 ენაზე შესრულებულ სიმღერებს აერთიანებს. პროექტი „ბილბორდის” ხუთ ჩარტში ლიდერობდა. ცოტა ხნის წინ მომღერალმა LUX-ის მხარდასაჭერი ტურნეც დაასრულა, რომლის ფარგლებშიც 57 სრულად გაყიდული კოცერტი გამართა.
დაჯილდოების ცერემონიის სტუმრებს შორის ასევე იყვნენ: დუა ლიპა, Ciara, კარა დელევინი და A$AP Rocky.