9 ნოემბერს ჰარი სტაილსმა Spotify-სთან თანამშრომლობით გულშემატკივრებს Harryween-ის ექსკლუზიური კულისებსმიღმა კადრები გაუზიარა. Harryween არტისტის ტრადიციული, ჰელოუინის სპეციალური კონცერტია, რომელიც ამჯერად ნიუ-იორკული ტურნე-რეზიდენციის – Together,Together-ის ფინალური შოუს სახით გაიმართა და ზუსტად 31 ოქტომბერს დაემთხვა.
„დახუჭეთ თვალები, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ“, – ამბობს სტაილსი ვიდეოს დასაწყისში. შემდგომი კადრები კი კონცერტამდე 10 საათით ადრეა გადაღებული და ასახავს, თუ როგორ მიემართება ის მანჰეტენზე მდებარე Madison Square Garden-ისკენ.
არენაზე შესვლის შემდეგ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ემზადება ვარსკვლავი შოუსთვის და დარბაზის კიბეებზე დარბის. პარალელურად იწყება ჰიტი Ready, Steady, Go!, რომელმაც Billboard Hot 100-ში მე-15 ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ ჰარი საგრიმიოროში მიდის და თავის ცნობილ Pizza Rat-ის კოსტიუმს ირგებს.
Harryween-მდე გამართულ შოუზე ჰარის ელვის პრესლის კოსტიუმი ეცვა და 2010 წლის X Factor-ის შესარჩევი ტურის იმიჯიც გააცოცხლა, უშუალოდ Harryween-ისთვის კი Pizza Rat-ის იერსახე აირჩია. სპეციალური კოსტიუმებით გამოჩნდნენ მისი ბენდის წევრებიც, რომლებიც ნიუ-იორკის სხვა სიმბოლოებად – ჰოთ-დოგებად და ყვითელ ტაქსებად გარდაიქმნენ.
ფინალურ კონცერტზე New York Knicks-ის კაპიტანმა, ჯელენ ბრანსონმა სტაილსს სამახსოვრო ბანერი გადასცა, რომელიც მომღერლის 30-კონცერტიან უპრეცედენტო სერიას მიეძღვნა. ამასთან, Madison Square Garden-ის სივრცეში ახალი გამოფენა – Defining Moments გაიხსნა,სადაც ჰარის 10-კვირიან რეზიდენციასთან დაკავშირებული ექსპონატები გამოიფინა.
ვიდეოს დარჩენილ ნაწილში ჩანს, როგორ ერთობა სტაილსი სცენაზე.
Together, Together-ის შოუების სერია 27 ნოემბერს ავსტრალიური ტურნეთი განახლდება, სადაც 6 კონცერტია დაგეგმილი, რის შემდეგაც არტისტი მცირე პაუზას აიღებს. სცენას ის 2-3 აპრილს დაუბრუნდება და შოუს არიზონაში მდებარე State Farm Stadium-ზე გამართავს. ჩრდილოეთ ამერიკის ტურნეს მეორე ეტაპი 2027 წლის 5 ივნისამდე გაგრძელდება, 2 ივლისიდან კი ევროპული 19-კონცერტიანი ტური დაიწყება, რომელიც ლონდონის ლეგენდარულ სტადიონზე – Wembley-ზე, ჯგუფ Tears for Fears-თან ერთად გამართული სამი შოუთი დასრულდება.
სტაილსის ეს მასშტაბური ტურნე მისი მეოთხე სტუდიური ალბომის – Kiss All the Time. Disco,Occasionally-ს მხარდასაჭერად იმართება. ალბომის დებიუტი Billboard 200-ის სათავეში შედგა,ხოლო სინგლმა, სახელწოდებით Aperture Billboard Hot 100-ის პირველი ადგილი დაიკავა. ალბომში შედის სხვა ჰიტებიც: American Girls, Dance No More და Coming Up Roses.
იხილეთ Together, Together: Harryween Edition-ის კულისებსმიღმა სრული ვიდეო: