პლატფორმა Amazon Prime-მა ინგლისელი მომღერლის, ჰარი სტაილზის მონაწილეობით გადაღებული ფილმის My Policeman პირველი თრეილერი გამოაქვეყნა. კინოსურათი ბეთან რობერტსის ამავე სახელწოდების ნოველას ეფუძნება, რომელიც მოგვითხრობს დაქორწინებული, ფარულად გეი პოლიციელის, სახელად ტომის შესახებ. მას 28 წლის პოპვარსკვლავი ასახიერებს. მოვლენები 1950-იან წლებში ვითარდება.
• ნახეთ: ჰარი სტაილზი პროექტში The First Take სიმღერას Boyfriends ასრულებს
თრეილერში სტაილზის პერსონაჟი ნახატს უყურებს, რომელზეც ტალღებია გამოსახული. მას გვერდზე მამაკაცი, სახელად პატრიკი უდგას, რომელთანაც მოგვიანებით ურთიერთობას დაიწყებს.
“შეგიძლია, შეიგრძნო ტალღები, როგორი ძლიერია ისინი”, – ასეთია პასუხი.
ამის შემდეგ კადრებში ტომი და მისი ცოლი მერიონი ჩნდებიან, რომლის როლსაც მსახიობი ემა კორინი ასრულებს.
ფილმი კინოგაქირავებაში 21 ოქტომბერს ჩაეშვება, “ამაზონ პრაიმზე” კი 4 ნოემბერს გამოჩნდება. ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ჰარი სტაილზი მთავარ როლს შეასრულებს. ბოლოს მან ქრისტოფერ ნოლანის Dunkirk-ში მიიღო მონაწილეობა. მომღერალი მიმდინარე წლის სექტემბერში აგრეთვე ოლივია უაილდის ფსიქოლოგიურ თრილერში Don’t Worry Darling ითამაშებს.
თრეილერთან ერთად პრომოუშენის ფარგლებში ფილმის My Policeman პოსტერიც გამოქვეყნდა.
My Policeman teaser trailer tomorrow. pic.twitter.com/0jQx6mcpAV
— Prime Video (@PrimeVideo) June 14, 2022
მუსიკოსი ფართო საზოგადოებამ 2010 წელს ბოიბენდში One Direction მოღვაწეობით გაიცნო. 2017 წელს მან სადებიუტო სტუდიური ალბომი Harry Styles გამოუშვა, რომელსაც Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი ერგო. 2019 წელს იგივე შედეგი ჰარის მეორე ნამუშევარმა Fine Line გაიმეორა. 2021 წელს არტისტმა სიმღერით Watermelon Sugar გრემიზე საუკეთესო პოპ სოლო შესრულების ნომინაციაში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ სტაილზი პირველი მამაკაცია, რომელიც ჟურნალ Vogue-ის ყდაზე მარტო დაბეჭდეს.