ცნობილი ირლანდიური როკ კოლექტივის, U2-ს ფრონტმენმა ბონომ სამაუწყებლო კომპანია BBC-ის პოდკასტში Desert Discs გაიხსენა, როგორ აღმოაჩინა 2000 წელს, რომ კიდევ ერთი ძმა ჰყოლია.
როგორც არტისტი იხსენებს, დედამ, რომელიც 14 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაეცვალა, ქმრის სხვა შვილის შესახებ არაფერი იცოდა.
მუსიკოსმა პოდკასტში სტუმრობისას აგრეთვე დაასახელა რვა ჩანაწერი, რომელსაც დაუსახლებელ კუნძულზე წაიღებდა. ესენია: პიტერ ფრემპტონის Show Me the Way, ბობ დილანის Every Grain of Sand, ემელი სანდეს ნამღერი Abide With Me, ნოელ გალაჰერის ჯგუფის High Flying Birds მიერ შესრულებული Dead in the Water, ბენდ Inhaler-ის Ice Cream Sundae, ანჯელიკა კიჯოს Agolo, ვერდის La Traviata Prelude to Act 1 და შოტლანდიური როკ კოლექტივის Simple Minds კომპოზიცია Someone Somewhere in Summertime.
მოუსმინეთ პოდკასტს ბონოს მონაწილეობით აქ.
ბონომ განსაკუთრებული პოპულარობა U2-ს წევრობით მოიპოვა. ის დუბლინში 1976 წელს ჩამოყალიბებული ჯგუფის ვოკალისტი და მთავარი ლირიცისტია. კოლექტივს მუსიკის ისტორიაში ყველაზე მეტი, 22 გრემი აქვს მოპოვებული ბენდებს შორის. 22 გრემის მფლობელ არტისტებს კარიერის განმავლობაში 14 ალბომი აქვთ გამოშვებული. 170 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით U2 მუსიკის ინდუსტრიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად რჩება. ბენდის სიმღერები With or Without You და I Still Haven’t Found What I’m Looking For სხვადასხვა დროს ბილბორდის ჩარტებში პირველ პოზიციას იკავებდა.