ამერიკელმა პოპ მომღერალმა, კელი კლარკსონმა ტელეკომპანია NBC-ის ეთერში, საავტორო გადაცემის The Kelly Clarkson Show მუსიკალურ ნაწილში Kellyoke, კანადელ-ამერიკელი არტისტის, ალანის მორისეტის ჰიტი Ironic შეასრულა.
• მოუსმინეთ: კელი კლარკსონმა ახალი ჩანაწერი Kellyoke გამოუშვა
https://www.youtube.com/watch?v=4GUV6icnHzI
კომპოზიცია, რომელიც 1996 წლის 13 აპრილს გამოვიდა, ბილბორდის ცხელ ასეულში მეოთხე პოზიციაზე მოხვდა და ჯამში ჩარტში 32 კვირის განმავლობაში დარჩა. ნამუშევარმა ამავე წელს საუკეთესო ალბომის კატეგორიაში გრემი დაიმსახურა. მაშინ 21 წლის მორისეტი ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსად ჩაითვალა, ვისაც ეს ჯილდო მიუღია. მისი სტუდიური ალბომი Jagged Little Pill კი ჩარტის Billboard 200 სათავეში მოექცა.
აღსანიშნავია, რომ კელიმ ახლახან EP სახელწოდებით Kellyoke გამოუშვა, რომელშიც მის საავტორო გადაცემაში ნამღერი კომპოზიციების ქავერ ვერსიები შევიდა. ჩანაწერში სულ ექვსი სიმღერაა წარმოდგენილი, ესენია: ლინდა რონსტადტის Blue Bayou, უიქენდის Call Out My Name, უიტნი ჰიუსტონის Queen of the Night, შეიდის Trampoline, ბილი აილიშის Happier Than Ever და ჯგუფ Radiohead-ის ჰიტი Fake Plastic Trees.
კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. ამავე წელს გამოსული მისი კომპოზიცია A Moment Like This ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა და წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლის სტატუსი დაიმსახურა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.