რეჟისორის და დრამატურგის გარეშე შექმნილი წარმოდგენა ხუთმა არტისტმა: მუსიკოსმა, მსახიობებმა, მოდის დიზაინერმა და ვიდეოარტისტმა ერთობლივად შექმნეს. ინტერვიუების და სხვა ტიპის დოკუმენტური მასალების გამოყენებით შექმნილი აუდიო-ვიდეო ვიზუალი სპექტაკლს ზღაპრულ, იდუმალ შტრიხებს სძენს, სადაც ავტორების მთავარი საკვლევი მასალა დიასახლისების ცხოვრება და შრომაა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სტრესული, ფიზიკურად დამღლელი და დამრთგუნველი შეიძლება იყოს რეალურ სამსახურად არასოდეს აღიქმება.
„ჩემთვის როგორც არტისტისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ამ სპექტაკლში ტექსტზე მუშაობა და დოკუმენტური მასალების მოპოვება, რაც გულისხმობდა ინტერვიუებს დიასახლის ქალებთან და მათი კვლევა, საინტერესო პროცესი იყო ტექსტის წერა, რომელიც ქართული ხალხური ზღაპრის „ანანას“ მიხედვით შეიქმნა.
როდესაც დოკუმენტურ მასალაზე მუშაობ გიწევს ადამიანებთან კომუნიკაცია, მუშაობ რეალურ ამბებზე და პირდაპირი კონტაქტი თავდაპირველად საკმაოდ რთულად მეჩვენებოდა, მაგრამ როგორც კი დავიწყეთ მუშაობა პროცესი საკმაოდ სასიამოვნო აღმოჩნდა.
ერთსაათიან მუსიკალურ სპექტაკლში აქცენტი ვიზუალზეა გაკეთებული, გამომდინარე იქიდან რომ სპექტაკლს არ აქვს კონკრეტული შინაარსი, თავიდანვე გვინდოდა რომ მორალი არ გამოჩენილიყო. ჩვენი ინსპირაცია ქართული ხალხური ზღაპარია, რომელსაც „ანანა“ ჰქვია. სპექტაკლში ფარული პერსონაჟის სახით არსებობს მხეცი, რომელიც იმ სისტემების სიმბოლოს წარმოადგენს, ვინც ქალებისთვის იდეალურ სტანდარტებს ქმნის და აწესებს. გინდა არ გინდა უნდა მოერგო და თუ ვერ მოერგები ამ სტანდარტებს საზოგადოებისთვის მისაღები ვერ ხდები.“ – თამარა ჩუმაშვილი მსახიობი.
სამი თვის განმავლობაში შემოქმედებითი ჯგუფი დიასახლისი ქალების ყოველდღიურ ცხოვრებას იკვლევდა, წერდნენ ინტერვიუებს და მოპოვებული მასალების დაყრდნობით ხდებოდა სპექტაკლის ფორმირება. წარმოდგენის მხატვრული ტექსტი ქართული ხალხური ზღაპრის „ანანა“ მიხედვით შეიქმნა, სადაც სრულქმნილ ანანას ზეადამიანურ ქმედებებს სხვა ქალებიც იმეორებენ და ამ იდეალურობის მიღწევის მცდელობაში იღუპებიან.
„ხუთი ქალი არტისტი შევიკრიბეთ და ვიცოდით, რომ ასევე ქალებზე უნდა გაგვეკეთებინა პროექტი, კერძოდ დიასახლისებზე. საკმაოდ საპასუხისმგებლო და რთული აღმოჩნდა მუსიკოსის და მსახიობის როლის შეთავსება, თუმცა მაინც გავბედე და კმაყოფილი ვარ. ვაგროვებდი მუსიკალურ მასალებს, რაც უნდა გამოგვეყენებინა. გარკვეული ტრეკები უკვე არსებობდა, დაიწერა ტექსტები, რომელიც შემდეგ სიმღერებად გარდაიქმნა. მიხარია, რომ მთელი სპექტაკლი ძალიან მუსიკალური გამოვიდა. მელოდიები, რასაც ვმღერით მსახიობებმა ერთად გავაკეთეთ. არის არსებული ტრეკები გადამუშავებული, მუსიკა დოკუმენტურ მასალაზეც გაკეთდა. ჩვენი სალაპარაკო ენა სპექტაკლში სრულად მუსიკალურია.
ძალიან ბევრს ვფიქრობდით თუ როგორ შეიძლება აჩვენო და წარმოადგინო დიასახლისები. ვნერვიულობდი იმაზე, თუ რამდენად საკმარისია ჩემი სქესი იმისთვის, რომ ვილაპარაკო ქალებზე. ბოლოს იქამდე მივედით, რომ გვინდოდა გვეჩვენებინა ყოველდღიურობა, ყველასთვის ძალიან ბუნებრივი რამ, რაც ყველას გვესმის და ვიცით.“ – გვანცა ენუქიძე – მუსიკოსი და მსახიობი.