ესპანელმა პოპმუსიკოსმა როზალიამ, სატელევიზიო შოუში Saturday Night Live სტუმრობისას, მაყურებლებს თავისი ახალი ალბომიდან MOTOMAMI ორი სიმღერა: Chicken Teriyaki და La Fama შესთავაზა. ამ უკანასკნელს არტისტი კანადელ სუპერვარსკვლავ The Weeknd-თან ერთად ასრულებს.
როზალიას ახალი სტუდიური ჩანაწერი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ გავრცელდა. მისმა 2018 წლის ნამუშევარმა El Mal Querer გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო ლათინური როკ, ურბანული ან ალტერნატიული ალბომის კატეგორიაში გაიმარჯვა, მიიღო ხუთი ლათინური გრემი, ასევე, დაიმსახურა პირველი ადგილი ბილბორდის ლათინური პოპ ალბომების ჩარტში.
ესპანელი არტისტი SNL-ის სცენაზე უკვე მეორედ გამოჩნდა. გასულ წელს ის სატელევიზიო შოუში პუერტორიკოელ შემსრულებელ ბედ ბანისთან ერთად კომპოზიციით La Noche De Anoche წარდგა. აღსანიშნავია, რომ გადაცემის ახალ ეპიზოდს ამერიკელი მსახიობი, ზოი კრავიცი გაუძღვა.