ცნობილი სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის წევრ ჯეი-ჰოუპს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადება ჯგუფის ლეიბლმა BigHit Music პლატფორმა Weverse-ის საშუალებით გაავრცელა.
“გვსურს, გაცნობოთ ჯეი-ჰოუპის COVID-19-ით ინფიცირების შესახებ. მას ყელი ასტკივდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში PCR ტესტი გაიკეთა. მუსიკოსი სამი დოზითაა ვაქცინირებული და ამჟამად ყელის გარდა არაფერი აწუხებს. ის თვითიზოლაციაშია და სახლში მკურნალობს. “ბითიესის” სხვა წევრებს ჯერჯერობით რაიმე სიმპტომი არ გამოვლენიათ. ჯეი-ჰოუპი სცენას აპრილში დაუბრუნდება. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ მას ხელს იმისთვის, რომ სწრაფად გამოჯანმრთელდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში ქალაქ ლას ვეგასში, 65,000 ადამიანის ტევადობის Allegiant Stadium-ზე “ბითიესის” ოთხი კონცერტია დაგეგმილი.
BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს “ბითიესი” ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. ბიჭები 2022 წლის გრემიზე დუეტის/ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Butter არიან წარდგენილი.