ამერიკელმა ინდი პოპ არტისტმა, ფიბი ბრიჯერსმა ახალი კომპოზიცია Sidelines დააანონსა. ნამუშევარი პლატფორმა Hulu-ს სერიალში Conversations With Friends გაჟღერდება. მუსიკოსმა სატელევიზიო შოუს ტრეილერი, რომელშიც სიმღერის ნაწყვეტი ისმის, ინსტაგრამის გვერდზე გააზიარა. ტრეკი 15 აპრილს გავრცელდება, სერიალის ხილვა კი 15 მაისიდან იქნება შესაძლებელი.
ფიბიმ ბოლო სტუდიური ალბომი Punisher 2020 წელს გამოუშვა, რომელსაც 4 სიმღერისგან შემდგარი EP სახელწოდებით Copycat Killer მოჰყვა. მას შემდეგ 27 წლის არტისტმა ჯულიან ბეიკერთან, ლუსი დაკუსთან და MUNA-სთან კოლაბორაციული კომპოზიციები ჩაწერა. მან აგრეთვე დააქავერა ამერიკელი მომღერლის, ბო ბერნჰემის ნამუშევარი That Funny Feeling.
კალიფორნიელი მუსიკოსი, ფიბი ბრიჯერსი სოლო კარიერის დაწყებამდე როკ ჯგუფში Sloppy Jane მოღვაწეობდა. 2017 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Stranger in the Alps გამოუშვა, რომელმაც კრიტიკოსების მხრიდან დადებითი შეფასებები მიიღო. მისმა მეორე სტუდიურმა ჩანაწერმა Punisher კი უკვე საყოველთაო აღიარება დაიმსახურა. ფიბი აგრეთვე ჯგუფების boygenius და Better Oblivion Community Center წევრია.