სამხრეთკორეული ბოიბენდი SEVENTEEN ვიდეორგოლთან ერთად პირველ ინგლისურენოვან კომპოზიციას Darl+ing ავრცელებს. მუსიკოსებმა ნამუშევარი თავიანთი გლობალური ფანდომის, სახელად CARAT-ის მიმართ მადლიერების ნიშნად გამოუშვეს.
Darl+ing პირველი ნამუშევარია კოლექტივის ახალი, რიგით მეოთხე ალბომიდან, რომელიც, ბენდის ლეიბლის Pledis Entertainment ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში ჩაეშვება გაყიდვაში. ჩანაწერის გამოცემის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ბოლო EP სახელწოდებით Attacca არტისტებმა 2021 წელს გამოუშვეს. მან ბილბორდის ჩარტში US World Albums პირველი ადგილი დაიკავა.
ბოიბენდმა SEVENTEEN, რომელშიც 13 წევრია, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. ორ წელიწადში ბიჭებმა სადებიუტო EP სახელწოდებით 17 Carat გამოუშვეს. კოლექტივი სამ ნაწილადაა დაყოფილი: ჰიპ ჰოპ შემსრულებლებად, მომღერლებად და მოცეკვავეებად. ჯგუფს დღემდე სამი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.