ცნობილი კანადელი შემსრულებელი The Weeknd თავის ბოლო ალბომში Dawn FM შესული სინგლის Out of Time რემიქს ნაკრებს ავრცელებს, რომლებზეც ჰაიტელ-კანადელ პროდიუსერ Kaytranada-სთან ერთად იმუშავა. ალტერნატიულ ვერსიებთან ერთად, ფლეილისტში სიმღერის თავდაპირველი ჩანაწერი და მისი ინსტრუმენტალია წარმოდგენილი.
32 წლის უიქენდმა სინგლის Out of Time ვიდეორგოლი ახლახან გამოაქვეყნა. მასში სერიალ Squid Game-ის ვარსკვლავი, ჰოიონ იუნგი და მსახიობი ჯიმ ქერი მონაწილეობენ.
აღსანიშნავია, რომ დღემდე უიქენდის ექვსი ჰიტი მოხვდა ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში, ტოპ ათეულში კი თოთხმეტი. Out of Time-მა კი ჩარტში ჯერჯერობით მხოლოდ 32-ე ადგილს მიაღწია.
რემიქსების ნაკრების გამოშვებამდე, უიქენდმა სუპერჯგუფ Swedish House Mafia-სთან ერთად ფესტივალ “კოაჩელაში” დაუგეგმავად მიიღო მონაწილეობა, რადგანაც რეპერმა ქანიე ვესთმა თავისი გამოსვლა ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე გააუქმა.
კანადელმა მუსიკოსმა, აბელ ტესფაიემ, სასცენო სახელით The Weeknd, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მან სახელი მიქსტეიპებით House Of Balloons, Thursday და Echoes Of Silence გაითქვა, რომლებიც მოგვიანებით კომპილაციური ალბომის სახით გამოუშვა.
2013 წელს უიქენდმა სადებიუტო სტუდიური ალბომი Kiss Land გაავრცელა. ორი წლის შემდეგ გამოცემული Beauty Behind the Madness კი მისი პირველი ჩანაწერი გახდა, რომელიც Billboard 200-ის სათავეში მოხვდა. წარმატებული აღმოჩნდა მუსიკოსის ალბომები Starboy და After Hours, რომლებმაც ჩარტებში ლიდერი პოზიციის გარდა, კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურეს. დღეისთვის ბოლო, მეხუთე ნამუშევარი Dawn FM უიქენდმა 2020 წლის იანვარში გამოუშვა. ოთხი გრემის მფლობელი მუსიკოსის შემოქმედება ალტერნატიული არენბისა და პოპის სინთეზია.
ლუის სელესთინმა კი, ფსევდონიმით Kaytranada, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი “99.9%” გაყიდვაში 2016 წელს ჩაეშვა. 3 წლის შემდეგ პროდიუსერი მსმენელს ახალი სტუდიური ნამუშევრით Bubba დაუბრუნდა, რომელმაც მოგვიანებით გრემის ორი ჯილდო დაიმსახურა. მუსიკალური კარიერის განმავლობაში არტისტმა ისეთ შემსრულებლებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Beyonce, Rihanna, Missy Elliott, Mobb Deep, Busta Rhymes, The Roots, Talib Kweli და სხვები.