ბრიტანელი რეპერი M.I.A. კომპოზიციას The One ავრცელებს და რიგით მეექვსე სტუდიურ ალბომსაც აანონსებს. ტრეკი არტისტის პირველი ახალი ნამუშევარია 2020 წლის შემდეგ.
რაც შეეხება ალბომს, მუსიკოსმა ბოლო ჩანაწერი AIM 2016 წელს გამოსცა. ახალი ნამუშევრის MATA გავრცელების თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია. არსებული ინფორმაცით, მას არტისტი Island Records-თან თანამშრომლობით გამოუშვებს.
შრილანკელი ტამილების ოჯახში დაბადებულმა მათჰანგი არულპრაგასამმა, სასცენო სახელით M.I.A., სამოქალაქო ომის გამო სამშობლო 11 წლის ასაკში დატოვა და ლონდონში ლტოლვილის სტატუსით გადავიდა საცხოვრებლად. მან შემოქმედებითი მოღვაწეობა 1999 წელს დაიწყო. მიას პირველმა ორმა ალბომმა Arular და Kala კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა. უკანასკნელ მათგანში შემავალმა სინგლმა Paper Planes კი ბილბორდის ცხელ ასეულში მეოთხე პოზიცია მოიპოვა. ჩარტის პირველ ადგილზე შემსრულებელი 2020 წელს რეპერ ტრევის სკოტთან ერთად ჩაწერილი ჰიტით Franchise მოხვდა. ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ Time არტისტი 2009 წელს მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.