პოპ შემსრულებელმა, კელი კლარკსონმა ტელეკომპანია NBC-ის ეთერში, საავტორო გადაცემის The Kelly Clarkson Show მუსიკალურ ნაწილში Kellyoke, ცნობილი ინგლისელი მომღერლის, ჯორჯ მაიკლის კლასიკა Careless Whisper შეასრულა. მას სცენაზე ტრადიციულად თავისი ლაივ ბენდი Y’all ახლდა.
• ნახეთ: კელი კლარკსონი ჰიტს Georgia on My Mind ასრულებს
კომპოზიცია მაიკლმა თავისი ჯგუფის Wham! წევრთან, ენდრიუ რიჯლისთან თანამშრომლობით დაწერა. ნამუშევარი სამი კვირის განმავლობაში ბილბორდის ცხელ ასეულში პირველ ადგილს იკავებდა. ტრეკი დუეტმა 1984 წელს გამოუშვა. ის ალბომში Make It Big შევიდა, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტის სათავეში სამი კვირა გაატარა.
მაიკლი, რომელიც 2016 წელს გარდაიცვალა, ავტობიოგრაფიულ წიგნში იხსენებდა, რომ კომპოზიციის Careless Whisper დაწერის შთაგონება ავტობუსით მგზავრობისას მიიღო. მისი თქმით, სიმღერა თინეიჯერობისას თავისი შეყვარებულის ღალატით გამოწვეულ სინანულს უკავშირდება.
კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. ამავე წელს გამოსული მისი კომპოზიცია A Moment Like This ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა და წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლის სტატუსი დაიმსახურა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.