სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS ახალ სინგლზე Yet to Come შექმნილი ტექსტური ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჯგუფის ანიმირებული წევრები მონაწილეობენ. ვიზუალურ ნამუშევარში არემი, ჯინი, შუგა, ჯეი-ჰოუპი, ვი და ჯონგუქი სასკოლო ავტობუსის სახურავზე დგანან, შემდეგ კი მათ გარშემო არსებული უდაბნოს თვალიერებას იწყებენ.
მოგვიანებით ჯადოსნურ ვეშაპს ბიჭები კუნძულზე გადაჰყავს. ჯეი ჰოუპი იქ სათამაშო თვითმფრინავის კეთებას იწყებს, არემი წიგნს კითხულობს, ვი ფოტოებს იღებს, შუგა პიანინოზე დაკვრაში ვარჯიშობს, ჯონგუქი ხატავს, ჯინი თევზაობს, ჯიმინი კი კატას ეთამაშება. აღსანიშნავია, რომ კოლექტივი 28 ივნისს ახალ თამაშს BTS Island: In the SEOM უშვებს.
სინგლის ორიგინალური ვიდეორგოლი ბენდმა 9 ივნისს გაავრცელა. ერთი დღის შემდეგ მათ კრებული Proof გამოუშვეს, რომელიც Billboard 200-ის ჩარტში პირველ პოზიციაზე გავიდა. ეს ჯგუფის მეექვსე ნამუშევარია, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია. ამის შემდეგ ბიჭებმა შემოქმედებითი პაუზის აღების შესახებ განაცხადეს და აღნიშნეს, რომ სოლო პროექტებზე ფოკუსირებას აპირებენ.
• BTS-ის რომელი წევრის სოლო ალბომს ელოდებიან ყველაზე მეტად ფანები
ჯგუფი BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს “ბითიესი” ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. კოლექტივს დღემდე 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ბენდი მათ იაპონურ ენაზეც უშვებს. ბიჭებს ისეთ ვარსკვლავებთან უთანამშრომლიათ, როგორებიც არიან: Halsey, Megan Thee Stallion, Coldplay და სხვა.