დუეტის ჩაწერის გასაჯაროებიდან ერთი თვის შემდეგ, ელტონ ჯონმა და ბრიტნი სპირსმა სიმღერაზე “Hold Me Closer” უკვე ვიდეოკლიპიც წარმოგვიდგინეს.
თავად მომღერლები კლიპში არ ჩანან. ვიდეოში, რომელიც უკრაინელმა რეჟისორმა ტანია მუინომ გადაიღო, მოცეკვავეები მეხიკოს ფონზე თანამედროვე ქორეოგრაფიას ასრულებენ.
“ეს ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, რადგან, შეიძლება ითქვას, რომ ბრიტნისთან ერთად გავიზარდე. ვიდეორეჟისორობაც სწორედ მისი კლიპის “Slave For You” ნახვის შემდეგ გადავწყვიტე. ელტონ ჯონი კი სიმბოლოა, რომლის სიმღერებზეც მთელი მსოფლიო გაიზარდა. ამ ვიდეოს რომ ვიწყებდი, ვიცოდი, რომ აუდიტორიას დიდი მოლოდინი ექნებოდა. მქონდა პასუხისმგებლობა, რომ რაღაც მოულოდნელი და განსხვავებული უნდა გამეკეთებინა. ცეკვა ისეთი თანამედროვე და პროგრესული უნდა ყოფილიყო, რომ ელტონს და ბრიტნის ეამაყათ. ეს ჯადოსნობა რომ გადაგვეღო, მეხიკოში ჩემს ყველა საყვარელ ადგილას ვიყავით. მოვიყვანეთ ქორეოგრაფი ჯეიკობ ჯონასი, რომელიც დღეს საუკეთესო თანამედროვე ქორეოგრაფიას ქმნის. Საუკეთესო მოცეკვავეები, გუნდი და მსოფლიოს ყველაზე ჩაკეტილ ადგილებზე წვდომა ჩვენთვის მარტივი გახდა, რადგან ყველას სურდა ელტონ ჯონთან მუშაობა და მისი შემოქმედების ნაწილად ქცევა.” განაცხადა ტანია მუინომ პრესკონფერენციაზე.
ელტონ ჯონმა კი ვიდეოკლიპი საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე დადო და დაწერა: “ნახეთ გასაოცარი ცეკვის ვიდეო, რომელშიც განუსაზღვრელი ინტიმურობის გრძნობაა, რაც დღეს ასე გვაკლია შფოთითა და არეულობით სავსე სამყაროში.”
ვიდეოკლიპის ნახვა შეგიძლიათ აქ