თბილისს ცნობილი გერმანელი მსახიობი და რეჟისორი მარტინ ვუტკე ესტუმრა. ვუტკემ საერთაშორისო აღიარება კვენტინ ტარანტინოს „უსახელო ნაბიჭვრებში” მონაწილეობით მოიპოვა, სადაც ის ადოლფ ჰიტლერის როლს ასრულებს.
სხვადასხვა დროს მარტინ ვუტკე მუშაობდა ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან ფრანკ კასტორფი, ჰაინერ მიულერი, აინარ შლეიფი და სხვა.
თბილისში ჩამოსულმა მსახიობმა შეხვედრა გამართა სტუდენტებთან, მაყურებელთან და თეატრალური სფეროს წარმომადგენლებთან. ისაუბრა საკუთარ კარიერაზე, თამაშის სტილსა და სამსახიობო ოსტატობაზე. მარტინ ვუტკემ მისთვის გამორჩეული რეჟისორების ნამუშევრებზე გაამახვილა ყურადღება და აუდიტორიას მათი ერთობლივი სპექტაკლებიდან ნაწყვეტები უჩვენა.
შეხვედრაზე მარტინ ვუტკემ დამწყებ რეჟისორებს რჩევებიც გაუზიარა. „მთავარია თქვენი უნიკალური პრაქტიკა შექმნათ. ყოველმა ახალმა თაობამ საკუთარი მეთოდი უნდა იპოვოს და ამ მეთოდების მრავალფეროვნება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე თავად სიუჟეტი.”
მსახიობმა და რეჟისორმა ისაუბრა ამ ორი პროფესიის შერწყმის სირთულეებზეც. „ყველაზე რთული მომენტი ზუსტად ეს არის, როცა ხარ სპექტაკლის რეჟისორიც და მსახიობიც. მსახიობი პასუხისმგებელია საკუთარ როლზე, რეჟისორი კი მთლიან სპექტაკლზე. ასე რომ, როცა შენს სპექტაკლში თავადვე თამაშობ, დიდი გამოწვევაა, მიხვდე, როდის მიუშვა შენში მსახიობი და როდის დააბრუნო რეჟისორი. ეს პარტნიორებისთვისაც რთულია. წარმოიდგინეთ, როცა როლს თამაშობ და იცი, რომ ამ დროს შენი პარტნიორი რეჟისორის თვალით გიყურებს.”
მარტინ ვუტკე საქართველოში სოხუმის თეატრის მოწვევით ჩამოვიდა. 2023 წლის სეზონზე კი გერმანელი რეჟისორი ამავე თეატრის სცენაზე დადგამს სპექტაკლს იოსეფ როთის ნაწარმოების მიხედვით „ფრენა დასასრულის გარეშე.”
„როცა დავით საყვარელიძეს პირველად შევხვდი ბერლინში, მან საქართველოში დამპატიჟა, თან მომიყვა აქ არსებული სიტუაციის შესახებ. და უცებ ეს ნაწარმოები გამახსენდა. მოქმედება პირველი მსოფლიო ომისა და მის შემდგომ პერიოდში ხდება და ვფიქრობ, დღეს ძალიან აქტუალურია. მთელი ეს ამბავი დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ სიტუაციასთან, რომელშიც დღეს ყველანი ვიმყოფებით. მგონია, რომ ეს სპექტაკლი კარგი სასხლეტი იქნება, რომ დავფიქრდეთ, ვისაუბროთ და გავიაზროთ, რა მდგომარეობაში ვართ ახლა.”
სპექტაკლის პრემიერა სოხუმის თეატრის სცენაზე შედგება. ამის შემდეგ კი დასი ნამუშევარს ბერლინში წაიღებს.
დავით საყვარელიძე, სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:
„მარტინ ვუტკე ძალიან დიდი ვარსკვლავია და ძალიან გვეამაყება, რომ ჩვენთან არის. ბოლო დროს დიდია უცხოელების დაინტერესება ჩვენი თეატრის მიმართ, ამიტომ გადავდივართ საერთაშორისო პროექტებზე. შემდეგი იქნება ინგლისთან თანამშრომლობა, საიდანაც ძალიან ძლიერი რეჟისორი – მიკ გორდონი Ჩამოვა. რაც შეეხება სპექტაკლს, რომელიც მარტინ ვუტკემ შემოგვთავაზა, ეს არის ამბავი მუდმივ დევნილობაში მყოფ ადამიანზე. ვფიქრობთ, ძალიან უხდება ჩვენს თეატრს, რომელსაც 30 წელი უსრულდება დევნილობაში. სწორედ 2023 წელს სრულდება 30 წელიწადი, რაც აფხაზეთი დავკარგეთ. სიმბოლური თარიღია და გვინდა, ჩვენც ღირსეულად შევხვდეთ.”