12 ოქტომბერს, ოცდამეათე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში, გორის ქალთა კამერული გუნდისა და აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის „შავნაბადას“ კონცერტი გაიმართება. ეს მათი პირველი ერთობლივი მუსიკალური თანამშრომლობა იქნება.
გორის ქალთა კამერული გუნდისა და აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის რეპეტიციები ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საღამოზე 17 მუსიკალური ნომერი შესრულდება. 12 ოქტომბერს კი, ქართულ ტრადიციულ მუსიკასთან ერთად, მსოფლიო მუსიკის საგუნდო ჟანრის ნაწარმოებები გაჟღერდება.
თეონა ცირამუა – გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელი: „აქ მოსულ სტუმრებს ვპირდებით ორი კოლექტივის დიდ მეგობრობას, სიყვარულს და ხარისხს. ვეცდებით ყველაფერი იყოს მოწოდების სიმაღლეზე, როგორც ორივე კოლექტივს შეეფერება.”
დათო ცინცაძე – ანსამბლ “შავნაბადას” ხელმძღვანელი: „მთავარია, რომ მსმენელს ჩვენი რეპერტუარი მივაწოდოთ ისე, როგორც ეს ჩვენ გვინდა. ეს ძალიან საინტერესოა და სწორედ ამით არის განსაკუთრებული ასეთ კონცერტებზე დასწრება. განსხვავებული საღამო იქნება.”
საღამო „ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში” 12 ოქტომბერს, 19:30 საათზე გაიმართება.