საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ჯგუფმა ,,არამ” მონოჰოლში კონცერტი გამართა.
22 ოქტომბერს მონოჰოლის სცენაზე ,,არას” მსმენელის საყვარელი მუსიკა გაჟღერდა. შესრულდა სამი ახალი სიმღერაც. ,,თბილისი რუკაზე”, რომელიც, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა, ორი კი სრულიად ახალი სიმღერის პრემიერა შედგა. ,,ვარდობის ქუჩა” და ,,უარი” აუდიტორიამ პირველად მოისმინა.
,,ეს დღეა განსხვავებულია იმით, რომ ,,არას” კონცერტზე ამდენი მუსიკოსი სცენაზე არასდროს ვყოფილვართ. დღეს ბევრნი ვართ, დამატებული ბექ ვოკალები, ჩასაბერები, ორი გიტარისტი, ორი პიანისტი”,- დათო გოგისვანიძე, მუსიკოსი.
,,ყველა მუსიკოსის ცალკეული ინტერპრეტაცია და სიახლეა შემოტანილი, ძელი მუსიკა განვაახლეთ, მაგრამ ისევ ჩვენებურად. გამორჩეულია იმით, რომ დაბადების დღე მაქვს, ჩემი ბევრი მეგობარია აქ, კარგად გავერთეთ, განსხვავებული ,,არა” იყო”,- თორნიკე აბულაძე.
,,მადლობა რომ არსებობთ, მეგობრებო. დიდი ხანი ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის” – ზურა ჯავახიამ სცენიდან მსმენელს მიმართა. მონოჰოლში გამართულ კონცერტზე სიმღერა ,,თბილისი რუკაზე” ორჯერ გაჟღერდა. ჯგუფმა სიმღერა ბიბიჩასთან ერთად შეასრულა, შემდეგ კი განსხვავებული ვერსია ლუკა თოფურიასთან და საბა ქასრაშვილთან ერთად შემოგვთავაზა.
,,წელს გვქონდა საკმაოდ დატვირთული წლის პირველი ნახევარი. ვიმუშავეთ და ჩავწერეთ რამდენიმე სიმღერა, რომლიდანაც მხოლოდ ,,თბილისი რუკაზე” გვაქვს ხელმისაწვდომი. სხვა სიმღერებზე მიდის მუშაობა. 4 წლის წინ გამოვუშვით ბოლო ალბომი, ახლაც ასეთი წელია, ისევ ვიკრიბებით, ისევ ახალ სიმღერებს ვწერთ და ვასრულებთ. ვფიქრობთ რა მოუხდება ამ ყველაფერს – ჩასაბერების სექცია, საქსოფონი, საყვირი, ბექები და ასე შემდეგ. ახლახან დავფიქრდი, რომ ათი წელი გადის რაც ეს ჯგუფი შეიქმნა. ათი წლის თავზე საუკეთესო კონცერტი კი უნდა გააკეთო კაცმა”,- ზურა ჯავახია, მუსიკოსი.
,,არა” ახალი EP-ისთვის ემზადება, როგორც ზურა ჯავახიამ აღნიშნა, ჯგუფი შეეცდება მიმდინარე Წლის ბოლომდე კიდევ ერთი ახალი ნამუშევარი გამოუშვას.