„რედიო და ჯულიეტა” საბალეტო დადგმაა, სადაც შექსპირის ნაწარმოები და რედიოჰედის მუსიკაა გაერთიანებული. მსოფლიო წარმატების შემდეგ წარმოდგენის ნახვის შესაძლებლობა თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე ქართულ აუდიტორიასაც მიეცა. სპექტაკლს უკრაინული საბალეტო დასი ასრულებს.
„სამი დღის წინ ჩამოვედით უკრაინიდან. ქვეყნიდან, რომელიც ყოველდღე იბომბება. ჩვენ ვიცით, რომ ქართველებს ეს ისე გეხებათ, როგორც არავის სხვას. მადლობელი ვართ თქვენი ქვეყნის იმისთვის, რომ მხოლოდ სიტყვით კი არა, საქმითაც ჩვენ გვერდით ხართ. ქართული ლეგიონი კი უკვე ლეგენდად იქცა უკრაინულ ბრძოლის ველზე. ჩვენ ერთი დნმ გვაქვს – თავისუფალი ადამიანების დნმ”, – განაცხადა პროექტის თანაპროდიუსერმა ალექსანდრ პოლევოიმ სპექტაკლის წარდგენისას.
„რედიო და ჯულიეტა” 2005 წელს ქორეოგრაფმა ედვარდ კლუგმა სლოვენიაში დადგა. „ჩემი მიზანი არ ყოფილა უბრალოდ ამბის ახლიდან მოყოლა. მე მინდოდა ის აუდიტორიისთვის სულ სხვა პერსპექტივიდან შემეთავაზებინა”, – ამბობს ქორეოგრაფი.
სხვა პერსპექტივა კი ჯულიეტას ხედვაა და მაყურებელიც სწორედ მისი თვალით დანახულ მოვლენებს მიჰყვება. მთავარი ცვლილება კი სიუჟეტის დასასრულშია: რომეოს სიკვდილის შემდეგ ჯულიეტა ცოცხალი რჩება.
სპექტაკლში ერთი ქალი და ექვსი მამაკაცი ცეკვავს. დროთა განმავლობაში მსახიობები შეიცვალნენ, გარდა რომეოს როლის შემსრულებლისა, რომელიც დადგმაში 2005 წლიდან მონაწილეობს.
დენის მატვიენკო, რომეოს როლის შემსრულებელი:
„რედიო და ჯულიეტა” ედვარდ კლუგისა და ჩემი ერთობლივი პროექტია. 17 წელია ამ ბალეტს ვცეკვავ და ის დღემდე აქტუალურია. ეს აბსოლუტურად თანამედროვე ქორეოგრაფიაა, რომლითაც შექსპირის სიუჟეტს გადმოვცემთ. არიან მთავარი გმირები – რომეო, ჯულიეტა, ტიბალტი, მერკუციო. არის სიკვდილი და სიყვარული – ეს ყველაფერი კი მოყოლილი სრულიად თანამედროვედ.”
ალექსეი პოლევოი, პროექტის თანაპროდიუსერი:
„ბალეტის ამ ფორმით დადგმის მთავარი მიზანი ორი იყო: ერთი ის, რომ უკრაინა ძირითადად საბჭოთა კულტურით არის ცნობილი – ჩაიკოვსკი, „მაკნატუნა” და ა.შ. ჩვენ კი გვინდოდა, გვეჩვენებინა, რომ რაღაც განსხვავებულის შექმნაც შეგვიძლია. მეორე იყო ის, რომ გვსურდა, ბალეტის აუდიტორია გაგვეზარდა. დაგვეინტერესებინა ახალგაზრდები, რომლებსაც ეს სფერო დიდად არ აინტერესებდათ. ამიტომაც ავირჩიეთ რედიოჰედიც და ვფიქრობ, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ.”
“რედიო და ჯულიეტა” თბილისის კულტურის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება იყო. კვირეული უკრაინის მხარდაჭერას მიეძღვნა.