უილი ნელსონი, რომელიც აპრილში 90 წლის გახდება, მთავარი გმირია 5-ნაწილიანი დოკუმენტური ფილმისა, რომლის პრემიერაც სანდენსის კინოფესტივალზე შედგა. როგორც ფილმის ერთ-ერთი რეჟისორი თომ ზიმნი ამბობს, „უილი ნელსონი და ოჯახი” ეს არის პორტრეტი საკულტო პერსონისა, რომელმაც სილამაზითა და ბრძოლით სავსე მდიდარი ცხოვრებით იცხოვრა.
ფილმი წარმოაჩენს ნელსონის პერსონას, რომელიც ბავშვობაში ისეთივე მომღერალ კოვბოიობაზე ოცნებობდა, როგორებსაც ფილმებში ხედავდა. მალე კი მისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული მომღერალი, მსახიობი და ავტორი გახდა, რომელმაც ტრაგედიებისა და ტრიუმფის დეკადები განვლო.
„მამა უსახლკარო იყო. სახლი დაეწვა. ოთხჯერ იყო ქორწინებაში. ჰქონდა აღმასვლები და დაღმასვლები. განადგურდა. დაკარგა შვილი… აი, ეს ყველაფერია, რაც მას ჩემს შთაგონების წყაროდ აქცევს – მისი შეუპოვრობა განსაცდელის ჟამს” – ამბობს ნელსონის ვაჟიშვილი, ლუკას ნელსონი.
„ჩემს თავს უილის ამბავთან ბევრ დონეზე ვაკავშირებ” – ამბობს თომ ზიმნი. „Ნელსონის მუსიკა ძალიან კინემატოგრაფიულია და მისი ამბავი გვიყვება ადამიანზე, რომელიც მუსიკასთან ძალიან ღრმადაა დაკავშირებული. Რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გვქონდა ნდობა და მხარდაჭერა ოჯახისგან, რომ დავმსხდარიყავით უილისთან ერთად და აღმოგვეჩინა მისი ცხოვრების განსხვავებული ეპიზოდები.”
როგორც ფილმის მეორე რეჟისორი ორენ მოვერმანი აღნიშნავს, ფილმის მონახაზი პანდემიამაც განაპირობა. „ამ ჩაკეტილობამ მოგვცა საშუალება, რომ ღრმად შევსულიყავით და ჩაგვეყვინთა მის ისტორიაში. ვიცოდით რა, თუ როგორ უყვარს უილი ხალხს და როგორ ზრუნავენ მასზე, ჩვენ ვგრძნობდით პასუხისმგებლობას, რომ მათთვის მისი რეალური ცხოვრება გვეჩვენებინა. რეალური ცხოვრება კი მოიცავს ბნელ მომენტებსაც. ეს არ არის მხოლოდ იმის ჩვენება, თუ როგორი მხიარულია უილი. Მის ცხოვრებაში ნამდვილი ბრძოლები და დრამატული მომენტები იყო. ჩვენი დიდი პრივილეგია კი ის იყო, რომ უილი ამის შესახებ ბოლომდე გაგვეხსნა. Მან და მისმა მეუღლე ენიმ უბრალოდ გაგვიღეს სახლის კარი და გვითხრეს: მოდი ვისაუბროთ.”
ფილმი ნელსონის ამჟამინდელ და ასევე ძველ ინტერვიუებს მოიცავს.
მიუხედავად იმისა, რომ „უილი ნელსონი და ოჯახი” მომღერლის ცხოვრების თითქმის ყველა მნიშვნელოვან ეტაპს ეხება, საერთო ჯამში ნაკლებ თანმიმდევრული და ქრონოლოგიურია. ეს უფრო ექსკურსიაა უილის სამყაროში, ამბობენ რეჟისორები. „უილის სამყაროს დინებას უნდა მიჰყვე, სადაც ამ წერტილებს შეაერთებ და საბოლოოდ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანთან მიხვალ” – ამბობს მოვერმანი. „უილი ნელსონი არის ადამიანი, რომელმაც არა მხოლოდ მუსიკის ყველა ჟანრი, არამედ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებიც კი გააერთიანა. ყველა კონფლიქტის ყველა მხარე. ასე რომ, დიახ, ჩვენ ის გვჭირდება. ჩვენ მისი განკურნების ძალა გვჭირდება.”