კვირას გამართულ 2023 წლის Super Bowl-ის მუსიკალურ შოუზე სტადიონის აუდიტორიის და მრავალრიცხოვანი საეთერო მაყურებლის წინაშე, პოპ ვარსკვლავი რიანა წარდგა. State Farm-ის სტადიონზე გამართული შოუს მსვლელობისას, მუსიკოსმა თავისი არაერთი ჰიტი შეასრულა.
13-წუთიანი შოუს განმავლობაში, რიანამ გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მას დიდი გავლენა აქვს – მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ხანს ალოდინებს თავის მუსიკალურ გულშემატკივრებს. რიანამ ბოლო ალბომი, სახელწოდებით Anti 2016 წელს გამოუშვა. ნამუშევარმა კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა, მაგრამ ამის შემდეგ, სუპერ ვარსკვლავი მუსიკალურ სცენაზე თითქმის აღარ გამოჩენილა. 2022 წელს მას პარტნიორისგან, რეპერ A$AP Rocky-სგან პირველი შვილი შეეძინა. 2022 წლის მიწურულს კი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, პირველი სინგლი – Lift Me Up გამოუშვა. სიმღერა ფილმის, სახელწოდებით Black Panther: Wakanda Forever საუნდტრეკია. 2023 წლის „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე კომპოზიცია ფილმისათვის შექმნილი საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაში იყო წარდგენილი. Lift Me Up ამერიკის კინოაკადემიის 2023 წლის დაჯილდოებაზეც არის ნომინირებული. Super Bowl -ის ტაიმებს შორის გამართულ შოუზე კი ვარსკვლავმა დაამტკიცა, რომ მისი მუსიკალური კარიერა ჯერ არ დასრულებულა.
სასცენო შესრულება რიანამ სიმღერით Bitch Better Have My Money დაიწყო. მომღერალი მოძრავ სცენაზე წითელი კოსტიუმით გამოჩნდა. სწორედ სასცენო იმიჯით გამჟღავნდა მისი ორსულობა, რადგან ვარსკვლავს კოსტიუმში გაზრდილი მუცელი ეტყობოდა.
რიანას პერფორმანსმა ისეთი ცნობილი ტრეკები გააერთიანა, როგორებიც არის: Only Girl (in the World), We Found Love, S&M, Rude Boy, Work და სხვა. Diamonds-ის შესრულებისას, ცაზე ფოიერვერკი გაუშვას, Umbrella-ს სიმღერისას კი სცენაზე ხელოვნური წვიმა წამოვიდა. Umbrella რიანამ მარტო შეასრულა – შოუს დროს Jay-Z სანახაობას აუდიტორიისათვის განკუთვნილი ადგილიდან ადევნებდა თვალს.
რიანას Super Bowl Halftime Show-ზე მონაწილეობა 2019 წელსაც შესთავაზეს, თუმცა მაშინ ვარსკვლავმა უარი განაცხადა. გულშემატკივრებისათვის უცნობია, კონკრეტულად რამ დაარწმუნა რიანა, რომ წლევანდელ შოუში მიეღო მონაწილეობა, თუმცა ცხადია, რომ მას საკმაოდ სოლიდური ჰონორარი გადაუხადეს.
გასულ წლებში, Super Bowl Halftime Show -ს მონაწილეებმა სხვადასხვა გზა აირჩიეს იმისათვის, რომ შოუ აღსანიშნავი ყოფილიყო და მათ მუსიკალურ კარიერაშიც მნიშვნელოვანი კვალი დაეტოვებინა. 2022 წელს Mary J. Blige-მა Super Bowl-ის ფინალამდე ორი დღით ადრე თავისი მე-14 სტუდიური ალბომი გამოსცა. 2021 წელს კი, The Weeknd -მა ჰიტების ალბომი, The Highlights გამოუშვა. თუმცა რიანამ წინამორბედების სტრატეგია არ გაითვალისწინა, რადგან ის ყველაფერს ყოველთვის თავისებურად აკეთებს.
რიანამ საკუთარი ბრენდებიც გამოიყენა იმისათვის, რომ მისი პერსონის მნიშვნელობა კიდევ უფრო წინ წამოეწია. Savage x Fenty-ის სპეციალური კოლექციის მაისურზე ეწერა – „რიანას კონცერტი საფეხბურთო თამაშის გამო შეწყდა. უცნაურია, მაგრამ არა უშავს“. შოუს მსვლელობისას, პოპ ვარსკვლავმა მაკიაჟიც შეისწორა. ამისათვის თავისსავე ბრენდის – Fenty Beauty-ის ნაკრები გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ მაკიაჟის ღრუბელს ამერიკული პროფესიონალური ფეხბურთის ბურთის ფორმა ჰქონდა.
საბოლოოდ შოუ აპლოდისმენტებით და აუდიტორიის ოვაციებით დასრულდა. ამ მომენტს რიანა ჰაერში დაკიდებული მოძრავი სცენიდან ადევნებდა თვალს.