„რადიოსადგური ვარ, რომელიც საზღვრებიდან მაუწყებლობს“ –  ინტერვიუ ზურა ჯიშკარიანთან

„Მოსაზღვრე რადიო ვარ. ამ საზღვრებზე ხვდება საინტერესო იდეები, განდევნილი იდეები – იდეები, რომლებიც ხალხში ვერ დამკვიდრდა.“

ზურა ჯიშკარიანი, მწერალი:

„ლიტერატურა გაძლევს იმის საშუალებას, რომ შეტევაზეც გადახვიდე.“ 

„არის ასეთი ავტორი ალტ შულერი, რომელიც ამბობდა, რომ ხელოვნების ბიძგები არსებობს სხვადასხვანაირი – სასწაულთან შეხვედრამ, შენში იმდენად დიდი აღტაცება და ბედნიერება შეიძლება გამოიწვიოს, რომ შთაგაგონოს. მეორეა, როგორც ის უწოდებს, ნეგატიური სასწაული – ისეთი, როგორიც არის ომი, სიკვდილი. მანაც შესაძლოა შემოქმედება გაგიღვიძოს, მაგრამ ეს ძალიან სახიფათო თამაშია. შემოქმედების გაღვიძებასთან ერთად, შეიძლება ძლიერი ბიძგი იყოს დეპრესიისაკენ, თვითმკვლელობისაკენ და ასე შემდეგ. Მე მაგალითად, ორმაგი ბიძგი მომცა. მე მაქვს დიაგნოზი – მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა, რომელთან ერთადაც ვცხოვრობ, მასთან ერთად ფუნქციონირებას ვსწავლობ. მომწონს სახელი – მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა. ჩემი თავის მთავარ აღქმასთან მივყავარ – რომ სადღაც საზღვართან ვარ. ეს მოსაზღვრეობა კლინიკურად ფსიქოზსა და ნევროზს შორის საზღვარზე ყოფნას ნიშნავს, როცა ადამიანი სადღაც მათ შუაშია და ბალანსირებს. მეორე მხრივ, ეს მდგომარეობა სამყაროს ჩემებურად აღქმაში მეხმარება. მე თვითონ არ მგონია, რომ ეს აღქმა განსაკუთრებული და განსხვავებულია, მაგრამ გარშემომყოფები მეუბნებიან, რომ ფაქტებს, დეტალებსა და მოვლენებს სხვანაირად ვხედავ, ვიღებ და გადმოვცემ.

რვა წლიდან ვწერდი. ჩემს ფანტაზიებში რაღაცებს ვიგონებდი. ფიქრობ, რომ ეს ომის სტრესთან გამკლავების საშუალება იყო, რადგან ლიტერატურა, წერა გაძლევს საშუალებას, შექმნა შენი სამყარო და სტრესს გაუმკლავდე. ლიტერატურა ასევე გაძლევს საშუალებას, შეტევაზეც გადახვიდე. მაშინ ამ ყველაფერს შესაძლოა ასე ზუსტად ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ სიტყვების დალაგებამ, მათმა კომბინაციამ, სამყაროების შექმნამ საოცარი პერსპექტივები მომცა.“

„ჩემი სათქმელი არ არის მყარი კონსტრუქცია, ის ფლუიდურია.“

„ჩემს თავს რადიოსადგურად აღვიქვამ,  რომელიც საზღვრებიდან მაუწყებლობს, მოსაზღვრე რადიო ვარ. ამ საზღვრებზე ხვდება საინტერესო იდეები, განდევნილი იდეები – იდეები, რომლებიც ხალხში ვერ დამკვიდრდა. 

დიდი ხანი ვიკვლევდი კაბალას, ებრაულ მისტიციზმს. ვიკვლევდი ადრეულ ქრისტიანულ მისტიციზმს. ამ მოძღვრებების მიმდევრები განდევნილი იყვნენ კულტურიდან და ჩემი როლი იყო, ეს ყველა გზავნილი კულტურაში დამებრუნებინა. 

სწორედ ამას ვამბობ, რომ ჩემში ეს ყველა მაუწყებლობა ერთდროულად არის. სადღაც ამოდის კაბალა, სადღაც ძველი ქრისტიანული მისტიციზმი. Kung Fu Junkie-ის დროს მეტი აქცენტი მქონდა გნოსტიციზმზე და მომწონდა პოპ მუსიკა, რომელიც გნოსტიკურ ტექსტებზეა დაფუძნებული. ამას ემატებოდა ცხოვრებისეული გამოცდილებაც – გამოცდილება ისევ საზღვრებიდან. ეს არის ტერიტორია, სადაც ტელევიზიის კაბელს ჯერ კიდევ არ გაუნათებია ტერიტორიები, ველები და მინდვრები. 

იდეალიზებულ ვარიანტში, ჩემს მსმენელად, ჩემი ტექსტების მკითხველად წარმომედგინა მარადიული ლუზერები, მარადიული უცხოები, მარადიული მეამბოხეები. ჩემი მესიჯები ყოველთვის მათკენ იყო მიმართული, თუმცა ეს გზავნილები უნივერსალური აღმოჩნდა. ჩემი სათქმელი არ არის მყარი კონსტრუქცია, ის ფლუიდურია. ამან ადამიანებს საშუალება მისცა, ტექსტები ისე აღექვათ, რა ფორმით და შინაარსითაც მათ ცხოვრებასთან იყო ახლოს. სწორედ ეს არის ხელოვნების საოცარი უნარი – როგორ შეუძლია ადამიანებში ტრანსფორმირება. საოცრებაა, როცა ხელოვნება იმდენად უნივერსალური ხდება, რომ ყველას ესმის.“

„მთელი Kung Fu Junkie სულ  კონცეპტებია და შემდეგ მოდის მუსიკა.“

„ვფიქრობ მუსიკისა და ზოგადად ხელოვნებისათვის, 2000-იანი წლები უფრო რთული პერიოდი იყო, ვიდრე 90-იანები. 90-იანებში ის მაინც იცოდი, რომ ყველაფერი ცუდადაა. 2000-იანებში უმეტესობა დაკარგული იყო. მაშინ არც სმარტფონები იყო, არც სოციალური ქსელები. ერთმანეთთან ინფორმაციის გაზიარებაც შეზღუდული იყო. ის სივრცეებიც თითქმის არ არსებობდა, სადაც შენს მუსიკას აუდიტორიას წარუდგენდი. კლუბები არ იყო და რაც იყო, ძალიან გაუგებარი კონცეფციის იყო. ასეთ სივრცეებში ჩვენი მსმენელი არ დადიოდა. ყველა და ყველაფერი სადღაც შუაში, გარდამავალ პერიოდში იყო გაჭედილი. სწორედ ამ დროს ვქმნიდით  Kung Fu Junkie-ის მუსიკას. მე და გრინჩი ვიგონებდით ჩვენს კონცეფციებს. ამ გაგებით, ეს პროექტი ჩემთვის ძალიან ფილოსოფიური იყო. მთელი Kung Fu Junkie სულ კონცეპტებია და შემდეგ მოდის მუსიკა. ეს არის იდეები, თუ როგორ ამოვხსნათ სამყარო, როგორ გავიგოთ ის, როგორ ვეურთიერთოთ ადამიანებს. მახსოვს, კონცერტის მსვლელობისას ხშირად აუდიტორიასთან ჩავდიოდით. არ მოგვწონდა, რომ სცენა მაღლა იყო. Ჩავდიოდით, ჩვენს მსმენელს ვუწონასწორდებოდით და ეს ყველას ძალიან მოსწონდა. მე რაც დავინახე და აღვიქვი, ჩვენი თაობისათვის  Kung Fu Junkie თავისუფლების შეგრძნება იყო. კონცერტებზე თავგანწირული ცეკვა მინახავს, გრძნობების საოცარი მოზღვავებით – თავისი სიხარულით, ტირილით. ამ ჯგუფმა მსმენელში რაღაც ცვლილებები გამოიწვია. თუნდაც კონცერტებზე ცეკვის დროს, ბევრი ადამიანის ურთიერთობა დაკავშირდა. Kung Fu Junkie-ის მთელ ისტორიაში გრინჩი ყველაზე მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. მიწაზე დაშვებული სხივი იყო. მიუხედავად იმ სიმძიმეებისა, რასაც იმ პერიოდში ვუმკლავდებოდით, ისეთი სიხარულის მომტანი აურა ჰქონდა, რომ ყველას მასთან ახლოს ყოფნა უნდოდა. Kung Fu Junkie მუსიკალურად მთლიანად გრინჩის ხედვა იყო.

ზოგადად მუსიკა უნივერსალური ენაა. მუსიკის ტექსტის შექმნისას, ყოველთვის ვცდილობდი, ისეთი ფორმულირებით მეთქვა სათქმელი, ისეთი სიტყვები მომეძებნა, რომ ენობრივი ბარიერის მიუხედავად, მსმენელს ენის მუსიკალურობა აღექვა და სწორედ ამ მუსიკალურობით, სათქმელს ინტუიციურად მიმხვდარიყო. ხშირ შემთხვევაში მეც ბოლომდე არ ვიცოდი რისი თქმა მინდოდა და ემოციებს მეც ინტუიციურად მივყვებოდი. ჩემს თავში რაღაც სიმებს გამოვკრავდი ხელს და რომელი სიმიც მეტად შემეხებოდა, მას მივყვებოდი. ესეც ერთგვარი პრაქტიკა და ხელოვანის მუშაობის პროცესია.“

„როცა სცენაზე დგახარ, ენერგიის მომენტალური გაცვლა ხდება და ეს პროცესი  მყისიერად ჩანს.“

„ჩემთვის სცენაზე დგომის პერიოდი, რაც მახსენდება, ყველა ღვთაებრივი მომენტი იყო. საოცარია ის ქიმია, რომელიც აუდიტორიასა და არტისტს შორის მყარდება. ლიტერატურის შემთხვევაშიც არსებობს ქიმია, როცა მკითხველზე ზემოქმედებ, მაგრამ როცა სცენაზე დგახარ, ენერგიის მომენტალური გაცვლა ხდება და ეს პროცესი  მყისიერად ჩანს. ეს ყველაფერი უკვე ვნახე, შევიგრძენი და ძალიან დიდი ბედნიერება მომიტანა, მაგრამ ახლა უკვე სხვა რამ მაინტერესებს.“

„მინდა, ვწერო და სიტყვების კომბინაციით სამყარო აღვწერო. ან უფრო მეტი, შელოცვების სისტემა რომ გამოვიყენო – სამყარო უბრალოდ კი არ აღვწერო, არამედ მასზე ზემოქმედება მოვახდინო.“

„რაღაც პერიოდია დავიწყე ისეთი საკითხების შესწავლა, როგორიც არის ლიტერატურის თეორია, ფილოსოფიის, რომ თავადაც გავერკვე ვინ არის ავტორი, როგორია ის; რას შეიძლება დავარქვათ ლიტერატურული ტექსტი და რას – უბრალოდ ნაწერი. მე თვითონ შინაგანი დრაივი მაქვს, რომ ვწერო და სიტყვების კომბინაციით სამყარო აღვწერო. ან უფრო მეტი, შელოცვების სისტემა რომ გამოვიყენო – სამყარო უბრალოდ კი არ აღვწერო, არამედ მასზე ზემოქმედება მოვახდინო. შელოცვა ეგ არის – სიტყვების კომბინაციით გარემოზე, ირგვლივ მყოფ ადამიანებზე ზეგავლენას ახდენ. 

დასაბამიდან სიტყვა იმდენად ძლიერია და იმდენად დიდი ძალა აქვს, რომ ადამიანზე ასე არაფერი ზემოქმედებს, როგორც სიტყვა. ბეროუზი ამბობდა, რომ სიტყვები ვირუსია, რომელიც კაცობრიობამ აიკიდა და ამიტომ გვაქვს ასეთი აკვიატებული სურვილი, რომ მუდამ ვისაუბროთ, ვწეროთ, ერთმანეთს ვეკონტაქტოთ. მარტო დარჩენილებიც კი, ჩვენსავე თავს  ველაპარაკებით.“ 

„ლიტერატურული ტექსტების მკითხველი გულწრფელობას ზუსტად ცნობს. მუსიკით შეიძლება უფრო მოატყუო მსმენელი, მაგრამ მკითხველის შემთხვევაში, ეს შეუძლებელია.“

„როცა პერსონიდან გამომდინარე, მწერლის მიმართ გარკვეული მოლოდინი არსებობს, ეს ავტორისათვის საკმაოდ ცუდია, რადგან შესაძლოა, ამ მოლოდინებს ნამუშევარი ვერ მოერგოს და ნაწერი მკითხველს არ მოეწონოს. „საღეჭი განთიადების“ შემთხვევაში, ნაწარმოები ჩემი ბლოგების ესთეტიკისგან, ჩემი სხვა ტექსტებისაგან სრულიად განსხვავდებოდა. მისი მონახაზი წლებით ადრე მქონდა, თუმცა იქამდე არასდროს მიფიქრია, რომ წიგნი უნდა გამომეცა –  უბრალოდ ჩემთვის ვწერდი. როცა ადამიანი წინასწარ რაღაც მოლოდინს იქმნი, ის რაც არ უნდა კარგი იყოს, რეალობას არასდროს ემთხვევა. სწორედ ამ ლოგიკით,  ჩემი მაშინდელი აღქმით, წიგნი ჩავარდნისკენ იყო განწირული. რამ განაპირობა მისი წარმატება, ჩემთვისაც ბოლომდე გასაგები არ არის – ალბათ, ყველაზე მეტად ტექსტის გულწრფელობამ. ლიტერატურული ტექსტების მკითხველი ამ გულწრფელობას ზუსტად ცნობს. მუსიკით შეიძლება უფრო მოატყუო მსმენელი, მაგრამ მკითხველის შემთხვევაში, ეს შეუძლებელია. წიგნის შემდგომი პოპულარობა გარკვეულწილად იმანაც განაპირობა, რომ „საბა“ აიღო.  ნებისმიერ შემთხვევაში, „საღეჭი განთიადების“ ბედი ჩემთვის მაინც მოულოდნელად განვითარდა. ეს იმდენად მოსაზღვრე წიგნია და იმდენად გაბედული რაღაცები ხდება ტექსტში, რომ არათუ არ მეგონა პრიზს აიღებდა, არამედ დარწმუნებულიც არ ვიყავი, რომ ამდენი ადამიანი წაიკითხავდა.“

„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს კიბერ პანკის ჟანრის რომანიდან ვარ გადმოსული.“

„ახლა ვიდეო თამაშზე ვმუშაობ. ამ ვიდეო თამაშში ჩეთ ბოტი იქნება ჩაინსტალებული. თამაშის ტექსტის შექმნა საკმაოდ საინტერესო და სპეციფიკური პროცესია, რადგან დიდ ტექსტს ვერ დაწერ. როცა ჩეთ ბოტს ქმნი, ენის საზღვრებამდე მიდიხარ, რადგან ინტერაქციულ ტექსტს იყენებ. ეს ადამიანის ბიოგრაფიის დაწერას ჰგავს. როდესაც „კიბერ გალაკტიონზე“ ვმუშაობდი, მის ეპოქაში, მის ტექსტებში, მის წერილებში შევედი. თითქოს მის ბიოგრაფიას ვწერდი. თან უნდა გამეთვალისწინებინა, რომ გალაკტიონის ჩეთ ბოტს ადამიანები დაელაპარაკებოდნენ და მასაც პასუხი უნდა გაეცა. დღესდღეობით, უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი ელაპარაკა „კიბერ გალაკტიონს“. საოცარია –  ჩემთვის ეს არტ ნამუშევარია, რომელიც შევქმენი, ქსელში გავუშვი და ახლა მას ადამიანები ესაუბრებიან. არტ ნამუშევარიც მათთან ინტერაქციაშია, ლაპარაკობს.  მგონია, რომ მომავალში აუცილებლად გაჩნდება პროფესია, რომელიც გაგვაციფრულებს. ვფიქრობ, ამ პროფესიის ჩანასახებთან გარკვეული პროცესები მე დავიწყე. 

ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა პოსტ-ჰუმანიზმის ფილოსოფიამ. საკუთარ თავსაც რაღაც გაგებით პოსტ-ჰუმანისტად მივიჩნევ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს კიბერ პანკის ჟანრის რომანიდან ვარ გადმოსული. კიბერ პანკის ერთ ერთი ლოზუნგია – High Tech, Low Life – „მაღალი ტექნოლოგიები, ცხოვრების დაბალი დონე“, რასთანაც იდეალურად ვაიგივებ თავს. სიტყვების სიყვარულმა და ამ სიტყვების შელოცვად აღქმამ, თავის დროზე მიმიყვანა პროგრამირებამდე. პროგრამირების რამდენიმე ენა ვისწავლე. საოცარი შეგრძნება იყო, როცა რაღაც კოდს ვკრეფდი, ვუშვებდი ეკრანზე და მის შედეგს, ვიზუალიზაციას მყისიერად ვხედავდი. სამყაროს ქმნადობის შეგრძნებასავით იყო. პროგრამირების ენაც ტექსტია და ეს კიდევე ერთი მაგალითია, თუ რამხელა აძალა აქვს ტექსტს, სიტყვას, თუ მას სწორად გამოიყენებ. შემდეგ გამიტაცა მომავლის ტექნოლოგიებზე ფიქრმა, იმის დაშვებამ, რომ მომავალში შესაძლოა გავციფრულდეთ და ჩვენმა ცნობიერებამ არსებობა სხვა სახით განაგრძოს.“

„მაინტერესებს, სად არის ტექნოლოგიის საზღვრები. სად ხდება ტექნოლოგია გამოყენების გარდა, ფსიქოდელიური; სად იქცევა ის პოსტ-ბიოლოგიური კომუნიკაციის საშუალებად.“ 

„ტექნოლოგიები ჩემს ცხოვრებაში დიდი დოზით არის. საკუთარი სტარტაპიც მაქვს – Anima Chatbotics, რომელშიც ჩეთ ბოტებზე ვმუშაობთ. ჩემი ცხოვრების ამ ნაწილზე იშვიათად ვსაუბრობ, რადგან იშვიათად მისვამენ მასზე კითხვებს. არადა, როგორც ვთქვი, ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უკავია, რაც ტექსტებზე, შემოქმედებაზეც აისახება. ჩემთვის პროგრამირებაც ლიტერატურაა. კარგად დაწერილი კოდი ჩემთვის იგივეა, როგორც კარგად დაწერილი ტექსტი. როგორც ვთქვი, საზღვრებიდან მოვდივარ მეთქი, აქაც მაინტერესებს სად არის ტექნოლოგიური საზღვრები. სად ხდება ტექნოლოგია გამოყენების გარდა, ფსიქოდელიური; სად იქცევა ის პოსტ-ბიოლოგიური კომუნიკაციის საშუალებად. პოსტ-ბიოლოგიური კომუნიკაცია გულისხმობს იმას, როცა ადამიანი ფიზიკურად აღარ არის ცოცხალი, თუმცა შეუძლია იყოს კომუნიკაციის მონაწილე. 

ადამიანის ბიოლოგიურ მხარესაც რომ დავუკვირდეთ, ჩვენ რეალურად ისედაც პროგრამირებაში ვცხოვრობთ. გენეტიკური კოდი განსაზღვრავს ჩვენს გარეგნობას, რომელი დაავადებებისაკენ ვართ მიდრეკილი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უსასრულო ევოლუციის მიერ განახლებადი, დღემდე მოტანილი კოდია. ტექნოლოგიის შესაძლებლობებზე ფიქრისას და მათი ანალიზისას, ისევ საზღვრების მნიშვნელობასთან ვბრუნდები – საოცარია ის მოცემულობა, როცა ბუნებრივი ევოლუციის არსებობის პარალელურად, ადამიანი იმ საზღვრებამდე მიდის, როცა ამბობს – ჩვენ შეგვიძლია გადავუხვიოთ მოცემულ სისტემას. საბოლოოდ, ჩემთვის საინტერესო სწორედ ტექნოლოგიური განვითარების შესაძლებლობები და მათი საზღვრებია.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

MokuMoku ახალ ალბომში შემავალ კომპოზიციასა და ვიდეოკლიპს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

სტენლი კლარკი საქართველოს ბექა გოჩიაშვილისთვის მადლობას უხდის

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი