90-იანებში შექმნილი და დღემდე აქტუალური ანდერგრაუნდ-ალტერნატიული მუსიკა, რომელიც ყველასგან განსხვავებული სახასიათო ხმის ტემბრით, გულწრფელი, ემოციური და ლირიკული ჟღერადობით, სულამდე მიტანილი ტექსტებით მეტყველებს – ეს არის ჯგუფი „წერილი“.
18 მარტს, ჯგუფის ლაივ კონცერტი NEBEAT-ში გაიმართა. გია თოიძემ და აჩიკო ქელბაქიანმა მსმენელს აკუსტიკური საღამო შესთავაზეს.
ნახეთ Billboard საქართველოს ინტერვიუ ჯგუფ „წერილის“ ვოკალისტ გია თოიძესთან:
ანდერგრაუნდ მუსიკა
“ანდერგრაუნდ მუსიკა თავის როლს ადრეც ასრულებდა, უბრალოდ ახლა ცოტა უფრო მასიური გახდა. ჩემი აზრით, დგება რაღაც მომენტი, როცა არჩევანის გაკეთება გიწევს. მე ბუნებრივად ვუყურებ ამ პროცესს. ამ ყველაფერს არ ვაქცევ ყურადღებას, რომ ჩემი მიდგომები მუსიკისადმი და ხელოვნებისადმი არ შეიცვალოს.“
მუსიკის წერის დროს
„სიმღერის წერის პროცესს რაც შეეხება, სიმშვიდე თუ არ მოვიდა და თუ არ მოეშვი, მიუხედავად ყველაფრისა რაც არ უნდა ხდებოდეს, სიმღერას ვერ დაწერ. ადრე უფრო მეტ სიმღერას ვწერდი, ვიდრე ახლა. ზოგადად ამ ყველაფრის ძირითადი ინსპირაცია ის იყო, რაც ჩვენ ზიანს გვაყენებს, როცა ამ ყველაფრის შეცვლის სურვილი გამოძრავებს. სიტყვა პროტესტს ვერიდები, თუმცა თავიდან ბოლომდე ამას ნიშნავს მუსიკა. ყველასთვის ყველაზე ძვირფასს გრძნობას, სიყვარულსაც კი ისე შენებურად გადმოსცემ და არ ზიხარ იმ ჩარჩოში, ალბათ ესეც ერთგვარად პროტესტია სოციუმისთვის. მთავარი ღერძი ის არის, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, რაღაც ისე არ არის და სათქმელი ყველასთვის გვაქვს.“
ანდერგრაუნდ მუსიკის გამორჩეულად ნიჭიერი მუსიკოსი ლევან სვანიძე ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. იგი გია თოიძესთან ერთად ჯგუფ „ამორალში“ და „წერილში“ ბენდის დაარსების დღიდან უკრავდა.
„ეს ლაივიც და ზოგადად ჩემი შემოქმედების უდიდესი ნაწილი ამ ადამიანს ეძღვნება. არამარტო ახლა, რაც ერთად ვიყავით იქიდან დაწყებული. დიდი პაუზებიც გვქონია, მაგრამ უბრალოდ რომ დამირეკავდა, დამელაპარაკებოდა, უკვე სიმღერის წერას ვიწყებდი. უდიდესი ემოციური ფონი და ჯაჭვი იყო ჩვენს შორის. მე და ლევანმა ერთად გავაკეთეთ ეს ბენდი. ორი მხარე აქვს ამ ყველაფერს, მას შემდეგ ენით აუწერელი სიცარიელე შემოვიდა, მაგრამ ის, რაც მან დატოვა თავისი მუსიკალური ინტელექტით, ეს მარტო დაკვრაში არ აისახებოდა. ზოგადად ურთიერთობაში, ხედვაში, მუსიკაში, ეს ყველაფერი იყო და ეს ცხოვრების ბოლომდე გამყვება. ის ემოციური ფონი, რაც ჩვენ ერთად შევქმენით, თუ ოდესმე დამტოვებს, მე მუსიკას ვეღარ შევქმნი. მე და ლევანი მუსიკაში ერთად დავიბადეთ. პირველად ლევანმა მითხრა – „ჯგუფი ერთი ორგანიზმია“ და ზუსტად ესე ვიცხოვრეთ, არამარტო მუსიკაში, ყველაფერში ერთად ვიყავით. არ არსებობს ცხოვრების ნიუანსი, რომელიც მას არ სცოდნოდა, ჩემი ან მე მისი.“
სიმღერის ტექსტი
„რადგან ლევანზე ვსაუბრობდი, გავიხსენებ, 90-იანი წლები იყო, სახლში ვიწექი, ფეხი მოტეხილი მქონდა და ჩემთან დილით მოვიდა ლევანი, მთელი ღამე მელოდია მაქვს თავშიო. სახლში გიტარა მქონდა, აიღო დაუკრა და აკორდებში შენ გახსენი, ეს მელოდია გაარჩიეო, საღამოს გამოგივლი, რაღაც სიმღერა დამახვედრეო. მახსოვს ეს სცენა… ესე დავწერე სიმღერა „იბრძოდა ცა“. ეს ტექსტი სულ დამყვებოდა თან. ვიცოდი, რომ მელოდიაც დაიწერებოდა და ამას ველოდებოდი. ზოგადად არასდროს არ ვიწყებ ფიქრს იმაზე, სიმღერა ხომ არ დავწერო. წერის დროსაც კი, ფიქრი თუ დავიწყე, ვხვდები, რომ უნდა მოვშორდე. დინებაში ხარ, რომელიც თავისით მოდის და აზრები თავისით იხატება. სიმღერის წერის დროს წინაღობა არ გაქვს, არც გონებრივი, არც ემოციური. თავისით იწერება. მაგალითად, შეიძლება სიმღერის ერთი კუპლეტი დაიწეროს და სამ წელში მეორე კუპლეტი. ეს ყველაფერი თავისით ხდება.“
ახალი სიმღერა „მზე“
„დიდი ალბათობით ახლო მომავალში ეს სიმღერა გამოვა, ჩაწერის პროცესშია, სიმღერას ჰქვია „მზე“. ახლახან დავწერე ეს სიმღერა. აქციები და დაძაბული სიტუაციები რომ იყო. როცა რაღაც უკიდურესად მძიმედ არის ხოლმე სიტუაცია, მაშინ ყოველთვის შემოდის ჩემში გრძნობა, რომ მთავარი არ დავკარგოთ და ყოველთვის ასეთი სიმღერები ლირიკული იწერება. „ვითომ“ სიწყნარის დროს, პირიქით, მაშინ ჩნდება პროტესტის მუხტი, ასეთ დროს ვცდილობ ერთმანეთს მთავარი მესიჯი გადავცეთ, რომ უნდა გიყვარდეს. რაც არ უნდა წინ საბრძოლო გზა გქონდეს, მთავარი არ უნდა დავკარგოთ. ამ დროს ყოველთვის ეს ემოცია შემოდის და ვცდილობ, გადმოვცე.“
ჯგუფის წევრები
„ლევან ჯავახიშვილთან სამი წელია ვმუშაობთ. ჩვენ 90-იანი წლებიდან ვიცნობთ ერთმანეთს. 2000-იანების დასაწყისიდან ლევანი დიდხანს ლონდონში ცხოვრობდა. ჩამოვიდა და ჩვენი კოლაბორაცია მოხდა. 2018 წელს ალბომი დაგვიმიქსა, შემდეგ მუსიკის წერა ერთად დავიწყეთ. დრამზე ზუკა მჭედლიძე გვყავს, რომელიც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, უნიჭიერესი ადამიანია. ჩემთვის ჯგუფში მეგობრული ურთიერთობა მთავარია. ეს თუ არ ხდება, ერთმანეთის თანამოაზრე თუ არ ხართ, ისე ის წრე არ იკვრება. დათა ბეჟაშვილი ცხრამეტი წლისაა, ინსტრუმენტი ბასი „წერილში“ ალბათ იცით, რას ნიშნავს. აქამდე სულ ლევანი იყო. გამოვყოფდი ორად-ორ ადამიანს, ვინც ლაივზე, მთელი ამ ოცდარვა წლის განმავლობაში, თუ კი ვინმეს მოუხერხებია ჩვენთან ბასზე დაკვრა, ეს არის „ლენდმარკის“ ბასისტი – დათო აბაიშვილი და მარიამ კუბანსკი. ლევანის წასვლის შემდეგ ემოციურად მივხვდით, რომ ახალი ადამიანის ძებნა უნდა დაგვეწყო და ეს 19 წლის ბიჭი, დათა ბეჟაშვილი ღირსეული მატებაა ჩვენთვის, რომელსაც ვფიქრობ და ვისურვებდი, რომ ძალიან დიდი მომავალი ჰქონდეს ამ ბენდში.“
„პირველი რიგში გეგმა არის ერთი, რომ მუსიკასთან კომუნიკაცია და კონტაქტი გვქონდეს. მუსიკა ისეთი რამ არის, ეს თუ გაქვს, მერე თავისით იკვლევს გზას. სამწუხაროდ უფრო მეტი რაღაცები შეეძლო გაეკვლია სხვაგან, ვიდრე აქ, მაგრამ ასეა. ჩემთვის მთავარი და ყველაზე დიდი სიმდიდრეა, სიმღერების წერა რომ შემიძლია და მერე ამ ყველაფრის გადმოცემა იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც ვთვლი, რომ საუკეთესო მეგობრები და მუსიკოსები არიან.“