ვახტანგ ქანთარია, ფსევდონიმით VAQO ქართველი მსმენელისთვის უკვე კარგად ნაცნობია. როკის და უფრო კონკრეტულად ფსიქოდელიური როკის ქართველი შემსრულებელი, ქართულ მუსიკალურ სივრცეში 2021 წლიდან აქტიურად ჩნდება და აუდიტორიას ქართულ ენოვან ავთენტურ მუსიკას სთავაზობს.
ქართული ფოლკ მოტივებით გაჟღენთილი VAQO-ს ქართული როკი იდეურადაც და იდეოლოგიურადაც გამორჩეული და უნიკალურია. სოციალური ტექსტები, აქტუალური და ხშირად მწარეც, რომელშიც თვითირონიასთან ერთად გულწრფელობა და სევდანარევი ნოსტალგიაც იგრძნობა.
აპრილის თვე ქართველი მუსიკოსის, ფსიქოდელიური როკის შემსრულებელ VAQO-თვის შემოქმედებითად დატვირთულია.
მუსიკოსმა აპრილში ორი ახალი ალბომი „გილოცავ დაბადების დღეს“, „ადამიანები“ გამოსცა. უახლოეს მომავალში EP-ის „სუსპენზიას“ გამოცემასაც გეგმავს.
სამივე ალბომის მთავარ კონცეპტუალურ ნაწილს პოპ მუსიკის განწყობა მოაქვს, რაც მუსიკოსის სხვა სიმღერებისგან განსხვავდება. მსუბუქი, გლუვი ჟღერადობა ბავშვობაში გაბრუნებს. ახალი ნამუშევრები 40-იანი, 60-იანი წლების კლასიკად ქცეული საესტრადო მუსიკით და სვინგის რიტმული მონახაზების შთაგონებით არის შექმნილი.
სუფთა ჟღერადობა და ადამიანურ ურთიერთობებზე აწყობილი ტექსტები კი, ერთგვარ მელანქოლიურ, ტკბილ ნოტაზე გაყენებს და ნოსტალგიურ ბგერებს გახსენებს.
VAQO
„გილოცავ დაბადების დღეს“
„ალბომი „გილოცავ დაბადების დღეს“ 2019-2020 წლებში იწერებოდა. რა თქმა უნდა, 2022-ში გადავწერე რაღაცები ახლიდან. მაშინ არაჯეროვანი გარემო იდგა, უსიამოვნო. დიდ სტუდიებთან თხოვნით მისვლამ, რომ კარგი მელოდიები მაქვს და ალბომი ჩამაწერინეთ, ყველანაირი შესაძლებლობები ამოწურა. ოცჯერ მაინც მივიღე უარი. არ მწყენია. ეს რა თქმა უნდა, არ გამაჩერებდა, ეს ჩემი სტილი არ იქნებოდა. მომიწია უმაღლესი სოციალური მათემატიკის და სოციალური კვლევის კურსების ამეღო და როგორც მკვლევარმა მეშოვა მატერიალური საშუალება, მეყიდა აპარატურა. მარტოს მიწევდა აპარატურის შოვნა, ხმის რეჟისურის სწავლა, რაც დაახლოებით 100-მდე აპლიკაცია/პლაგინის და მინი პროგრამის შესწავლას ნიშნავდა. ბასის, დასარტყამის, ვოკალის და ათასი რამის ერთად. მაშინ ასე ვხედავდი: თბილისი არის შესაძლებლობების პლატფორმა, და მე მას საჩემოდ გამოვიყენებ, ეფექტურად, პატივით. არავინ მჭირდებოდა, საკმარისად მესმოდა ინსტრუმენტებზე დაკვრის, ამიტომ ყველა ინსტრუმენტზე მე დავუკარი. მახსოვს უანგარიშო დამოკიდებულებებიც, რად გინდა მუსიკა? სიღარიბეა და მსგავსის მოსმენა ყოველ ნაბიჯზე მიწევდა, ეს არ იყო ოჯახიდან, უბრალოდ უფროსი, გამოცდილი ადამიანები ლაპარაკობდნენ ამას. ვიცოდი ეს სიმართლე იყო და იმასაც ვხვდებოდი, რომ ჩემი საერთოდ არ ესმოდათ. არავის. არც მანამდე, არც მერე. მატერიალური სიდუხჭირე გარშემო ნამდვილად დიდი იყო, ხალხი ცდილობდა სახლი და მანქანა ეშოვა. ამიტომ ტურისტულ ბიზნეს იწყებდა. მალე კოვიდ პანდემიაც დაიწყო. ბიზნესი ჩამოინგრა. მეც ჩაწერებს შევუდექი. პარალელურად ვუსმენდი „დიელოს“ 2010 წლის ალბომს “Dielo”, ასევე ალბომს არჩილ კერესელიძის სიმღერები, პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვარტეტს, ჯილდა დათუაშვილს, ცაბაძეს და დავით თორაძესაც, ირაკლი უჩანეიშვილს, ვცდილობდი ფორტეპიანოს პარტიებისთვის მესმინა მეტი, მთავარი დამრტყმელი ძალა მასზე მოდიოდა, ვოკალები მანერული მეჩვენა. გადავწყვიტე ალბომი მსგავსი შემადგენლობით ჩამეწერა. რბილი, ცოცხიანი დასარტყამი, დახშული ბასი, აკუსტიკური გიტარა, მრავალ მელოდიური სვლა ერთ სიმღერაში და ვოკალური კეთილხმოვანება, პლუს სასიყვარულო ისტორიები, თავისი ბაჯაჯღანა მიმზიდველობით.
რა თქმა უნდა, ამ ალბომის მთავარ გმირს, ძალიან კარგად ესმის ადამიანების, იმის, თუ როგორ იბრძვიან ისინი ბედნიერებისთვის და სინამდვილეში როგორ ტყუიან, მისი უნიათო, ბოროტი ფსიქიკური ხასიათით, რა აშინებთ და რას ფარავენ ამ შიშებით. სად ტყუიან, სად ვერ. სანამ პირს დააღებენ, რას იტყვიან და როგორ მოიქცევიან, ამიტომ იგი ეძებს თეატრის და წინასწარ შექმნილი ცხოვრებისეული სცენარების იქით არსებულ სინამდვილეს, რომელიც თითქმის ყველას საერთო აქვს – სწრაფვა ბედნიერებისკენ, სიმშვიდისკენ, სიამოვნებისკენ უდარდელობისკენ, სხვადასხვა აქცენტებით.
ჯამში ესაა მარტივად მოსასმენი მძიმე ალბომი. მძიმე არა როგორც ჟღერადობა, არამედ ადამიანის ქცევათა მხარეების ჩვენებით.“
„ადამიანები“
ალბომი „ადამიანები“ რბილ, გლუვ რიტმებზე სვინგზე და ჯაზურ რბილ მუსიკაზეა დაყრდნობილი, სადაც სოციალური ტექსტებია ხაზგასმული. იმ სოციალური რეალობის და ყოფის ტექსტები, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. ალბომის ყდაზე მედია დიზაინერმა თორნიკე თევზაძემ იმუშავა, რომლის მთავარი კონცეფციაც გაზეთის ყდაა. ერთი სიტყვით გაზეთ/ალბომ „ადამიანების“ ყდაზე სოციალურად აქტუალური ხუმრობებია დატანილი. ჯამში ალბომი სამ CD-ს აერთიანებს, სადაც მსუბუქი რიტმები, მძიმე რიტმებს ცვლის, ხოლო მესამე СD-ში ბალადებია შესული. ოცდაერთი სიმღერისგან შემდგარ სამივე СD-ს კონცეფციურად და შინაარსობრივად სოციალური კონტექსტის შემცველი ტექსტები აკავშირებს.
VAQO
„პირველად ვიყენებ ჩემს შემოქმედებაში რეჩიტატიული ხასიათის ვოკალურ ხაზს, ეს არ არის რეპი ან ჰიპ ჰოპის მსგავსი რამ, უბრალოდ ლაპარაკობ ნოტებში, თუმცა არ მღერი. ეს არის პირადი ურთიერთობები, ეკონომიკური მდგომარეობა, გარკვეული წარსული სტერეოტიპები ქართულ პოპ კულტურაზე, როგორი უნდა ყოფილიყო, როგორი წარმოგვედგინა და სინამდვილეში რა უნდა იყოს.“
მოისმინეთ VAQO-ს მომავალი EP- დან სინგლი: