7 ივნისს ჰოლივუდის დიდების ხეივანში რეპერის, პოეტისა და მსახიობის, თუფაქ შაკურის ვარსკვლავი გაიხსნება.
„თუფაქ შაკური იყო რეპერი, მსახიობი, აქტივისტი, პოეტი და რევოლუციონერი,” – ამბობს ანა მარტინესი, ჰოლივუდის დიდების ხეივნის პროდიუსერი. „ეს საკულტო არტისტი გარდაცვალებიდან დეკადების შემდეგაც განაგრძობს, იყოს ეპოქის სულის ნაწილი და ის კიდევ დიდხანს იქნება მნიშვნელოვანი კულტურული ფიგურა. Რა თქმა უნდა, თუფაქის ვარსკვლავი ყველაზე ხშირად მონახულებად ვარსკვლავთა სიას შეემატება.”
ნიუ-იორკში დაბადებული შაკური, რომელმაც ცხოვრების მთავარი წლები კალიფორნიაში გაატარა, West Coast-ის ლეგენდად იყო აღიარებული. ის გახდა შთაგონება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისეთი მუსიკოსებისთვის, როგორებიც არიან კენდრიკ ლამარი, ემინემი, დრეიკი, ედ შირანი, ჯასტინ ბიბერი და სხვები.
შაკური ხელოვნების სკოლაში სამსახიობო ოსტატობას, პოეზიას, ჯაზსა და ბალეტს სწავლობდა. როგორც სოლო არტისტი, თუფაქმა მისი სადებიუტო ალბომი 2Pacalypse Now 1991 წელს გამოსცა. ამის შემდეგ მან კიდევ სამი ალბომის გამოცემა მოასწრო და 25 წლის ასაკში რეპერი სროლის შედეგად მოკლეს. თუფაქის ყველა ალბომი ბილბორდის 200 ალბომის ჩარტში მოხვდა. მათ შორის All Eyez on Me და Me Against the World ჩარტის ლიდერები გახდნენ. გარდაცვალების შემდეგ თუფაქის კიდევ ექვსი ალბომი გამოვიდა. 2017 წელს შაკური გახდა პირველი სოლო ჰიპ-ჰოპ არტისტი, რომელიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შევიდა. როგორც მსახიობს, მას შესრულებული აქვს როლები ფილმებში Juice, Poetic Justice, Above The Rim და Gridlock’and Gang Related.