ლადოს კიდობანი 

„მე მაშინ ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ქვეყანა ოდესმე თუ გადარჩებოდა, ის თავისი ფესვების ძებნას დაიწყებდა. ეს მასალა ახლა დედა ენაა – ამ ახალი საქართველოს ისტორია.”

„იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ბიჭი, რომელიც ცხოვრობდა ერთ-ერთ „ძალად ტიპების” გამოქვაბულში. ბიჭს, რომელმაც გაუსწრო დროს, ერქვა ლადო. ერთ მშვენიერ დღეს ლადომ გამოქვაბულში თავისი ტომის „ძალად ტიპებს” მიუტანა თავისი ნანადირევი – არაფალსიფიცირებული, ნაღდი „ვესტური” ცივილიზაციის ცეცხლი…” 

ამ სიტყვების ავტორი და „ვესტური ცივილიზაციის ცეცხლის მომტანი ბიჭი” ლადო ბურდულია – იმპერატორი. როგორც აღმოჩნდა, თავად მისთვის ცივილიზაციის ცეცხლთან ზიარებაში 80-იან წლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი Billboard-ის ამერიკულმა გამოცემამ შეასრულა. დღეს კი ლადო ბურდული იმ პერიოდზე სასაუბროდ უკვე Billboard საქართველოს სტუმარია.

ლადო ბურდული:

„ბავშვობიდან მუსიკაში ვარ, ჯერ კიდევ სკოლიდან მოყოლებული. Მერე იყო ნიჭიერთა ათწლედი, კონსერვატორია და ასე ვთქვათ, მუსიკაში ვცხოვრობდი. ვმღეროდი და ამ კონცერტებით ბევრს ვმოგზაურობდი საბჭოთა კავშირის დროს. ვნახულობდი, როგორი იყო დანარჩენი მსოფლიო. მაშინ ძალიან პატარა ბავშვი ვიყავი, მაგრამ ძალიან სწორ შეფასებებს ვაკეთებდი. მერე ერთი ფრანგი გოგო მიყვარდა და სულ მეგონა, რომ საცხოვრებლად საზღვარგარეთ წავიდოდი. მაგრამ ისე მოხდა, რომ აქ დავრჩი. და როცა მივხვდი, რომ ვეღარსად წავალ, გადავწყვიტე, აქ გამეკეთებინა ის დასავლეთი, რაც მინდოდა და რაც ჩემში იყო. ხან მინდოდა თაფლი გამეკეთებინა, ხან მინდოდა ტაქსისტი ვყოფილიყავი და მაგარი მუსიკა მომესმენინებინა ხალხისთვის. Მერე მივხვდი, რომ მუსიკას, რომელიც მე მომწონდა, აქ ვერ ვუსმენდი. და გადავწყვიტე, რომ ის მუსიკა, აი, ნაღდი რაც არის, თავად გამეკეთებინა. პირველი ჯგუფი იყო „ურჩხული”, მერე მე წამოვედი და შევქმენი ლადო და „რეცეპტი”. სხვათა შორის, არტიომ ტროიცკი (მუსიკის კრიტიკოსი) რომ ჩამოვიდა საქართველოში და ჩვენ რომ გაგვიცნო, გვითხრა: პირველად მოვისმინე ნამდვილი ქართული ფესვებიდან ამოხეთქილი როკ-ენ-როლიო. თუმცა მერე, ეს ქვეყანა სულ სხვა მიმართულებით წავიდა და ერთ დროს კულტურითა და განვითარებით ლიდერ სახელმწიფოში კრიმინალურმა ძალებმა გაიმარჯვეს. და მე მივხვდი, რომ საჭირო იყო, ჩემი მუსიკა სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში გავრცელებულიყო – იქ, სადაც ჩემი თანამოაზრეები იქნებოდნენ, რომ იმათთან ერთად გადარჩენის უფრო მეტი სივრცე შეგვექმნა.” 

1984 წელი
წყნეთი, ფიროსმანის ქუჩა 14
„ლადოს კიდობანი”

„გადავწყვიტე, რომ სოციუმისთვის, რომელიც ჩემ ირგვლივ იყო, გამეკეთებინა სივრცე, სადაც შეიკრიბებოდნენ და ერთმანეთს გაუზიარებდნენ რაღაცებს და ჩვენი ცხოვრება უფრო საინტერესო გახდებოდა იმ რეალობაში, რაც მაშინ იყო. და 1984 წლიდან დავიწყეთ ჩემი წყნეთის სახლის ათვისება და დავარქვი „ლადოს კიდობანი”. მერე ფაბრიკაში გადავინაცვლეთ, მერე მაჩაბელზე ისევ ჩემს სახლში. მთელი სახლი მქონდა დათმობილი და ეს იყო სცენა. იქ გამოდიოდნენ დიზაინერები, გამოდიოდნენ მუსიკოსები. წარმოიდგინეთ, იმ პერიოდში, იმ დროის ფონზე ეს არის სუფთა ნიუ-იორკი. თან რასაც ვაკეთებდი, ამ ყველაფრის ყველაზე დიდი მნიშვნელობა ის იყო, რომ ეს იყო დროში აქტუალური იმ ნიუ-იორკთან და ლონდონთან – „რეალ-ტაიმში”. ანუ ზუსტად იგივე პროცესები ხდებოდა იმ დროს იქაც, მიუხედავად იმისა, რომ მე აქ მიჭირდა და სულ სხვა რეალობის წინაშე ვიდექი, ვიდრე ნიუ-იორკსა თუ ბერლინში. 

ძალიან მაგარი პერფორმანსები და ლაივები მახსენდება ჩემს სახლში. უამრავი ნიჭიერი დიზაინერის დეფილეები ტარდებოდა. აი, ყველაზე გიჟი და გადარეული ჩემთვის იყო ნათია ბახტაძე. ასევე გიორგი ნადირაძე. თუმცა გიორგი უფრო კლასიკურ ფორმებით და მანერებით გამოირჩეოდა და ნათია უფრო wilde იყო. ზალიკოც საინტერესო იყო, უტაც… 

ერთი დეფილე იყო კიდევ ძალიან მაგარი, ბესო რაზმაძემ გააკეთა. მოდელები გამოდიოდნენ წიგნებით და კითხულობდნენ. ყველა აღფრთოვანებული დარჩა. მოდელი ხომ სტერეოტიპულად დაბალ ინტელექტთან ასოცირდება და ამან კიდევ მაგისი პროტესტი და ხაზგასმა გააკეთა, რომ მოდელიც განათლებულია და ასეთი შოუ მოაწყო. 

მერე საერთოდ Fashion TV-ის მფლობელი ჩამოვიყვანე – ფრანსუა ტილე. თავიდან არც კი დამიჯერეს, ასეთი ადამიანის ჩამოსვლა იმდენად დაუჯერებელი და წარმოუდგენელი იყო მაშინ. და ეს ფრანსუა გაგიჟდა ჩვენს სცენოგრაფიაზე, ჩვენ რატომ არ მოგვაფიქრდა ეს სანთლებიო. და მერე ამ თეთრ ქაღალდებს რომ ვყრიდით, ეგ სად მოიფიქრე, სად ნახეო. არადა რეალურად სანთლები იმიტომ იყო, რომ შუქი არ გვქონდა და თან ეს სანთლები პოდიუმის საზღვარსაც აკეთებდა. და იმ ქაღალდებს რომ ვყრიდი, ეს იყო რაღაც ფეიერვერკის ვარიანტი, რომ ჩვენს გაუბედურებულ რეალობაში რაღაცას „ბუხ” დაეძახა. 

ერთხელ დავითვალე და იმ პატარა ბინაში ასამდე კაცი იყო და ხალხი რომ აღარ დაეტია, აივანზე იყვნენ და კიბეზე ისხდნენ. აი, მაშინ მივხვდი, რომ ეს ნაწილიც უნდა მეკონტროლებინა. ამიტომ აუდიტორიის შემოსვლა სიებით იყო. ერთხელ წავიკითხე, რომ „ტუსოვკები” კოქტეილს ჰგავსო. Რა ინგრედიენტებსაც გაურევ სასმელში, ისეთი დასახელების კოქტეილს მიიღებ. ასეა „ტუსოვკების” შემთხვევაშიც. მაგალითად, თუ გინდა, რომ რაღაც კონკრეტული ტიპის ღონისძიება გამოგივიდეს, იქ უნდა მოიყვანო, ვთქვათ, ერთი რეჟისორი, ერთი „ბომჟი“, ორი პარლამენტარი და გამოგივა, აი, ასეთი წვეულება. ეს არის დამოკიდებული იმ ადამიანების ენერგეტიკაზე, რომლებიც მოგყავს და ამ ენერგეტიკების სინთეზი, როგორც კოქტეილი გამოგყავს მერე სხვა გემოზე, ქმნის სხვა შინაარსის „ტუსოვკას”. ამიტომ სულ ვცდილობდი, რომ საინტერესო მიქსები გამეკეთებინა საზოგადოების და სიებით იყო მათი შემოშვება. მაგაზეც კი ნაფიქრი მქონდა, თუ ვინ რომელ საღამოს დაესწრებოდა. 

სხვათა შორის, ასეთი წესი მქონდა იმ დროსაც კი, ესეც „ვესტური” იყო: ღონისძიებებს ძირითადად ვაკეთებდით პარასკევს და შაბათს, როგორც დასავლეთში ხდებოდა. მაშინ კი სამუშაო არავის ჰქონდა და სულ პარასკევი-შაბათი იყო, მაგრამ მე ასე ვაკეთებდი და კიდევ, 12 საათის შემდეგ ხმაური წყდებოდა ჩემს სახლში. ასე რომ, დღემდე ძალიან ვუყვარვარ ჩემს მეზობლებს და მეც პატივს ვცემ და კარგად მახსენდება ყველა მათგანი. უხაროდათ კიდეც ტელევიზორში რომ მაჩვენებდნენ. 

ჩემს სახლში რაც ხდებოდა, ყველაფერს ვიღებდი. მე მაშინ ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ქვეყანა ოდესმე თუ გადარჩებოდა და ცივილიზებული გახდებოდა, ის თავისი ფესვების ძებნას დაიწყებდა, თუ საიდან მოდის ეს ნაღდი, არა საბჭოთა ნომენკლატურის მიერ შექმნილი, არამედ ნაღდი, როგორც არტიომამ თქვა, ქართული ფესვებიდან ამოხეთქილი კულტურა. ამიტომ გურამ წიბახაშვილი იღებდა ფოტოებს და მე ჩემი კამერებით მეგობრებს ვთხოვდი, რომ გადაეღოთ. ეს მასალა ახლა დედა ენაა. ამ ახალი საქართველოს ისტორიაა, რასაც თქვენ ამ ვიდეოებში ხედავთ. მაქედან იწყებოდა ის, რაც დღეს თქვენ მოგწონთ. Რა თქმა უნდა, ისიც არსებობდა, რაც კიდევ არსებობს დღესაც, მაგრამ ის არავის აინტერესებს. ყოველ შემთხვევაში, დასავლეთს არ აინტერესებს. აინტერესებთ ის, რასაც ქმნიდა ლადო ბურდული, რადგან ის იყო პროდასავლური და იმაში იდო ის მუხტი, რასაც ჰქვია დემოკრატია, ლიბერალური და ჰუმანური ფასეულობები, რა პრინციპებზეც არის აშენებული ცივილიზებული მსოფლიო. და ამ ვიდეოებში, იმ ადამიანების თვალებსა და გამომეტყველებაში ზუსტად ეს მოჩანს. ამ დროს შეიქმნა ისეთი რაღაც, რომელიც რაც უფრო დრო გავა, მით უფრო დაფასდება და ამას მე რამდენი წელია ვლაპარაკობ, იცით? ჯერ კიდევ იმ წლებიდან ვამბობ, რომ, „აი, ახლა რაც ხდება, დრო რომ გავა, თქვენ ამას უფრო დაინახავთ”. ახლაც გეუბნებით, რომ ეს კიდევ თქვენზე არ გაჩერდება და რაც დრო გავა, მით უფრო მოვლენ აქ. Რადგან სხვა არ აქვთ. Რაც არ უნდა იგონონ, ვერ შექმნიან. Რომ დაიწყებენ გახსენებას, ჩემამდე მოვლენ. ეს ფაქტებია.

„ლადოს კიდობანი” რატომ? იმიტომ, რომ ეს ხალხი გადარჩენის რეჟიმში იყო. ეს იყო გადარჩენა ამ საზოგადოების, რომელსაც მერე დანარჩენი საქართველო უნდა გადაერჩინა. აი, ეს მოტივაცია იყო. ეს იყო პირდაპირი უბედურება, რაც იმ დროს ქვეყანაში ხდებოდა. Მე, შორტების და საყურის გამო, სახლიდან რომ გავდიოდი, ერთი ადგილი მქონდა კარზე, რომელსაც ვკოცნიდი იმიტომ, რომ დავბრუნდებოდი თუ არა ცოცხალი, არ ვიცოდი. ჩემ ირგვლივ აღარავინ იყო დარჩენილი. ვისაც შეეძლო, ყველა გაიქცა. და უბედურებაც ეგ იყო ზუსტად და ბედნიერებაც ამავდროულად, რომ ყველა აქ მორგებული ტიპი გაიქცა, რომელსაც აქ აფასებდნენ და საზოგადოებისთვის მისაღები იყვნენ. და მე, რომელიც ყველაზე ექსტრემალური ვიყავი, ყველაზე გიჟი და არანორმალური და ყველაზე სახიფათო იყო ჩემი აქ დარჩენა, აი, მე დავრჩი და ერთმა ადამიანმა ამდენი რამე  გავაკეთე. 

ყველაზე მეტად გამისწორდა საქართველოში ის, რომ დავინახე, რომ ამ გაჭირვების, ამ უბედურების დროს, როცა საჭმელი არ იშოვებოდა, ტანსაცმელი არ გვქონდა, შუქი არ გვქონდა და მომავალი საერთოდ მკვდარი იყო, კულტურა ამ ჩვენს ქართულ ფესვებში იმხელათი ღრმაა, რომ, ამ კულტურას მაინც ხალხმა ხელი არ გაუშვა. ალტერნატიულმა დიზაინერებმა და მუსიკოსებმაც კი, და ამით იკვებებოდნენ.  მე დავინახე, რომ კულტურა ჩვენი ორგანული ნაწილია იმ სიძლიერით, რომ ამას ვერც შიმშილი ერევა, ვერც უბედურება და ვერც ომი. ჩვენს ქართულ გენში იმხელათი დევს ეს მუხტი, რომ წარმოიდგინეთ, ამაზე მეტი რა უბედურება უნდა მოხდეს, რაც 90-იან წლებში იყო და აი, ასე გახურდა ეს ნაღდი ქართული ალტერნატიული და ავანგარდული კულტურა. და მერე იმან კიდევ რამხელა პროცესები გამოიწვია. 

რა უნდა იყოს, რომ ეს განმეორდეს? უნდა იყოს თავისუფლება. უნდა იყვნენ ასეთი ადამიანები, ჯიგრით რომ აკეთებენ ამას და არა კომერციული ინტერესებითა და გათვლებით. იცით, ახლა მსოფლიო საით შემოტრიალდა? ისევ მაქეთ, რადგან ნაღდი მანდ იყო. უკვე ბიზნესმენებიც კი ხვდებიან, რომ ოჯახური სითბო უნდა დააყენონ, რომ ხალხი მოვიდეს. ამას ალტერნატივა არ აქვს. ეს უკვე ბიბლიაა. ფილმი გამახსენდა, ყველა ოქროს გრაალს რომ ეძებს და არადა ხის იყო მაშინ ის გრაალი. გენიალურობა ყველაფერ უბრალოებაშია. იქ სინაღდე უნდა იყოს და ვინ გაბედავს ამას დღევანდელ რეალობაში?! ლადო ბურდული ერთი იყო და დასრულდა ეს ისტორია.”

ისტორია არ დასრულებულა. „ლადოს კიდობანი” დღესაც არსებობს – სხვა მისამართზე, ნაკლები ხალხითა და შეცვლილი დანიშნულებით. მის მიერ დაწერილი ისტორია კი უკვე თავისით განაგრძობს არსებობას, როგორც ისტორია ქართული კულტურისა, რომელიც მაშინ იმ ადამიანებმა ერთ პატარა ბინაში, სანთლებით შემოსაზღვრულ სცენაზე გადაარჩინეს.

P.S. ემოციური ინტერვიუს შემდეგ ლადო ბურდულმა სოციალურ ქსელში დაწერა:

„ყოველი ინტერვიუს მერე, რომელიც ასე გახშირდა ჩემს ცხოვრებაში, თითქოს, ჩემი სულის ნაწილი მიაქვთ და ჯვარზე გაკრული ვრჩები ისევ. Რადგან მიწევს იმის ახსნა თავიდან, რომ რაც მათში მომწონს, ის ჩემიც არის და რამაც ისინი დააახლოვა ცივილიზაციას, ჩემგანაა!! და ეს სიტყვები ჯერ კიდევ 1993 წელს ვთქვი სულ რაღაც 29 წლის ბიჭმა, რის გამოც ომი დღემდე გრძელდება.” 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პრისცილა პრესლისა და ელვის პრესლის სიყვარულის ამბავი კინოფილმ Priscilla-ს ტრეილერის მთავარი სცენაა

შემდეგი სტატია

Tom Odell

Tbilisi Open Air 2023 – პირველი დღე

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარი Coachella-ს ფესტივალზე, 2017 წლის 16 აპრილი. ფოტო კევინ უინტერი

ბილბორდის „უდიდესი პოპ ვარსკვლავები“: 2017 წელს ედ შირანმა და კენდრიკ ლამარმა აჩვენეს, თუ როგორ  შეიცვალა დროთა განმავლობაში მონოკულტურა

ბილბორდის სტატიათა სერიის „წლის უდიდესი პოპ ვარსკვლავების" ფარგლებში, 2017 წელს ედ შირანისა და კენდრიკ ლამარის პოპულარობამ პიკს მიაღწია, რამაც ნათლად წარმოაჩინა პოპ-კულტურის მრავალფეროვნება
მეტი

მანანა მენაბდემ და გორის ქალთა გუნდმა მსმენელს დები იშხნელების მუსიკალური საღამო წარუდგინეს

კონცერტი დები იშხნელების შემოქმედების 100 წლის იუბილეს სიმბოლურად გამოეხმაურა.
მეტი
წინანდლის პრემია

2024 წლის „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების ცერემონია 12 დეკემბერს გაიმართება

ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის” ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების რვა დარგში 2024 წლის ნომინანტები გამოავლინა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 3 – რიანა

მას შემდეგ, რაც თინეიჯერობის ასაკში ბარბადოსიდან აშშ-ში ჩავიდა, რიანამ სწრაფად შეძლო თავის დამკვიდრება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ჰიტმეიკერი, მომხიბლაობის სიმბოლო და ნოვატორი ფიგურა თანამედროვე პოპისტორიაში.
მეტი

SZA მსმენელებს წლის ბოლოს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს ჰპირდება

ამ განცხადებამდე დღეებით ადრე British Vogue-ისათვის მიცემულ ინტერვიუში არტისტმა გაამხილა, რომ ორი პროექტი აქვს მზად გამოსაშვებად.
მეტი