Tbilisi Open Air 2023 – დასკვნითი დღე

ფინალური დღე განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა როგორც აუდიტორიისთვის, ასევე მოწვეული არტისტებისთვის.
Moderat

25 ივნისი Tbilisi Open Air 2023-ის დასკვნითი საფესტივალო დღე იყო. სცენაზე მსმენელის წინაშე ტრადიციულად ქართველი და უცხოელი არტისტები წარდგნენ. Billboard საქართველო გთავაზობთ ფესტივალის მესამე დღის მიმოხილვას.

ფინალური დღის მთავარი სცენა ქართულმა პოსტ-პანკ ჯგუფმა SKAZZ-მა გახსნა და მაყურებლის წინაშე თავისი რეპერტუარით წარდგა. ეს Open Air-ის მთავარ სცენაზე მათი დებიუტი იყო. სცენიდან SKAZZ-მა ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ Tbilisi Open Air-ში მონაწილეობა ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში მოღვაწე მუსიკოსებისთვის ერთ-ერთი მთავარი წარმატებაა.  Სიტყვით გამოსვლისას ბენდი კინოცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო. „მინდა, რომ ქართულ კინოს გადარჩენა ვუსურვო,” – აღნიშნა ჯგუფის სოლისტმა. 

SKAZZ

ამის შემდეგ სცენა 4D Monster Lobsters-მა დაიკავა. ბენდმა კონცერტი გახსნა სიმღერით Olga, რომლის ვიდეოკლიპიც ახლახან გამოვიდა. ჯგუფი ფესტივალზე შარშანაც მონაწილეობდა. 

ბექა თევდორაშვილი – 4D Monster Lobsters-ის სოლისტი:

„Tbilisi Open Air საქართველოში მთავარი ალტერნატიული ფესტივალია. ყოველ წელს განსხვავებული გამოცდილებაა იმიტომ, რომ ყოველ წელს მაინც შეცვლილია ხალხი, ჩვენც შეცვლილები ვართ და ერთმანეთთან ურთიერთობა, ეგეთი მასშტაბური, როგორიც აქ არის ხოლმე ყოველწლიურად, სხვაგან არსად არ არის.” 

4D Monster Lobsters

კინოცენტრის მხარდამჭერი განცხადებით წარდგა სცენაზე ჯგუფი „არაც”. „ამ ქვეყანაში ვერაფრის ცენზურა ვერ მოხდება,” – აღნიშნა ზურა ჯავახიამ. ჯგუფი Tbilisi Open Air-ის ტრადიციული გამომსვლელია, თუმცა, როგორც ყოველთვის, აუდიტორია მას განსაკუთრებულად ელოდა და დიდი ოვაციებითაც შეხვდა. კონცერტის მსვლელობის დროს „არამ” სცენაზე მისი მეგობარი მუსიკოსები მოიწვია პროექტიდან „ყველა” და მათთან ერთად შეასრულეს სიმღერა „სამშობლო”. 

ჯგუფი “არა”
ზურა ჯავახია

ამის შემდეგ უკვე სცენა უცხოელ გამომსვლელებს დაეთმო და მაყურებლის წინაშე Imany წარდგა. მომღერალმა თავისი რეპერტუარიდან ყველაზე ცნობილი სიმღერა You Will Never Know შეასრულა. გარდა ამისა, Imany-მ არაერთი ცნობილი სიმღერის ქავერ ვერსიებიც იმღერა, მათ შორის Radiohead-ის Creep, Hozier-ის Take Me to Church, Imagine Dragons-ის Believer და სხვები. წარმოშობით კომორიელი ფრანგი პოპ-სოულის მომღერლის კონცერტი გამორჩეული იყო სცენოგრაფიით და ასევე მაყურებელთან ხშირი კომუნიკაციით.

Imany

Სიტყვით გამოსვლისას მან პიროვნების თავისუფლებაზე ისაუბრა, რასაც აუდიტორიის დიდი ოვაციები მოჰყვა. „არ იფიქროთ იმაზე, თუ როგორი უნდა საზოგადოებას, რომ თქვენ იყოთ. არ იფიქროთ, თუ როგორი უნდათ მშობლებს, რელიგიას რომ იყოთ. მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას, თუ ვინ ხართ თქვენ. როცა ამას აკეთებთ, არ არსებობს ლიმიტი იმისა, რაც შეგიძლიათ.” 

კონცერტის ბოლოს მომღერალმა მაყურებელს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს არ არის თბილისში მისი პირველი ვიზიტი.

„აქ პირველად დაახლოებით 20 წლის წინ ჩამოვედი. მაშინ მოდელად ვმუშაობდი. თქვენსავით ახალგაზრდა ვიყავი – მოდელი, რომელიც ყოველდღე ოცნებობდა მომღერლობაზე. და 20 წლის შემდეგ მე აქ დავბრუნდი, როგორც მომღერალი. მადლობა იმისთვის, რომ ჩემი ოცნების ნაწილი იყავით.”

Tbilisi Open Air 2023 ცნობილმა გერმანულმა ელექტრონული მუსიკის ჯგუფმა Moderat-მა დახურა. ჯგუფმა მისი ცნობილი კომპოზიციები შეასრულა. აუდიტორიისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო კონცერტის ბოლოს შესრულებული მათი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მსმენელის საყვარელი კომპოზიცია A New Error. ამის შემდეგ კი მაყურებლის მოთხოვნით Moderat-მა მისი კიდევ ერთი სავიზიტო სიმღერა – Bad Kingdom აუდიტორიასთან ერთად შეასრულა. 

Moderat
Moderat
Moderat

კონცერტი ვიდეო პროექციის თანხლებით მიმდინარეობდა, სადაც ჯგუფის კლიპებისა თუ შოუებისთვის დამახასიათებელი ვიზუალი კიდევ უფრო შთამბეჭდავ გარემოს ქმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბენდის წევრებს მაყურებელთან ხშირი სიტყვიერი კონტაქტი არ ჰქონიათ, მთელი საღამოს განმავლობაში იგრძნობოდა მჭიდრო კავშირი მუსიკოსებსა და აუდიტორიას შორის. ჯგუფის წევრები კი ქართველი მსმენელის აქტიურობითა და ენერგეტიკით განსაკუთრებულად მოხიბლული დარჩნენ. მათ ინსტაგრამზე ვიდეოც გამოაქვეყნეს, სადაც თბილისს მადლობას უხდიან.

3-დღიანი დატვირთული პროგრამის შემდეგ Tbilisi Open Air 2023 დასრულდა. ფესტივალი ტრადიციულ დროს უკვე მომავალ წელს დაბრუნდება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფესტივალი „თბილისი-რიტმი” 2023

შემდეგი სტატია

Billboard საქართველოს ინტერვიუ კაილ ისტვუდთან 

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი