„საჩუქარი” 26-ე სეზონს ხსნის – ფესტივალის პროგრამა და დაარსების ისტორია

„თუკი შეიძლება, რომ ქვეყანაში ასეთი ფესტივალი ჩატარდეს, როგორიც არის „საჩუქარი”, ესე იგი, ეს ქვეყანა დაუბრუნდა ევროპის რუკას,” – Financial Times.
ქეთი დოლიძე

შემოდგომაზე თბილისი უკვე ტრადიციად ქცეულ ფესტივალს მასპინძლობს.  „საჩუქარი” პირველი ქართული თეატრალური ფესტივალია, რომელმაც თბილისი მსოფლიო საფესტივალო რუკაზე მონიშნა. ყოველწლიურად ფესტივალს საერთაშორისოდ აღიარებული რეჟისორები სტუმრობენ. ქართველ აუდიტორიას კი საშუალება აქვს, დაესწროს მათ ახალ სპექტაკლებს, ლექციებსა თუ მასტერკლასებს.  

წელს „საჩუქარი” რიგით 26-ე სეზონს ხსნის. წლევანდელ პროგრამაზე, ფესტივალის დაარსების ისტორიასა და მის განვლილ გზაზე Billboard საქართველოს მისი დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე ესაუბრა.

ქეთი დოლიძე:

„ფესტივალის ისტორია რეალურად 1993 წელს იწყება, როცა ჩვენ ვიმოგზაურეთ ინგლისში ბატონი მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლით  „დონ ჟუანი”. ეს სპექტაკლი ნახა ჩვენმა ახლა უკვე დიდი ხნის მეგობარმა უილიამ ბარდეტ კუტსმა და გაოცდა. მაშინ სულ ახალგაზრდა იყო, 22 წლის, და იწყებდა ედინბურგის ფესტივალის „ფრინჯს”. სხვათა შორის, მაშინ დაიწერა Financial Times-ში, რომ, აი, ახლა გასაგებია, საიდან მოდის რობერტ სტურუაო.  სწორედ იქ, ადელაიდის, პერტისა და ედინბურგის ფესტივალების დირექტორებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოში უნდა ჩამოგვეყალიბებინა ფესტივალი, რომელიც  იქნებოდა უფასო. ამიტომ ჰქვია „საჩუქარი”. ჩვენ ჰონორარი არავისთვის გადაგვიხდია, რადგან ამას ერქვა „საჩუქარი” – GIFT – Georgian International Festival in Tbilisi. მოგეხსენებათ, 93 წელს რა მდგომარეობაც იყო საქართველოში და ამიტომ პირველი ფესტივალი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, 1997 წელს შედგა. ამისთვის მთელი ორი წლის განმავლობაში ჩვენთან მუშაობდა უილიამ ბარდეტ კუტსის მთელი გუნდი, ვინც ჩვენ გვასწავლა ფესტივალების კეთება. მაშინ ჩვენთან ეს კულტურა საერთოდ არ არსებობდა. ეს იყო პირველი ფესტივალი ამიერკავკასიაში.

1997 წელი, თბილისი, პირველი „საჩუქარი

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მანანა შევარდნაძეს, რომ ზაალ კაკაბაძეს გააკეთებინა არაჩვეულებრივი ფილმი ფესტივალზე: როგორ ჩამოდიან, როგორ დავხვდით – ყველაფერია იქ. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ქალაქი, რომელიც, აი, შეიძლება ითქვას, რომ მკვდარი იყო, გაცოცხლდა. ორი კვირის განმავლობაში ეს მკვდარი ქალაქი ცხოვრობდა ამ ფესტივალით. 200 სტუმარი გვყავდა 18 ქვეყნიდან და ეს იყო ყველაზე წარმომადგენლობითი წელი და არავის ჰონორარი არ აუღია. ჩვენი მეგობრების წყალობით, საერთაშორისო პრესის 10 ყველაზე დიდი წარმომადგენელი ჩამოვიდა. ესენი იყვნენ Financial Times, Washington Post, Times, Daily Mirror და სხვები. და Financial Times-მა მაშინ ასეთი რამ დაწერა: „თუკი შეიძლება, რომ ქვეყანაში ასეთი ფესტივალი ჩატარდეს, როგორიც არის საჩუქარი, ესე იგი, ეს ქვეყანა დაუბრუნდა ევროპის რუკას.” პირველად დაიწერა ასეთი რამ და ეს დაწერა ფესტივალმა „საჩუქარმა”. მაშინ ეს გაზეთი, როგორც დროშა ეჭირა ზურაბ ჟვანიას და ყველას აჩვენებდა. 

თუმცა 1998 წლიდან დაიწყო პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელ მთავრობასთან წინასწარი შეთანხმება გვქონდა ფინანსურ მხარეზე – მართალია ჰონორარს არ იღებდნენ ჩვენი სტუმრები, მაგრამ ფინანსები ხომ გვჭირდებოდა მათი ტრანსპორტირებისთვის, ცხოვრებისა და კვებისთვის – უცებ ყველა გაქრა ჩემ გარშემო და ეს ყველა ხარჯი ამეკიდა მე. მიუხედავად ამისა, არც ერთი წელი არ გამიჩერებია ფესტივალი და მხოლოდ 2017 წელს ერთი ადამიანის დახმარებით გავთავისუფლდი ამ ვალებისგან. მაგრამ მე, რასაც ჰქვია, მივექაჩებოდი ამ ფესტივალს, რომ როგორმე დაარსებულიყო. მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოდიოდნენ თბილისში: ვანესა რედგრეივი, ფრანკო ნერო, პიტერ ბრუკი… სხვათა შორის, Პიტერ ბრუკს თურმე სძულდა თოჯინების თეატრი და ვეხვეწე, ოღონდ თქვენ ერთხელ 10 წუთი უყურეთ გაბრიაძეს და ნახავთ-მეთქი… მორჩა, ნახა ბრუკმა რეზო გაბრიაძე და გადაირია. მერე უკვე, მთელი ეს გასტროლები და ყველაფერი, პიტერმა ძალიან დიდი მეგობრობა გაუწია მას. შემდეგ კი, ამ ყველაფრის მიუხედავად, 2010 წელს საერთოდ გააჩერეს „საჩუქარი”, რადგან დაარსდა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ აღდგა. აი, ასე ვექაჩები წლიდან წლამდე და ასე მოვედით აქამდე. ახლაც ბევრი დაპირებაა, თუმცა ჯერჯერობით დაპირებად რჩება. ერთადერთი ფესტივალი ვართ, ვისი დირექტორებიც და გენერალური მენეჯერებიც ინტერნეტით ვირჩევთ პროგრამას. იმის საშუალებაც არ გვაქვს, რომ წელიწადში ერთხელ წავიდეთ მივლინებით და ვნახოთ, რაც ჩამოგვაქვს. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ეს მოგვარდება, რადგან „საჩუქარმა” თავისი ისტორიითა და ურთულესი განვლილი გზით დაიმსახურა, რომ სამუდამოდ იყოს ქალაქის ბიუჯეტში, როგორც სხვა ფესტივალებია.”

„საჩუქარის” 26-ე სეზონი 21 ოქტომბერს გაიხსნება. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო სპექტაკლების პრემიერები, ლექციები და საფესტივალო საუბრები. ღონისძიებებს თბილისის თეატრების სცენები და სახელოვნებო სივრცეები უმასპინძლებს. 

„წლევანდელ სეზონს გახსნის თეოდორ ტერზოპულოსის სპექტაკლი „ამორ”. შარშან გვქონდა მისი პირველი ნაწილი და მომავალ წელს ალბათ ჩამოვიტანთ ტრილოგიის მესამე ნაწილსაც. აღსანიშნავია, რომ ტერზოპულოსი უკვე ჩვენი ფესტივალის დირექტორატის წევრია. გვეწვევა ასევე იტალიელების ჯგუფი ლეონარდო მანძანის სპექტაკლით „დიდების კედელი”. წელს პროგრამაში იქნება ჩემი სპექტაკლიც „უფრო ძლიერი”. ჩვენ, როგორც წესი, ქართული პროგრამა არ გვაქვს ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იყო ედინბურგის დაკვეთა. უილიამ ბარდეტ კუტსმა მითხრა, რომ წლევანდელი ფესტივალისთვის სპექტაკლი დამედგა. ეს არის ორენოვანი სპექტაკლი – ინგლისურადაც ვთამაშობთ და ქართულადაც – ორივე ენაზე მიდის წარმოდგენა. ძალიან მოეწონათ ეს გადაწყვეტა ბრიტანეთში და პირველსავე დღეს ჯოის მაკმილანისგან ოთხი ვარსკვლავი მიიღო, რაც მისგან უმაღლესი შეფასებაა. მაგრამ ყველაზე საინტერესო წელს იქნება ტომ ლუცის, შვეიცარიელი რეჟისორის სპექტაკლი „გოგონა ნისლების ქარხნიდან”. ეს არის რაღაც ეფემერული დადგმა. ძალიან საინტერესოა იმით, რომ, აი, ადამიანი, რომელიც ვერაფერს ახორციელებს დღევანდელ სამყაროში, უცებ გადაწყვეტს, რომ ნისლისგან შექმნას თავისი სამყარო. დანარჩენს უკვე თავად ნახავს მაყურებელი აბრეშუმის ქარხანაში. 

ზოგადად, ის ადამიანები, ვინც ჩვენ ჩამოგვყავს და ის პროგრამა, რომელიც ჩამოგვაქვს, ეს არის საოცნებო. აბა, მოხვდით მათ სპექტაკლებზე უცხოეთში… ორი წელი უნდა ელოდოთ, რომ დასწრება მოახერხოთ. ჩვენ კი საშა ვალცი ლამის უფასოდ მივართვით მთელ საქართველოს.  ამიტომ ასეთ საქმეს დიდი დახმარება და გვერდში დგომა სჭირდება.”

ფესტივალი „საჩუქარი” 6 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტით დასრულდება. ფესტივალის პროგრამა შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Sexy Bicycle - Soon (Official Video)

Sexy Bicycle-ის ახალი სიმღერა და მუსიკალური კლიპი – Soon

შემდეგი სტატია

The Voice -ის ქართველმა მონაწილემ ნაილ ჰორანს უთხრა რომ One Direction-ის შესახებ ჩანახატებს წერდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

წინანდლის პრემია

2024 წლის „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების ცერემონია 12 დეკემბერს გაიმართება

ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის” ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების რვა დარგში 2024 წლის ნომინანტები გამოავლინა.
მეტი
„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლის „მშვიდობით, თემურ” პრემიერა შედგა

მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილის პიესა „მშვიდობით, თემურ” 20 წლის წინ არის დაწერილი, აბსურდის თემატიკით, გროტესკითა და შავი იუმორით სავსე ნაწარმოები აქტუალობას დღესაც არ კარგავს.
მეტი