სანდრო ბიბიჩ კვაჭაძემ მსმენელს ახალი პროექტი წარუდგინა. „სიტყვობანა” ერთსიტყვიანი კომპოზიციების სერიაა, სადაც თითოეული სიმღერა ერთ კონკრეტულ სიტყვას ეძღვნება. პირველი სიტყვა და შესაბამისად, პროექტის პირველი კომპოზიციაც „სიყვარულია”.
Სანდრო ბიბიჩ კვაჭაძე:
„სიტყვობანას” კონცეფცია ასეთია: ვიღებ ერთ სიტყვას, რომელიც იმ მომენტისთვის ემოციურად და ინტელექტუალურად ჩემთან ახლოსაა და მერე ამ სიტყვას „ვლუპავ” რამდენიმე წუთის განმავლობაში. ჩანაფიქრი მქონდა, რომ რაღაც მედიტაციასავით ყოფილიყო, აი, ძილის წინ რომ მოესმინა ადამიანს, ან თუნდაც გაღვიძებისას, რომ დამშვიდებულიყო და შემდეგ დაეწყო დღე ან დაემთავრებინა. Პირველი ასეთი სიტყვა არის სიყვარული, რომელიც მე ყველაზე მეტად მიყვარს და ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ადამიანის. არჩევანს აუცილებლად ჩემგან გამომდინარე ვაკეთებ. რასაც ჩემი გონება და ემოციური ნაწილი გადის იმ დროს, იმას ვაკავშირებ ჩემს მუსიკასთან და „სიყვარულიც” მაგის ნაყოფია. Შემდეგი რამდენიმე სიტყვაც მაქვს უკვე ჩანაფიქრში. Სიტყვებს ჯერ არ დავასახელებ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იქნება ერთი მიმართულებით, მაგალითად, მხოლოდ სერიოზული, სიღრმისეული სიტყვები. Შეიძლება იყოს რაღაც სისულელეებიც. მრავალფეროვანი იქნება და სად წამიყვანს, ეგეც საინტერესოა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო კომპოზიციის გრაფიკული დიზაინი და motion დიზაინი, რომელიც ჩემმა მეგობარმა ელენე ალავიძემ შექმნა.”
„Სიტყვობანასთან” ერთად ამ ეტაპზე სანდრო ბიბიჩა კიდევ არაერთ პროექტზე მუშაობს. მათ შორისაა მუსიკოსის პირველი ალბომი, პირველი ქართულენოვანი სიმღერა და აკაპელაში შესრულებული ქავერების სერია.
„Პირველ რიგში, ალბომზე ვიტყვი. Leno Records-ში ვწერ ჩემს სადებიუტო ალბომს, რომელსაც ჰქვია „აკაპელა”. 6 კომპოზიციისგან შედგება, რომლებიც მსმენელისთვის ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ალბომის გამოსვლამდე ერთ-ერთ მათგანს სინგლად გამოვცემთ. გვინდა, რომ მასზე ვიდეოკლიპიც გადავიღოთ, ჯერ ეს ვიდეო დავდოთ და შემდეგ უკვე ალბომი გამოვუშვათ. ასევე ვმუშაობ კიდევ ერთ სინგლზე, რომელიც იქნება ჩემი პირველი ქართულენოვანი სიმღერა. მელოდიაც და ტექსტიც ჩემია და მასზეც ვიდეოკლიპის გადაღებას ვგეგმავ. ეს სიმღერაც და ალბომიც, ვფიქრობ მომავალ წელს გამოვა. ხოლო წლევანდელ გეგმებს რაც შეეხება, მე დაწყებული მაქვს აკაპელა ქავერები ჩემს სოციალურ ქსელებში, სადაც მე თვითონ ვშლი ხმებში ამ სიმღერებს და თავადვე ვიღებ ვიდეოებს, თუ როგორ ვმღერი სათითაო ხმას. ახლა კი ვაპირებ, რომ ეს სერია ქართველ მომღერლებთან ერთად განვაგრძო. უკვე შეთანხმებული ვარ 5 ქართველ მომღერალთან და ნოემბერში უკვე დავიწყებთ მუშაობას.”